საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ორსულთა გზამკვლევი – „პერინატალური სერვისების განხორციელება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების დროს“.
გზამკვლევი ანტე- და პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს აძლევს შემდეგ რეკომენდაციებს:
- კლინიკამ აღრიცხვაზე მყოფ ორსულს ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა დისტანციური საშუალებებით უნდა მიაწოდოს რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.
- ორსულობის პერიოდში, მწვავე რესპირატორული სიმპტომების (ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, სხვ.) გამოვლენისას, ორსულმა უნდა დაურეკოს ოჯახის ექიმს ან მეან-გინეკოლოგს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ჩივილების შესახებ. ექიმმა უნდა დაუსვას კითხვები მოგზაურობის ისტორიასთან დაკავშირებით და ასევე, ხომ არ ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ით დაინფიცირებისათვის მომატებული რისკის მქონე ადამიანთან.
- იმ შემთხვევაში, როდესაც ანამნეზით კორონავირუსით დაინფიცირების სარისკო კონტაქტი გამოირიცხება, ორსულის მართვა (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე) ხორციელდება ოჯახის ექიმის მიერ ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ ექიმ-მეან გინეკოლოგთან კომუნიკაციით, პაციენტის მდგომარეობისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით;
- თუ დისტანციური კავშირი არასაკმარისია, დაწესებულებაში ვიზიტი ჩანიშნულ უნდა იქნას დროის ისეთ პერიოდში, როდესაც სრულად იქნება გამორიცხული სხვა პაციენტებთან კონტაქტი; ორსულს უნდა ეკეთოს ნიღაბი და კლინიკაში შესვლის წინ ხელები დაიმუშავოს ხელის ანტისეპტიკური ხსნარით. სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ ყველა პირს უნდა ეკეთოს ქირურგიული ნიღაბი და მკაცრად იცავდეს უსაფრთხოების სათანადო ზომებს;
- „ყველა ორსული, რომლებიც წარმოადგენენ COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევას (მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა), ექვემდებარება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას;
- ორსულები, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში/თვითიზოლაციაში, რესპირატორული ინფექციის ნიშნების (მაღალი ტემპერატურა, ხველა, ქოშინი და ა.შ) გამოვლენისთანავე ექვემდებარებიან მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა.“
- COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ორსულის სტაციონარში ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილებას იღებს ოჯახის ექიმი და მეან-გინეკოლოგი დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით;
წყარო: https://www.facebook.com/ncdcgeorgia/posts/2880300312057880?__tn__=K-R