Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბევრ ბავშვს ხანდახან უჩნდება შემაწუხებელი აზრები და შეიძლება იგრძნონ, რომ რაღაც უნდა გააკეთონ ამ ფიქრებთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ მათ ქმედებებს ნამდვილად არ აქვს აზრი. მაგალითად, ჩათვალონ, რომ ცუდი დღე ექნებათ, თუ არ ჩააცმევენ საყვარელ ტანსაცმელს. ზოგიერთი ბავშვისთვის ეს აზრები და მოთხოვნილება – გააკეთოს რაიმე ამ აზრების წინააღმდეგ –  გრძელდება, მაშინაც კი, თუ ის ცდილობს მათ უგულებელყოფას ან გაქრობას. ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), როდესაც არასასურველი აზრები და ქცევები, რომლებიც მათ უნდა გააკეთონ ამ აზრების გამო, ხშირად მეორდება, მიაქვს დიდი დრო (დღეში ერთ საათზე მეტი), ხელს უშლის საქმიანობებში ან ძალიან აწუხებს მათ. ამ ფიქრებს ობსესიას (აკვიატებას) უწოდებენ, ქცევებს კი – კომპულსიას (იძულებითი ქცევა).

OCD-ს სიმპტომები:

OCD-ს ქონა ნიშნავს აკვიატებულ აზრებს, ქცევებს ან ორივეს ერთად.

ობსესიური ან კომპულსიური ქცევის მაგალითებია:

  • არასასურველი აზრები, იმპულსები ან გამოსახულებები, რომელიც მეორდება და იწვევს შფოთვას ან სტრესს.
  • რაიმეზე  გამეორებით ფიქრი ან ლაპარაკი. მაგალითად, დათვლა ან სიტყვების გამეორება ისევ და ისევ ჩუმად ან ხმამაღლა.
  • რაღაცის კეთება გამეორებით. მაგალითად, ხელების დაბანა, საგნების კონკრეტული მიმდევრობით დალაგება, მრავალჯერ შემოწმება, დაიკეტა კარი თუ არა.
  • რაღაცის კეთება გარკვეული წესების მიხედვით, რომლებიც ზუსტად უნდა დაიცვან იმისთვის, რომ აკვიატება გაქრეს.

ბავშვები ამ ქცევებს სჩადიან, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ ამით ხელს შეუშლიან ცუდი მოვლენების განვითარებას ან ეს მათ თავს უკეთესად აგრძნობინებს. თუმცა, ქცევა, როგორც წესი, ეს არ არის დაკავშირებული რაიმე  რეალურ საფრთხესთან.

გავრცელებული მითია, რომ გქონდეს OCD, ნიშნავს – იყო ნამდვილად სუფთა და მოწესრიგებული. ზოგჯერ, ეს ქცევები შეიძლება მოიცავდეს დალაგებას, მაგრამ ხშირად OCD-ს მქონე ადამიანი ზედმეტად ორიენტირებულია ერთ რამეზე, რომელიც უნდა გაკეთდეს არაერთხელ, ვიდრე ორგანიზებულობაზე. ასევე, ობსესიები და კომპულსიები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.

როგორ მკურნალობენ OCD-ს?

პირველ რიგში საჭიროა ფსიქიატრის შეფასება, რომელიც შეისწავლის, ეს ფიქრები და ქცევები ეფუძნება მოგონებებს რეალურად მომხდარი ტრავმული მოვლენის შესახებ, თუ  სხვა აზრები ან რწმენებია მიზეზი. ასევე მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, ხომ არ აქვს ბავშვს შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქცევით თერაპიას და მედიკამენტებს. ქცევითი თერაპია, კონკრეტულად კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, ეხმარება ბავშვს შეცვალოს ნეგატიური აზრები აზროვნების უფრო პოზიტიურ, ეფექტურ ხერხებად, რაც იწვევს უფრო ეფექტურ ქცევას. OCD-ის ქცევითი თერაპია შეიძლება მოიცავდეს ბავშვების შიშების თანდათანობით  გამოვლენას უსაფრთხო გარემოში; ეს ეხმარება მათ გაიგონ, რომ ცუდი რამ ნამდვილად არ მოხდება, როდესაც ისინი არ გააკეთებენ ქცევას, რაც საბოლოოდ ამცირებს მათ შფოთვას. მხოლოდ ქცევითი თერაპია შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ზოგიერთ ბავშვს სჭირდება მედიკამენტებიც. ოჯახებს და სკოლებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს სტრესის მართვაში თერაპიის პროცესში მონაწილეობით და  სწავლით, თუ როგორ უპასუხონ მხარდაჭერით ისე, რომ შემთხვევით არ უბიძგონ აკვიატებული აზრებისკენ ან ქცევებისკენ.

წყარო: ამერიკის პედიატრიის აკადემია

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5