პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება პედიატრი მარიამ ღუღუნიშვილი.
სიტყვა ოტიტი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ყურის ანთებას. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყური ანატომიურად სამი ნაწილისგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყური. თითოეულ მათგანს განსხვავებული ფუნქციური დანიშნულება აქვს. შესაბამისად დიაგნოზის დასმისას უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუ ყურის რომელ ნაწილში მიმდინარეობს ანთება.

მწვავე შუა ოტიტი არის ყურის ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბავშვთა ასაკში. 2 წლამდე ასაკის პოპულაციის 80%-ს ერთხელ მაინც ჰქონია ოტიტის ეპიზოდი, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც 6-დან 18 თვემდე ასაკში გვხვდება.
გარე ოტიტი (მცურავის ყური) კი ხშირ შემთხვევაში ვითარდება ცურვის შემდეგ, როდესაც წყალი, რომელიც რჩება გარეთა ყურის არხში, ქმნის ტენიან გარემოს, რაც ხელსაყრელია ბაქტერიების ზრდისთვის. ამ დროს ხდება ყურის გარეთა არხის შეშუპება. ანალოგიური პროცესი, აგრეთვე შეიძლება განვითარდეს გარეთა ყურის კანის მექანიკური გაღიზიანებით (საწმენდი ჩხირები, სხვადასხვა ბასრი/ბლაგვი ნივთები). ამ დროს სახეზეა ყურის გარეთა ნაწილის სიწითლე, ქავილი, დისკომფორტი და სმენასთან არსებული პრობლემებიც კი.
შიგნითა ყურის ინფექციის დროს სახეზეა წონასწორობის და სმენის დაქვეითება, რადგან ზიანდება ყურის ის ანატომიური ნაწილები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ პროცესებზე არიან პასუხისმგებელნი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ოტიტი?
შუა ყურის ანთების შემთხვევების უმეტესობას იწვევს სასუნთქი სისტემის ინფექციების გამომწვევი სხვადასხვა ვირუსი და თვითგანკურნებადია. თუმცა შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციის თანდართვაც, რომლის დროსაც შესაბამისად სიმპტომები უფრო მძიმეა და სასწრაფოდ მედიკამენტოზურ ჩარევას საჭიროებს. შუა ყურის ანთების გამომწვევი ყველაზე ხშირი ბაქტერიებია Streptococcus pneumoniae (შემთხვევების დაახლოებით 40%-ში), Haemophilus influenzae (შემთხვევების 25%-დან 30%-ში) და Moraxella catarrhalis (შემთხვევების 10%-დან15%-ში). როგორც წესი ინფექციის გამომწვევი მიზეზის დადგენა კლინიკის პირობებში ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა ამის საჭიროება ხშირ შემთხვევაში არც არის.
ნორმალურ პირობებში ევსტაქის მილის მუკოცილიარული (რაც იწვევს ვირუსების და ბაქტერიების გაუვნებელყოფას) და ვენტილაციური მოქმედება წმენდს შუა ყურში გადასულ ცხვირ-ხახის ფლორას. თუმცა, ზედა სასუნთქი გზების ვირუსებს შეუძლიათ ცხვირის, ევსტაქის მილის და შუა ყურის გასავლების ინფიცირება და შედეგად ანთების ჩამოყალიბება. შუა ყურში ჩნდება გამონაჟონი და ცხვირ-ხახის ბაქტერიები ამ გამონაჟონს აბინძურებენ, რასაც შედეგად მოჰყვება ორგანიზმის ჩირქოვანი, ანთებითი რეაქცია.
არსებობს აგრეთვე ინფექციის განვითარების რამდენიმე რისკ-ფაქტორი, რომელიც სასურველია ყველა მშობელმა იცოდეს:
- საბავშვო ბაღი/მრავალშვილიანი ოჯახი – მარტივად ვრცელდება ინფექციები დახურულ სივრცეში
- ხელოვნური საკვებით კვება – საკვების გადაცდენის გაზრდილი ალბათობა
- ზურგზე წოლისას ბავშვის კვება – საკვების გადაცდენის გაზრდილი ალბათობა
- ქალა-სახის ძვლების ანომალია
- თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები/დაავადებები
- თამბაქოს კვამლთან ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი
რა სიმპტომები აღენიშნება ბავშვს ამ დაავადების დროს?
შუა ყურის ანთების დროს ბავშვებს აქვთ შემდეგი ჩივილები:
- სხვადასხვა სიძლიერის ყრუს ტკივილი
- ცხელება
- ყურიდან გამონადენი
- სმენის დაქვეითება
მცირეწლოვან ბავშვებს, განსაკუთრებით ჩვილებს, შეიძლება ჰქონდეთ არასპეციფიკური სიმპტომები და ნიშნები (მაგალითად მივარდნილობა, დარღვეული ან მოუსვენარი ძილი, კვების გაძნელება, ღებინება და ა.შ).

როდის უნდა მივმართოთ პედიატრს?
როგორც აღვნიშნეთ, ხშირად სიმპტომები რამდენიმე დღეში თავისთავად ქრება. თუმცა, აუცილებელია მშობელმა იცოდეს, თუ რა დროს უნდა მიმართოს ექიმს:
- სიმპტომები არ უმჯობესდება 3 დღეში
- სხეულის ტემპერატურა 38.0-38.5 c – ზე მაღალია და არ ემორჩილება ანტიპირეტულ საშუალებებს (სიცხის დამწევი მედიკამენტები – პარაცეტამოლი, იბუპროფენი)
- ყურის ინფექციები ვითარდება ხშირად, რეგულარულად
- 6 თვემდე ასაკი
- ფიქსირდება ყურიდან გამონადენი – ჩირქოვანი, სისხლიანი
- ყურის ძლიერი ტკივილი
- ღებინება, თავის ტკივილი, კისრის მოძრაობის შეზღუდვა, ძილიანობა, წონასწორობის კარგვა