ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, არ არსებობს ინფორმაცია კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ორსულობის დროს, თუმცა ორსულები, ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად, სხვადასხვა დაავადების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადები არიან. გაგუას კლინიკის დირექტორი და მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა, ორსულობასთან და კორონავირუსთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტუალურ კითხვაზე გვპასუხობს.
მართალია, არ არსებობს ინფორმაცია ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ორსულობის დროს, მაგრამ საკითხი მაინც აქტუალურია. როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა კორონავირუსის საფრთხისგან, არსებობს რაიმე სპეციალური რეკომენდაცია ორსულებისთვის?
ჩემი რჩევა იქნება ორსულებმა მაქსიმალურად დაიცვან ზოგადი რეკომენდაციები, რაც ყველასთვის სავალდებულოა და ასევე, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ამ წესების შესრულებას. ეს ის რეკომენდაციებია, რომელსაც საზოგადოდ ყველა ვითვალისწინებთ: ხელების ხშირი დაბანა, კონტაქტების შემცირება და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება. ორსულების შემთხვევაში სოციალური დისტანცირება კიდევ მეტად აქტუალურია.
როგორი იქნება კორონავირუსით დაინფიცირებული ორსულის მკურნალობის სტრატეგია?
ჯერჯერობით, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს რა გავლენას ახდენს ახალი კორონავირუსი ორსულობაზე და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ახალი ვირუსია და ბოლომდე შესწავლილი არ არის მისი ხასიათი. თუ დაინფიცირებული ორსული პაციენტი გვეყოლება, სამეანო და საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე იმ დროისთვის არსებული რეკომენდაციებითაა და პროტოკოლებით ვიხელმძღვანელებთ. მშობიარობის დროს რეკომენდირებულია უწყვეტი ელექტრონული მონიტორინგი.
გადაეცემა თუ არა ვირუსი ბავშვს დედისგან მუცლადყოფნის პერიოდში და ასევე, დედის რძისგან?
ახალი კორონავირუსის დედიდან ახალშობილზე ვერტიკალური გადაცემა დადგენილი არ არის. რადგან ჭიპლარის სისხლში, სითხეში, პლაცენტაში და დედის რძეში არ არის აღმოჩენილი ვირუსი, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვირუსი არ გადაეცემა ნაყოფს დედისგან და ასევე არ გადაეცემა დედის რძისგან. იყო რამდენიმე შემთხვევა ახალშობილის დაინფიცირებისა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს არ იყო ვერტიკალურ ტრანსმისია.
როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია დასაქმებული ორსულების მიმართ. უნდა იაროს თუ არა ორსულმა ასეთ ვითარებაში სამსახურში?
ჩვენ ორსულებს ასეთ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ თუ შესაძლებელია, არ იაროს სამსახურში, მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს და გაითვალისწინოს პრევენციისთვის გათვალისწინებული ყველა რეკომენდაცია.