პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მანანა ბაჩიაშვილი.
რა როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვალი ორსულობის ნორმალურად წარმართვაში?
ფარისებრი ჯირკვალი ენდოკრინული ორგანოა, რომელიც მოთავსებულია კისრის წინა ზედაპირზე, მისი ფუნქცია ჰორმონების გამოყოფაა. ეს ჰორმონები ახდენენ უმნიშვნელოვანეს გავლენას როგორც ორსულობის დადგომის, ასევე მისი ნორმალური წარმართვის თვალსაზრისით. ორსულობა შეიძლება საერთოდ არ დადგეს (ან ადრეულ ვადაზე შეწყდეს), თუ ფარისებრი ჯირკვალი გამართულად არ ფუნქციონირებს. ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები უდიდეს როლს ასრულებს ნაყოფის თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის 12 კვირამდე ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს და მთლიანად არის დამოკიდებული დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე, რასაც იღებს პლაცენტის საშუალებით. ორსულობის 12 კვირაზე ნაყოფის ფარისებრი იწყებს ფუნქციონირებას, თუმცა საკმარისი ჰორმონის გამოყოფას ვერ ახდენს ორსულობის 18-დან 20 კვირამდე ვადამდე.
რა ცვლილებებს განიცდის ორსულობისას ფარისებრი ჯირკვალი?
ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვალი განიცდის ფიზიოლოგიურ (რაც არ წარმოადგენს პათოლოგიას) ცვლილებებს, როგორებიცაა მისი მოცულობაში გაზრდა და ვასკულარიზაციის (სისხლმომარაგების) მომატება. გარდა ამისა, ორსულობასთან ასოცირებული ორი ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი და ესტროგენი იწვევენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გარდამავალ მომატებას სისხლში. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რის ხარჯზეც იმატებს თავისუფალი თიროქსინის, ხოლო იკლებს თირეოტროპული ჰორმონის დონე, შესაბამისად, ორსულ ქალებს შესაძლოა ჰქონდეთ TSH-ის უფრო დაბალი დონე, ვიდრე არაორსულ ქალბატონებს. პირველი ტრიმესტრის შემდეგ კი თიროქსინის დონე მცირდება დაახლოებით 10-15% ით, ხოლო თირეოტროპული ჰორმონი უბრუნდება ნორმის ფარგლებს. ჰორმონ ესტროგენის ხარჯზე კი ორსულობის ადრეულ ვადაზე იზრდება თიროქსინის დამაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – თავისუფალი თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის მნიშვნელოვან კლებას იწვევს.
გარდა ამისა, ორსულობის პერიოდში იცვლება დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პერიფერიული მეტაბოლიზმი, რაც პლაცენტის ფერმენტების არსებობითა და მათი აქტივობით არის განპირობებული.
რა გავლენას ახდენს ორსულობაზე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი იწვევს:
– ორსულობის შეწყვეტას ადრეულ ვადაზე;
– პრეეკლამფსიას (წნევის საგანგაშო მატებას ორსულობის ბოლო კვირებში);
– ანემიას;
– დაბადებისას ბავშვის მცირე წონას;
– ნაადრევ მშობიარობას;
– მკვდრადშობადობას;
– აფერხებს ნაყოფის თავის ტვინის ნორმალურ განვითარებას, რაც განაპირობებს დაბადების შემდგომ დაბალ IQ-ს და გონებრივი განვითარების შეფერხებას.
ყოველივე ზემოაღნიშნული შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული დროული და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში.
ნაყოფისთვის რა გართულებები შეიძლება მოიტანოს, თუ დროულად არ მოხერხდა ფარისებრის პრობლემის მართვა?
გარდა ჰიპოთირეოზისა, ორსულობის დროს მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება ანუ ჰიპერთირეოზი (თირეოტოქსიკოზი). აღნიშნულმა პათოლოგიამ ადეკვატური მკურნალობის გარეშე ასევე შეიძლება გამოიწვიოს მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, დაბადებისას ნაყოფის მცირე წონა, პრეეკლამფსია. ახალშობილს კი შეიძლება აღენიშნებოდეს გახშირებული გულისცემა (რამაც თავის მხრივ, შეიძლება მიგვიყვანოს გულის უკმარისობამდე), წონაში მატების შეფერხება, ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა,ჭირვეულობა. ზომაში გადიდებულმა ფარისებრმა ჯირკვალმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ტრაქეაზე ზეწოლა და სუნთვის გაძნელება.
როგორ უნდა იმკურნალოს ორსულმა ქალმა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება აღენიშნება?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას აუცილებელია მკურნალობა ლევოთიროქსინით, რასაც ჩანაცვლებით თერაპიას ვუწოდებთ. ლევოთიროქსინი არის სინთეზური ანალოგი იმავე ჰორმონისა, რასაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს (T4), შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც დედის, ასევე ნაყოფისათვის და მისი მიღება არ იწვევს არანაირ გართულებას, თუკი მკურნალობა ხდება ადეკვატური დოზირებით და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული სტატუსის მუდმივი კონტროლის ფონზე. აღნიშნული კონტროლი ტარდება ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ ორსულობის პირველ ნახევარში და მინიმუმ 1-ჯერ მაინც 30 -ე კვირის შემდეგ.
უკანასკნელ წლებში საკმაოდ გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომლებიც ოპერაციულ ან რადიოაქტიური იოდით მკურნალობას საჭიროებენ. აღნიშნული მკურნალობის შემდგომ პაციენტს ენიშნება მუდმივი ჩანაცვლებითი თერაპია ლევოთიროქსინით, რაც რასაკვირველია, უნდა გაგრძელდეს ორსულობის პერიოდშიც. გავრცელებულია მითი, რომ ზემოაღნიშნული ხელს უშლის ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ დროს, ისევე როგორც სხვა მიზეზებით გამოწვეული ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მუდმივი მონიტორინგი და ადეკვატური დოზირების შერჩევა.
რა კვლევები უნდა ჩაიტაროს ორსულმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსარიცხად?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსარიცხად რეკომენდებულია კვლევები ჩატარდეს ორსულობის დაგეგმვამდეც. ორსულობამდე არსებულმა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა შეიძლება გამოიწვიოს უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც საჭიროებს ადეკვატურ მკურნალობას.
იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე დიაგნოსტირებულია ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია, რეკომენდებულია ორსულობის დადასტურებისთანავე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული სტატუსის შეფასება, რადგან ორსულობაში იცვლება როგორც მედიკამენტების დოზირება, ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი ჩანაცვლება სხვა პრეპარატებით.
იმ შემთხვევაში, თუ ორსულობამდე პაციენტს არასოდეს აქვს ჩატარებული ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი და ჰორმონული გამოკვლევა ჩატარდეს ორსულობის რაც შეიძლება ადრეულ ვადაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული რიგი ზემოაღნიშნული გართულებები. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დადასტურების შემთხვევაში, ორსულობის პერიოდში უნდა მოხდეს ჰორმონული სტატუსის მკაცრი და მუდმივი კონტროლი, მედიკამენტების სწორი დოზირების შესარჩევად.
გასათვალისწინებელია, რომ ორსულებისათვის განსაზღვრულია ჰორმონების სხვა ნორმები, რომელიც დამოკიდებულია ანალიზის ჩატარების მეთოდსა და შესაბამის ტრიმესტრზე. აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ მიღებული ნორმები, რაც გათვალისწინებულია არაორსული ადამიანებისთვის, ორსულებში არ გამოიყენება. შესაბამისად, აუცილებელია ექიმი-ენდოკრინოლოგის ჩართულობა გამოკვლევების შედეგების სწორი შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატური მკურნალობის დანიშვნისათვის.