პლატფორმის “დედამ იცის” კითხვებს უპასუხებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი.
რა არის პაპილომა ვირუსი და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
ადამიანის პაპილომავირუსების ოჯახი 200-მდე პაპილომავირუსს აერთიანებს. ეს ვირუსები როგორც კანს, ასევე ლორწოვან გარსებსაც აინფიცირებენ, მათი უმეტესობა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ზოგიერთი სეროტიპი/შტამი, რომელიც უშუალოდ ლორწოვან გარსებს აინფიცირებს – მეტად საყურადღებოა.
ადამიანის პაპილომავირუსები დაინფიცირებული კანის ან ლორწოვანის ზედაპირთან შეხებით ვრცელდება. ვაგინალური, ორალური, ანალური სექსის ან თუნდაც კანით კანთან შეხების დროს. ლორწოვანის ინფიცირების შემდეგ ვირუსი მთელ ორგანიზმში არ ვრცელდება და მხოლოდ ადგილობრივად აზიანებს უჯრედებს. რატომაა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ვინაიდან ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე ხშირი ინფექციაა, გამოვლინებებიც როგორც წესი, გენიტალიების მიდამოში ფიქსირდება. ინფიცირების შემდეგ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს გენიტალური მეჭეჭები, ანუ კონდილომები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოა და ადამიანებმა ამის შესახებ არ იციან. არც თუ ისე იშვიათად გარკვეული პაპილომავირუსებით ინფიცირებამ შესაძლოა მძიმე გართულებებიც გამოიწვიოს.
რა არის ყველაზე მძიმე გართულება?
ადამიანის პაპილომავირუსებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბოს განვითარება. ქალების შემთხვევაში ესაა საშვილოსნოს ყელის კიბო, კაცების შემთხვევაში ასოს თავის და ანუსის კიბო. ორივე სქესის წარმომადგენლებში კი პირის ღრუს/ზედა სასუნთქი გზების კიბო. მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე გვაქვს, რადგან მთელ მსოფლიოში ის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული სხვადასხვა კიბოს შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად 700 000-ს აღწევს და მათგან დაახლოებით 70% საშვილოსნოს ყელის კიბოა. საშვილოსნოს ყელის კიბოების უმეტესობა სწორედ ადამიანის პაპილომავირუსებით არის გამოწვეული. საქართველოშიც, ყოველწლიურად, ათეულობით და ასეულობით (ბოლო სტატისტიკით წელიწადში 200) ქალი იღუპება ამ დიაგნოზით. მაგრამ გვაქვს კარგი ამბავიც, შემთხვევათა უდიდესი ნაწილის პრევენცია შეგვიძლია ვაქცინაციით. აპვ ვაქცინები 2006 წლიდან არსებობს.
ვისთვის არის ვაქცინები განკუთვნილი და თუ არის დაფინანსება გათვალისწინებული?
ამ საკითხზე სიახლეები გვაქვს. ადამიანის პაპილომავირუსის აცრა უკვე პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარშია და იცრებიან 10, 11 და 12 წლის გოგოები. ეს აცრები სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ასევე ამოქმედდა დროებითი სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც უფასოდ იცრებიან 13 – 18 წლის ასაკის გოგოებიც. 15 წლამდე კურსი ორდოზიანია, ხოლო 15-18 წლის ასაკში სამი დოზა კეთდება. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება 4 ვალენტიანი ვაქცინა, თუმცა ქვეყანაში კომერციულად არსებობს 9 ვალენტიანი ვაქცინაც.
რა განსხვავებაა 4 ვალენტიან და 9 ვალენტიან ვაქცინებს შორის?
ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამს მოსახლეობა, როცა საინფორმაციო შეხვედრებს ვატარებთ. ეს ვაქცინები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენი სეროტიპის/შტამის წინააღმდეგაა ისინი მიმართული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უამრავი პაპილომავირუსიდან ყველა არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს, თუმცა რამდენიმე სეროტიპს გააჩნია პოტენციალი, ადამიანის ორგანიზმს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი პაპილომავირუსებია 6, 11, 16 და 18. 4 ვალენტიანი ვაქცინაც სწორედ 4 სეროტიპის წინააღმდეგაა მიმართული.
თუმცა საფრთხის შემცველია კიდევ 5 სეროტიპი: 31-ე, 33-ე, 45-ე, 52-ე და 58-ე. 9 ვალენტიანი ვაქცინა, იმ 4-ს გარდა, ამ 5 სეროტიპისგანაც გვიცავს.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პირველი 4 სეროტიპი ყველაზე მნიშვნელოვანია და თამამად შეგვიძლია თავი დაცულად ვიგრძნოთ ამ ვაქცინით აცრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ეს ვაქცინა ვაჟებისთვისაც არის რეკომენდებული. აცრის გაკეთება ასევე შეუძლიათ 18 წლის ზემოთ სქესობრივად აქტიურ ქალებსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში, ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი: ამ ჯგუფებს სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება არ ეხებათ და თანხის გადახდა თავად მოუწევთ და ასევე, უფროს ასაკში აცრა ინდივიდუალურად იგეგმება ცხოვრების წესის და რისკების შეფასების საფუძველზე.