არსებობს რამდენიმე საკვები, რომლის მიღებისგან ორსულმა თავი უნდა შეიკავოს, რათა დაიცვას საკუთარი და ბავშვის ჯანმრთელობა. მიიღეთ მეტი ინფორმაცია, რომელი პროდუქტი არ არის თქვენთვის სასარგებლო ორსულობის პერიოდში.
- რბილი ყველი
ორსულებს ურჩევენ რბილი (მათ შორის თეთრიც და ცისფერიც) ყველის ჭამისგან თავშეკავებას, რადგან შეიძლება შეიცავდეს საშიშ ბაქტერია ლისტერიას. მიუხედავად იმისა, რომ ლისტერიოზის შემთხვევები იშვიათია, საჭიროა სიფრთხილე, რადგან ავადმყოფობის მსუბუქ ფორმასაც კი შეუძლია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის ან მძიმე დაავადების გამოწვევა ახალშობილებში.
თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ რბილი ყველი, თუ მას თერმულად დაამუშავებთ, მაგალითად, გამოაცხობთ ღუმელში. და ასევე, მაგარი ყველის ყველა სახეობა, მაგალითად ჩედერი, პარმეზანი, სტილტონი. თუნდაც ისინი არაპასტერიზებული რძით იყოს დამზადებული. მაგარი ყველი არ შეიცავს იმდენივე წყალს, რამდენსაც რბილი ყველი, ამიტომ მათში ბაქტერიები ნაკლებად იზრდება და ლისტერიის შემცველობის ალბათობაც დაბალია.
- უმი ან ნახევრად მოხარშული/შემწვარი კვერცხი
უმი კვერცხი შეიძლება შეიცავდეს სალმონელას, ამიტომ მოხარშეთ ან შეწვით კვერცხი იმ დონემდე, რომ ცილაც და გულიც გამყარდეს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით არა ქათმის კვერცხებთან, მაგალითად ბატის, იხვის, მწყრის კვერცხი ყოველთვის კარგად მოხარშეთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სალმონელოზი ბავშვს რამეს ავნებს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი და ღებინება.
- პაშტეტი
თავი არიდეთ ყველა სახეობის პაშტეტს, მათ შორის მცენარეულსაც, ლისტერიის საფრთხის გამო.
- უმი ხორცი
ტოქსოპლაზმოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს უმ ხორცში, არაპასტერიზებულ თხის რძეში, ნიადაგში, კატის განავალსა და წყალში.
თუ ორსულად ხართ, ამ ინფექციამ შეიძლება ავნოს პატარას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ტოქსოპლაზმოზი ორსულობის დროს ძალიან იშვიათია. ტოქსოპლაზმოზი ხშირად უსიმპტომოა, ამიტომ მიმართეთ ექიმს, თუ გგონიათ, რომ რისკის ქვეშ მოექეცით. თუ ორსულობისას დაავადდით, ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა შესაძლებელია.
ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად მიირთვით მხოლოდ კარგად შემწვარი ან მოხარშული ხორცი, გარეცხეთ ყველა ზედაპირი და ჭურჭელი ნედლი ხორცის მომზადების შემდეგ, მავნე ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. დაიბანეთ და გაიშრეთ ხელები მისი შეხების ან გამოყენების შემდეგ.
- ღვიძლი
არ ჭამოთ ღვიძლი და მისი შემცველი პროდუქტები, მაგალითად პაშტეტი, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, რაც შეიძლება საზიანო იყოს თქვენი პატარასთვის.
- ნანადირევი ხორცი
არ მიირთვათ ნანადირევი ხორცი, რადგან შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ტყვიას. სუპერმარკეტებში როგორც წესი გამოზრდილი ნანადირევის ხორცია, რომელშიც ტყვიის დონე ძალიან დაბალია. თუ დარწმუნებული არ ხართ, პროდუქტი ტყვიას შეიცავს თუ არა, ჰკითხეთ გამყიდველს.
- ვიტამინისა და თევზის ქონის დანამატები
ნუ მიიღებთ მაღალი დოზით მულტივიტამინებს, თევზის ღვიძლის ზეთის დანამატებს, ან სხვა დანამატებს A ვიტამინის შემცველობით.
- რძე და იოგურტი
მიირთვით პასტერიზებული და გრძელვადიანი რძე და მათგან დამზადებული იოგურტები.
- მიწით დაბინძურებული პროდუქტები
კარგად გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული და სალათის ფოთლები, რათა საფუძვლიანად მოაშოროთ მიწა.
- კოფეინი
დიდი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შეიძლება გამოწვიოს ნაყოფის მცირე წონა და ასევე, ზოგ შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტა.
ორსულობის დროს თქვენ შეგიძლიათ დღეში 200 მგ კოფეინის მიღება.
- ალკოჰოლი
თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. რადგან მან შეიძლება გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს თქვენს პატარას. რაც უფრო მეტს დალევთ, მით უფრო იზრდება რისკი.
წყარო: https://www.nhs.uk/conditions/pregnancy-and-baby/foods-to-avoid-pregnant/