Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალი კორონავირუსის პანდემიაა გარეთ. 

დედა ძილის წინ ორ გოგონას  ზღაპრებს უკითხავს.

დღისით კი მისი რეჟიმი, სხვა დედების რეჟიმისგან საგრძნობლად არ განსხვავდება. ისიც  ამტვერსასრუტებს იატაკს, რეცხავს და  ამშრალებს ჭურჭელს, ამზადებს საუზმეს, სადილს, ვახშამს.  ასაუზმებს ოჯახს,  აბანავებს ბავშვებს და თმებს ვარცხნის, მერე  სასეირნოდ მიჰყავს ბავშვები საქანელებზე; ზოგჯერ, კარაოკეთი ერთობა შვილებთან ერთად;

მამას მყუდრო ადგილი უპოვია  სახლში და თავჩარგული ლეპტოპში  მუშაობს, მაგრამ თუ სახლში ორი პატარა  გოგონაც ცხოვრობს, ნეტავ როგორ წარმოუდგენია მუშაობა, როცა ისინი საწოლზე დახტიან?!… საღამოა, დაღლილი მშობლები დივანზე მიწოლილან და ისვენებენ. გოგონები უკვე დააძინეს და სახლში ჩამოვარდნილი სიწყნარით ტკბებიან.

იატაკზე მიმოფანტულ უამრავ ნივთს შორის, დედა ფანქარს და ფურცელს ამჩნევს და რაღაც, იდეა ჩნდება…

ყველასათვის ნაცნობი ყოველდღიურობის ამსახველი სურათი იშლება ჩვენს თვალწინ.  ამ სურათებს კი ავტორი ჰყავთ – ნესტან კვეკვესქირი. ნესტანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და  გოგონების – ხუთი წლის ლიზას და წლინახევრის ნინიას დედაა. ხატვა მისი ჰობი  არასდროს ყოფილა, მაგრამ პანდემიის ერთი მომქანცველი დღის საღამოს, უნებლიეთ, განსატვირთავად  დაიწყო ხატვა.

ერთ ნახატს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და  მათი კარანტინული ცხოვრების ეპიზოდები  ფურცელზე გაცოცხლდა  და ახალი  შინაარსით დაიტვირთა.  

“ერთ საღამოს ბავშვები დავაძინეთ მე და ჩემმა ქმარმა. ჩემს ქმარს,  იმ დღის ისტორიას ვუყვებოდი. ისტორია ასეთი იყო:  ნინიას ვბანდი, ჩემს უმცროს გოგონას და ამ დროს  ლიზამ, უფროსმა გოგონამ, გადამიღო ფოტო. ჩემს ქმარს  ვუყვებოდი, რა სასაცილო ფოტო გამოვიდა, კარგად დაიხატებოდა-მეთქი და თან ვხატავდი.  დავხატე საკუთარი თავი, სადაც  ვიდექი მე, მეჭირა ჩემი პატარა შვილი ხელში და გვერდით მედგა ლიზა, ჩემი უფროსი გოგონა , რომელსაც ეცვა პრინცესას კაბა. ჩემმა ქმარმა მე რატომ “დამჩაგრეო” და დავპირდი რომ მასაც დავხატავდი და  დავხატე ისიც. შემდეგ ვიფიქრე ისიც ხომ არ დავხატო ბავშვს რომ ვბან,  სახალისო იქნება-მეთქი და ამას მოჰყვა სხვადასხვა ოჯახური სიტუაციები და ასე დავიწყე ხატვა.”- გვიყვება ნესტანი. 

ასე გადავიდა დღეები ნახატებში და ნესტანიც ხატვას მაშინ იწყებდა, როდესაც ბავშვებს დააძინებდა ანუ  სააღამოობით. უფროს გოგონას – ლიზას  ძალიან მოსწონს დედის ახალი საქმე, რადგან თვითონაც უყვარს ხატვა და უმცროსი დაიკოს შუადღის ძილში დედა-შვილი ერთად ხატავენ, ხან რას და ხან რას, გოგონას პონებით და პრინცესას კაბებით. 

“ადრე თვითონ (ლიზა) მთხოვდა, ეს დამიხატე, ის დამიხატე, მამა დამიხატე, ეს ჩააცვი და ის ჩააცვიო და თავისი შეკვეთები აქვს. ახლა ჩემი ქმარიც ჩაერთო ამ ამბებში და ყოველდღე მეკითხება:”აბა, დღეს გაქვს იდეა? რას დახატავ?”-  ყველა ელოდება ახალი რა იქნება- ამბობს ნესტანი. 

ნესტანის ნახატებს  სასიამოვნო განწყობა მოაქვს, ისეთი როგორიც საბავშვო წიგნების ილუსტრაციების ნახვისას გვეუფლება. 

ჯერჯერობით,  ნესტანმა არ იცის , როგორ გაგრძელდება მისი სპონტანურად დაწყებული ნახატების ბედი, მაგრამ  იცის, რომ მოსწონს და ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი  და იმასაც ფიქრობს –  იქნებ, ილუსტრაციის ხატვა ისწავლოს და  ონლაინ კურსები გაიაროს. მეუღლე  და მეგობრებიც ამაში არწმუნებენ, რომ ნამდვილად ღირს ამ საქმის გაგრძელება.  და, რა ვიცით, იქნებ ცოტა ხანში კიდევ ერთი საბავშვო ილუსტრატორიც გვყავდეს, რომელიც ბევრი შთამბეჭდავი და საყვარელი ილუსტრაციით გაგვანებივრებს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5