Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ჩვილები ძილის 50 %-ს ატარებენ REM (თვალების სწრაფი მოძრაობის) ძილში, მოზრდილები – 20%-ს. REM ძილის დროს სხეული მოდუნებულია, ტვინი კი აქტიური რჩება. ბავშვი შეიძლება ბორგავდეს, ბრუნავდეს, თვალები ნახევრად ღია ჰქონდეს და მეტად ოფლიანობდეს, ვიდრე უფროსები.  

ასევე, ბავშვს შეიძლება სცხელოდეს და ამიტომ ოფლიანობდეს ღამით. გახსოვდეთ, რომ გადახურება ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. ამიტომ ჩააცვით მათ კომფორტულად და უზრუნველყავით კომფორტული ტემპერატურა საძინებელში. მოაცილეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, სათამაშოები, გამოსაკრავები ე.წ. „ბამპერები“, რათა შეამციროთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი.  არ გადაახუროთ ბავშვი. იმისათვის, რომ თბილად იყოს, სცადეთ საძილე ტომარა ან სხვა საძილე ტანსაცმელი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით გადასაფარებელს. ნუ დაახურავთ თავზე.

ბუნებრივია, რომ ბავშვს სცხელოდეს, როცა ოთახში მაღალი ტემპერატურაა ან ამინდთან შეუსაბამოდ აცვია. თუმცა, თუ თქვენს პატარას შილიფად აცვია, ოთახში ნორმალური ტემპერატურაა და ის მაინც ზედმეტად ოფლიანდება, გაესაუბრეთ ექიმს ამის შესახებ. ოფლიანობა ძალიან ხშირია, მაგრამ ჭარბი ოფლიანობა შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც არ არის წესრიგში. მაგალითად, ჭარბი ოფლიანობა – განსაკუთრებით ჭამის დროს – შეიძლება იყოს გულის თანდაყოლილი დაავადების, ასევე ავადმყოფობის ან ინფექციის ნიშანი.

ჭარბი ოფლიანობის მიზეზები ბავშვებში

გადახურება. ვინაიდან ჩვილებს (განსაკუთრებით ახალშობილებს) აქვთ განუვითარებელი ნერვული სისტემა, მათ არ შეუძლიათ ტემპერატურის რეგულირება ისე, როგორც მოზრდილებს. თუ თქვენი პატარა ოფლიანობს, შეეცადეთ ოდნავ გააგრილოთ ოთახი ან გაათავისუფლოთ ზედმეტი ტანსაცმლისგან. ჩააცვით თქვენს პატარას იმდენ ფენად, რამდენიც თქვენთვისაა კომფორტული მოცემული ტემპერატურის პირობებში.

ტირილი. ჩვილები ბევრს ტირიან, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. შეიძლება ძლიერი ტირილის დროს ბავშვები ძალიან გაოფლიანდნენ და ეს ნორმალურია.

ცხელება. თუ თქვენი პატარა უჩვეულოდ ოფლიანობს და ვერ ხვდებით ამის მიზეზს, შეუმოწმეთ ტემპერატურა. თუ ბავშვი 2 თვემდე ასაკისაა და სიცხე აქვს, დაურეკეთ ექიმს.

გულის თანდაყოლილი დაავადება. ზოგიერთმა სამედიცინო მდგომარეობამ, როგორიცაა გულის დაავადება, შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ჭარბი ოფლიანობა. მსგავსი მდგომარეობები საკმაოდ იშვიათია და როგორც წესი, დაბადებისთანავე ამოწმებენ ახალშობილებს ამაზე.  თუმცა ყოველთვის აჯობებს, თუ ექიმს გაესაუბრებით იმ ეჭვებზე, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაწუხებთ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5