Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “გამმას” აკადემიური თერაპიის სამსახურის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნესტან კაპანაძე. 

გვესაუბრეთ  ოპოზიციურგამომწვევ ქცევით აშლილობაზე, როგორ გამოიხატება ოპოზიციურგამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოზარდის ურთიერთობა სასკოლო გარემოში და რა სტრატეგიით უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა

ცნობილია, რომ მოსწავლეები, რომელთაც აღენიშნებათ ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობა, ბევრ სირთულეებს აწყდებიან საკლასო გარემოში და პრობლემებს უქმნიან მასწავლებლებსაც. ასეთი მოსწავლეები ცდილობენ მოიპოვონ და შეინარჩუნონ კონტროლი წესების დარღვევითა და კამათის პროვოცირებით. მასწავლებლებისთვის მათი ქცევა არის სტრესის მთავარი წყარო და პროფესიიდან გასვლის მიზეზიც.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობისთვის დამახასიათებელია „გაღიზიანებული განწყობა გამომწვევი ქცევით ან შურისძიებით, რომელიც გრძელდება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში“.  

ბავშვები, რომლებსაც აქვთ ქცევის ამ ტიპის დარღვევა:

  •  ხშირად კამათობენ უფროსებთან;
  •  უარს ამბობენ იმაზე, რასაც ზრდასრული ითხოვს;
  •  ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებენ წესებს და უარს ამბობენ წესების დაცვაზე;
  •  იქცევიან ისე, რომ გააღიზიანონ სხვები, მათ შორის უფროსებიც;
  •  ადანაშაულებენ სხვებს საკუთარ ცუდ საქციელში ან შეცდომებში;
  •  ხშირად არიან გაბრაზებულები;
  •  საუბრობენ უხეშად;
  •  ცდილობენ შურისძიებას.

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობამ მომავალში შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ბავშვის ცხოვრების ყველა სფეროში, რაც შეიძლება გამოვლინდეს:  

  •  ცუდი აკადემიური მოსწრებით;
  •  ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობებით;
  •  ქცევის დარღვევით;
  •  ანტისოციალური პიროვნული აშლილობით;
  •  სხვადასხვა ნივთიერების ბოროტად გამოყენებით;
  •  სუიციდური აზრებით. 

ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვების პრობლემური ქცევა არღვევს არა მხოლოდ მათი, არამედ გარშემომყოფების, თანაკლასელებისა და მასწავლებლების სიმშვიდეს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ მდგომარეობის ამოცნობა და შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება სასკოლო გარემოში.

როგორ შევქმნათ შესაბამისი სასწავლო გარემო

ყველაზე მნიშვნელოვანია, იძულების ნეგატიური ციკლის გარღვევა და ქცევითი პრობლემების მოგვარება. უმჯობესია პოზიტიური და პროაქტიული სტრატეგიების გამოყენება: ყურადღების გამახვილება პოზიტიურ ქცევაზე და ნეგატიური ქცევის იგნორირება. 

პრობლემური ქცევის გამოვლენამდე საჭიროა განვსაზღვროთ  „სიგნალები“, რომელთა ამოცნობა მასწავლებელს საშუალებას მისცემს მოემზადოს და თავიდან აირიდოს სირთულე. ასეთი „სიგნალი“ შეიძლება იყოს ტრავმა ან დისტრესის ზრდადი ნიშნები, რომელიც მოსწავლეს აქვს. 

რეკომენდებულია არსებობდეს „განტვირთვის ადგილი“ (ოთახი კომფორტული სავარძლით, წამმზომით და სახატავი საშუალებებით) ანუ უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსწავლეს დამშვიდების საშუალება ექნება.

ასევე, ოპოზიციურ-გამომწვევი ქცევითი აშლილობის მქონე მოსწავლესთან ხშირი არაფორმალური შეხვედრა, საჭირო და მნიშვნელოვან დროს მასწავლებლის იოლი მისაწვდომობა,  თავის არიდება ულტიმატუმებისგან და მოსალოდნელი ქცევის გახმოვანება, ეფექტურ მიდგომად ითვლება და მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5