ორსულობას ბევრი ფიზიოლოგიური ცვლილება ერთვის თან. შესაძლოა ამ პერიოდმა იდეალურად ჩაიაროს: კანი გასხივოსნებული გქონდეთ, არავითარმა პრობლემამ არ იჩინოს თავი, თუმცა ხშირია აკნე, ჰიპერპიგმენტაცია, კანის ძლიერი სიმშრალე, დერმატიტი და სხვ.
კანის მოვლის საშუალებების გამოყენებისას სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ გარეგანი გამოყენების პროდუქტებს, რადგან სხვადასხვა ინგრედიენტებს კანში შეწოვადობის პროცენტი განსხვავებული აქვს. მაღალი შეწოვადობის კოეფიციენტი კი ზოგი ინგრედიენტის შემთხვევაში შეიძლება არასასურველი იყოს ნაყოფის განვითარებისათვის.
დღეს გიამბობთ, რომელ კოსმეტიკურ ინგრედიენტებს უნდა ავარიდოთ თავი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ორსულების ძირითადი პრობლემა მელაზმა, ჰორმონალური აკნე, ან კანის სიმშრალეა, ახლა კი პირბადის ტარების გამო გაჩენილმა აკნემაც (მასკნე) იჩინა თავი. აკნეს სამკურნალო უამრავი ინგრედიენტიდან არის რამდენიმე, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ ორსულობის პერიოდში. ასევე უმჯობესია, თუ არ ეწევით თვითმკურნალობას და კანის პრობლემების შემთხვევაში მიმართავთ დერმატოლოგს.
პირველი ინგრედიენტია რეტინოლი (A ვიტამინის კოსმეტიკური ფორმა, რეტინოიდები (Retinol, Retinoid, Retinoic Acid, Adapelene, Tazoretene, Roaccutane) და A ვიტამინის სხვადასხვა ფორმები.
როაკუტანის და აკუტანის პერორალურად მიღება აკრძალულია ორსულებში, რადგან შესაძლოა ხელი შეუშალოს ნაყოფის განვითარებას, რისკია რომ გამოიწვიოს ფიზიკური ანომალიები.
პერორალურისგან განსხვავებით, გარეგანი მოხმარების A ვიტამინის პროდუქტებს მსგავსი თვისებები არ გამოუვლენია, რადგან კანი მათ მინიმალური რაოდენობით ითვისებს (ტრეტინოინი 0.05%). ბოლო დროს (2012 წ.) ჩატარებული კვლევის მიხედვით, რეტინოიდების მოხმარებას ვადამდელი მშობიარობა, ნაყოფის ანომალიები ან სხვა გართულებები არ გამოუწვევია. თუმცა, მინიმალური რისკების მიუხედავად, ექიმები მის გამოყენებას რეკომენდაციას დღემდე არ უწევენ.
თუმცა, თუ რეტინოლის შემცველ პროდუქტს იყენებდით, ნუ დაპანიკდებით, უბრალოდ შეწყვიტეთ მოხმარება და თქვენს მკურნალ ექიმს გაუსაუბრეთ.
ჰიდროქინონი (Hydroquinone) ძალიან ეფექტური ინგრედიენტი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ, რომელიც ბევრ ქვეყანაში გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. ვინაიდან 35%–45.3% შეიწოვება კანში, ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება სასურველი არაა.
სულფური (sulfur), მიუხედავად იმისა, რომ არ არის ცნობილი სულფურით გამოწვეული ნაყოფის დეფექტების შესახებ, მისი გარეგანი მოხმარების პროდუქტებში გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო და წამყვანი დერმატოლოგები არ უწევენ რეკომენდაციას.
აჯობებს, თუ ორსულობის პერიოდში მოერიდებით ხელოვნურ და ბუნებრივ სურნელოვან დანამატებს (fragrance, parfume, essential oil) კანის მოვლის პროდუქტებში, რადგან ამ პერიოდში კანი საკმაოდ სენსიტიურია და უმჯობესია, თუ მას დამატებით სტრესს არ მივანიჭებთ.
არ დაგავიწყდეთ მზისგან დაცვა.
კანის მოვლის საკითხებზე ეწვიეთ ბლოგს ნინიამ რაო.