პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი დარინა დუმბაძე.
ჩვენი საარსებო გარემო მეტწილად განსაზღვრავს ჩვენს ინდივიდუალურ თავისებურებას და დამოკიდებულებას სამყაროსადმი. რას სწავლობს ბავშვი ოჯახისგან და რა გავლენას ახდენს ოჯახური გარემო მის განვითარებაზე?
ბავშვი უნიკალური არსებაა, რომლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს ბიოფსიქოსოციალური ფაქტორი, აქ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ბავშვის პირველ სოციალურ გარემოზე ოჯახზე და მის როლზე განვითარებაში;
ზოგიერთი ბავშვი სწავლობს იმით, თუ რას ვეუბნებით, ხოლო ბავშვის უმეტესობა კი – ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით, ისინი აკვირდებიან ჩვენს ქცევებს და იმეორებენ. მაგალითად: თუ გვინდა ბავშვს უყვარდეს კითხვა და ძირითადად გვხედავს ტელეფონში ან საოჯახო საქმეებში და წიგნებს მხოლოდ თაროზე ან ზოგჯერ ვერც კი ხედავს, როგორ შეიძლება შევაყვაროთ ის?
ბავშვის აღზრდა ოჯახში რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც მოითხოვს მშობლების მხრიდან მოთმინებას, სიმშვიდეს, ყურადღებას, გაწონასწორებულობას, სიყვარულს და სხვა.
ოჯახური აღზრდის სპეციფიკა განისაზღვრება, როგორც მისი სტრუქტურით, აღზრდის სტილით, მშობლის აღმზრდელობითი ფუნქციის მზაობის ხარისხით, მათი პიროვნული თავისებურებებითა და გამოცდილებით, ასევე საყოფაცხოვრებო და სხვა გარემო პირობებითაც.
ერიკ ერიქსონის ფსიქო-სოციალური სტადიების განხილვის შედეგად კარგად ჩანს, რომ სწორედ მშობლების ურთიერთდამოკიდებულება და შეფასებები განსაზღვრავს დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას, მორალურ მხარდაჭერას, ბავშვში სტაბილური, ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას, ავტონომიურობის, ინიციატივის, შრომისმოყვარეობის, პასუხისმგებლობის განვითარებას. ამგვარად, ოჯახი და ოჯახში ყოველი წევრის, განსაკუთრებით კი მშობლის პიროვნული მახასიათებლები და ღირებულებათა სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში.
მშობლების მზრუნველობა, მათი სიყვარულისა და სითბოს, თანაგანმცდელობისა და მხარდაჭერის გამოვლენა აუცილებელია ბავშვის სიცოცხლისუნარიანობისთვის.
დაბადებიდან ერთ წლამდე ბავშვები განსაკუთრებით ითხოვენ ჩახუტებას და მოფერებას, სითბო და ფიზიკური სიახლოვე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში უვითარდებათ სამყაროსადმი ნდობა. თუ მშობელი დროულად რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე და ხშირად ეფერება, ის იზრდება მშვიდი და სამყაროსადმი ნდობით აღჭურვილი.
ასევე მნიშვნელოვანია და უნდა აღვნიშნო 3 წლის ასაკი, ხშირად გსმენიათ ალბათ 3 წლიანების კრიზისი, ამ დროს ბავშვს უყალიბდება მე სტრუქტურა, რაც ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების უფროსებისათვის და საკუთარი თავისთვის „დამტკიცება“, მაგალითად: როდესაც ვცდილობთ შევუკრათ თასმა, „გვიჯიუტდებიან“ – არა, ჩემით, მე თვითონ და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვს დაველოდოთ, მივცეთ შესაძლებლობა და წავახალისოთ მათი მცდელობა, გამოვიყენოთ სიტყვები „მოდი, ერთად გავაკეთოთ“ და არა „მოდი, მე გავაკეთებ“. ამ ასაკში ხშირად ყალიბდება თვითშეფასება.
როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ბავშვობის პერიოდში თითოეული ასაკი მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს, რომ შვილის აღზრდა მეტად ფაქიზი, საპასუხისმგებლო და ხანგრძლივი პროცესია. ის მრავალ დადებით და უარყოფით ფაქტორებზეა დამოკიდებული. ბავშვის განვითარების პროცესში უფროსების არასწორი ქმედება მასში დანაშაულის შეგრძნებისა და დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ზოგადად, სწორი აღზრდის მთავარი მიზანია, რომ ბავშვებში და მოზარდებში გააღვივოს მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვის სურვილი და შეუქმნას საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების თვითრეალიზაციის მოტივაცია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა კარგად გააანალიზოს საკუთარი როლი შვილის აღზრდის პროცესში.
თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ თავისუფალი დრო და პირადი სივრცე ჯანსაღი დასვენებისათვის და თავიანთი საყვარელი საქმიანობებისათვის, რადგან ბავშვის აღზრდა მოითხოვს სიმშვიდეს, ყურადღებას და ბევრ კომპონენტს, რომლის ენერგიაც ხშირად შეიძლება არ გვეყოს. ერთია, ვიყოთ მშობლები, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ამასთან არ დაგვავიწყდეს ჩვენი სხვა როლები (მეუღლე, მეგობარი, ნათესავი, თანამშრომელი და სხვა).