Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას „დედამ იცის” ესაუბრება ქირურგი-ოტორინოლარინგოლოგი მარიამ ტაბატაძე. 

რა იწვევს ყურის ინფექციას ბავშვებში და რა ჩივილებით გამოიხატება

შუა ყურის მწვავე ინფექციები (მწვავე შუა ოტიტი) ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბავშვებში შუა ყურის ინფექციების განვითარებას: 

ასაკი: ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან შუა ყურის ინფექციებისკენ, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათი ევსტაქის მილები (პატარა მილები, რომლებიც შუა ყურს ცხვირ-ხახასთან აკავშირებს) უფრო მოკლეა და მდებარეობს ჰორიზონტალურად. ეს აადვილებს ბაქტერიების ან ვირუსების გადაადგილებას ყელიდან შუა ყურში. 

რესპირატორული ინფექციები: შუა ყურის ინფექციების უმეტესობა გამოწვეულია ვირუსებით ან ბაქტერიებით, რომლებიც ასევე იწვევენ რესპირატორულ ინფექციებს, როგორიცაა გაციება ან გრიპი. ამ ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ევსტაქის მილების ანთება და შეშუპება, სითხის შეკავება და ინფექციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. 

სეზონური ალერგია: ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ანთება და შეშუპება ცხვირის სავალებსა და ევსტაქის მილებში, რაც ზრდის ინფექციის რისკს. 

ადენოიდების ჰიპერტროფია: ადენოიდები ლიმფური სისტემის ნაწილია და მდებარეობს ცხვირ-ხახაში. მათი ზომაში მომატების შემთხვევაში (გაციება,  გრიპი, ალერგია) ხშირად ვითარდება ევსტაქის მილების ანთება, შეშუპება და შუა ყურში მწვავე ანთებითი ცვლილებები. 

შუა ყურის მწვავე ანთების დროს ჩივილები დამოკიდებულია ანთების ტიპზე. 

საყურადღებო ჩივილებია: ყურის ტკივილი, გაღიზიანებადობა, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მატება, ძილის დარღვევა, გამონადენი ყურიდან,  ზეწოლისა და სიმძიმის შეგრძნება დაავადებულ მხარეს, კოორდინაციის დარღვევა. 

მკურნალობა განსხვავებულია ანთების ტიპის მიხედვით. აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი, რათა სწორად წარიმართოს მკურნალობა და თავიდან აირიდოთ გართულებები. საჭიროების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ყურის წვეთები, ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვა სამკურნალო საშუალებები. 

ბავშვებში შუა ყურის ინფექციების პრევენცია მარტივი არ არის, რადგან არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს მის განვითარებას. არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელთ გამოყენებაც შეუძლიათ მშობლებს შუა ყურის ინფექციის რისკის შესამცირებლად: თუკი ბავშვს აქვს სეზონური ალერგია, მაქსიმალურად ეცადეთ ეფექტურად მართოთ პედიატრის, ოტორინოლარინგოლოგის,  ალერგოლოგის რეკომენდაციებით; მაქსიმალურად მოარიდეთ გარემოს, სადაც არიან რესპირატორული ინფექციით დაავადებული ადამიანები; ადენოიდების ჰიპერტროფიის შემთხვევაში (ჰიპერტროფიის მე-3, მე-4 ხარისხის დროს) რეკომენდებულია დროულად ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა – ადენოტომია ოტორინოლარინგოლოგის გადაწყვეტილებით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5