პანიკური შეტევები გულისხმობს ძლიერი შიშის გრძნობას, რომელიც მოულოდნელად ეუფლება ადამიანს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუნდაც ძილის დროს. ადამიანმა შეიძლება ამ დროს დაიჯეროს, რომ გულის შეტევა აქვს, კვდება ან გიჟდება. შიში, რომელსაც ის განიცდის პანიკის შეტევისას, არ შეესაბამება რეალურ ვითარებას და შეიძლება არ იყოს დაკავშირებული იმასთან, რაც მის გარშემო ხდება. პანიკის შეტევის მქონე ადამიანთა უმეტესობას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე სიმპტომი აქვს:
- მომატებული გულისცემა
- სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა
- ხელ-ფეხის დაბუჟების შეგრძნება
- ძლიერი შიშის განცდა, სიკვდილის მოახლოების შეგრძნება
- ციებ-ცხელება
- სუნთქვის გაძნელება
- ტკივილები გულ-მკერდის არეში
- კონტროლის დაკარგვის შეგრძნება
ამ დროს სხეული ამბობს, რომ საფრთხე არსებობს, სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის. სტატიიდან გაიგებთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანს შეამჩნევთ პანიკის შეტევის ნიშნებს.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
სიმშვიდის შენარჩუნება ამ სიტუაციაში დახმარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. პანიკის შეტევა, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება, თუმცა, იმ ადამიანისთვის, ვინც მას განიცდის, ძნელია დროის განსაზღვრა. ის შეიძლება შეშინებული იყოს და ეგონოს, რომ კვდება.
მაშინაც კი, თუ თქვენც გეშინიათ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თუ მეგობარი არ გთხოვთ, რომ ჩუმად იყოთ, დაელაპარაკეთ მას მშვიდი ტონით.
რა ვუთხრა?
სცადეთ:
- მე შენთან ვიქნები;
- შეტევა დიდხანს არ გაგრძელდება;
- შენ უსაფრთხოდ ხარ.
ჰკითხეთ, რა სჭირდება თქვენგან
ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აქვთ პანიკის შეტევა, მასთან გამკლავების საკუთარი მეთოდებიც აქვთ. თუ წინასწარ არ იცით მათ შესახებ, შეტევის დროს მშვიდად ჰკითხეთ „რა გავაკეთო, რომ დაგეხმარო?“, თუმცა მოემზადეთ მოკლე ან ხისტი პასუხისთვისაც. გახსოვდეთ, რომ ის სტრესს განიცდის და შესაძლოა, იმ დროს ვერ აზროვნებდეს ლოგიკურად. ამიტომ, ნუ გეწყინებათ და ნუ მიიღებთ პიროვნულად.
როგორ მოვიქცე, თუ ის წასვლას მთხოვს?
თუ მას საფრთხე არ ემუქრება, დაშორდით რამდენიმე ნაბიჯით. უთხარით მას, რომ თუ გადაიფიქრებს, მაშინვე დაბრუნდებით და დარჩით ახლოს, რომ ყურადღება მიაქციოთ.
მხარი დაუჭირეთ საქმით სიტყვების ნაცვლად
ზოგიერთ ადამიანს ამშვიდებს ნაცნობი ხმები, მაგრამ შეეცადეთ, გამუდმებით არ იმეოროთ „დამშვიდდი“ და „კარგად ხარ?“. რა თქმა უნდა, თქვენ ეს სიტყვები მის დასამშვიდებლად მოგდით თავში, მაგრამ ამან შეიძლება თქვენს მეგობარს თავი დამნაშავედ აგრძნობინოს „რაღაცას არასწორად ვაკეთებ“. ეს კი მას ვერ დაეხმარება.
- ჰკითხეთ თქვენს მეგობარს, ხომ არ უნდა გარეთ გასვლა?
- შეახსენეთ, რომ ღრმად ისუნთქოს.
- აიყოლიეთ მსუბუქ საუბარში, თუ არ უთქვამს, რომ ლაპარაკის სურვილი არ აქვს.
გახსოვდეთ, რომ პანიკის შეტევაში არც თქვენ ხართ „დამნაშავე“ და არც ის
პანიკის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სტრესულმა სიტუაციამ, თუმცა ის ხშირად ვლინდება ცხოვრების მშვიდ მომენტებში, ძილის დროსაც კი.
თქვენ შეიძლება ვერ გაიგოთ, რატომ დაემართა თქვენს მეგობარს პანიკის შეტევა, მაგრამ ეს არცაა საჭირო იმისთვის, რომ თანაუგრძნოთ მას და აღიაროთ მისი მდგომარეობა, როგორც რეალური და მნიშვნელოვანი.
აღიარეთ მისი მდგომარეობა
ადამიანებს ხშირად უჭირთ თავიანთი გამოცდილების გაზიარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პანიკის შეტევების შესახებ.
ზოგი თავს არიდებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საუბარს, რადგან თვლის, რომ სხვები ვერ გაიგებენ რას განიცდიან. ზოგიერთი ღელავს იმაზე, რომ განსჯიან ამისთვის ან ეტყვიან, რომ ეს არაფერია.
გარე პირებს ხშირად არ ესმით პანიკის შეტევებით გამოწვეული შიში და შეიძლება ალოგიკურადაც კი ჩათვალონ. მაგრამ ეს შიში რეალურია და ადამიანი, რომელიც განიცდის შფოთვას, ვერ აკონტროლებს მას.
თუ მეგობარი გაგიმხელთ მის შეტევებზე, შეგიძლიათ ემპათიურად უპასუხოთ: „ეს მართლაც მძიმედ ჟღერს. ვწუხვარ, რომ ამას განიცდი. მითხარი, რისი გაკეთება შემიძლია შენს მხარდასაჭერად.“
დაეხმარეთ, დარჩნენ „აქ და ახლა“
ეს მეთოდი ეხმარება ადამიანს, ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რაც რეალურად ხდება, შფოთვაზე ფიქრის ნაცვლად.
- შეეხეთ ფიზიკურად, მაგალითად დაუჭირეთ ხელი, თუ ის ამის ნებას მოგცემთ;
- მიეცით რაიმე საგანი, რათა შეიგრძნოს მისი სტრუქტურა;
- წაახალისეთ ის მოძრაობისკენ;
- აიყოლიეთ დამამშვიდებელი სიტყვების გამეორებაში: „ეს განცდა საშინელებაა, მაგრამ ვერ დამაზარალებს“;
- ნელა და მშვიდად ესაუბრეთ ნაცნობ ადგილებსა და საქმიანობებზე.
წაიკითხეთ ჩვენი სტატია პანიკის შეტევების შესახებ –
წყარო: www.healthline.com