Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი მეან – გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი სოფიო ბოჯგუა.

გვესაუბრეთ  პარტნიორული მშობიარობის შესახებ.

პარტნიორული მშობიარობა არის თანაგრძნობის უპირობო ჩვენება. ორსულობის მთელი პროცესი და მშობიარობა არის გამოწვევა და ეს გამოწვევა უნდა გაიზიაროს პარტნიორმაც. სამშობიაროში მისვლისას პარტნიორს ევალება საორგანიზაციო საკითხებზე და ბიუროკრატიურ პროცედურებზე პასუხისმგებლობის აღება. 

მან უნდა იცოდეს ექიმის ტელეფონის ნომერი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს, უნდა იცოდეს, რომელ სამშობიარო სახლში გეგმავენ მათი მომავალი შვილის გაჩენას.

უნდა შეძლოს სიმშვიდის შენარჩუნება და ორსულის დამშვიდება საჭიროების შემთხვევაში.

მშობიარობის დროს ის უნდა იყოს მეგობარი, საყრდენი და ძალა.  თქვენ უნდა ისუნთქოთ მშობიარესთან ერთად  სინქრონულად სამშობიარო შეტევის დროს, დროდადრო შუბლი შეუმშრალოთ ან დაუსველოთ ტუჩები წყლით. ზოგჯერ კარგი იქნება, თუ საშუალებას მისცემთ, ხელზე ხელი მოგიჭიროთ.

პარტნიორული მშობიარობა არის შესაძლებლობა საუკეთესო და ძვირფასი მომენტი დაიმახსოვრო და აქციო საუკეთესო მოგონებად.

რა დადებითი და უარყოფითი  მხარეები აქვს მშობიარობას პარტნიორებისთვის?

პარტნიორის ყოფნა სამშობიარო ბლოკში ქალს ეხმარება სხვა ზოგჯერ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო   გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც შეიძლება საჭირო გახდეს მშობიარობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე (მაგალითად, გაუტკივარების გამოყენებასთან დაკავშირებით, მშობიარობის დაჩქარებასთან დაკავშირებით, სამედიცინო პრობლემებთან, სასწრაფო საკეისრო კვეთასთან  და სხვა საკითხებთან დაკავშირებით)

თუ საკეისრო კვეთა გადაწყდა, პარტნიორმა უნდა იცოდეს, რომ ახალშობილს დააწვენენ მის გულმკერდზე. “კანით კანთან “ კონტაქტი –  ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია სითბური ჯაჭვის შესანარჩუნებლად და ასევ ძალიან სასიამოვნოა ამის ნახვა და შეგრძნება.

აუცილებელია პარტნიორი წინასწარ  იყოს მომზადებული მათი ექიმის მიერ და იცოდეს ყველა შესაძლო გართულების შესახებ. ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას, როგორ უნდა დაუჭიროს მხარი მშობიარეს, რომ შეუძლია გადაჭრას ჭიპლარი. უნდა იცოდეს როგორ იზრუნოს დედაზე და ახალშობილზე.

ასევე შეუძლია ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით.

როგორია პარტნიორული მშობიარობის ევროპული და ქართული გამოცდილება?

დასავლურ სამყაროში მამაკაცები  მშობიარობის პროცესში უფრო მეტად მონაწილეობენ ვიდრე წარსულში, ამასთანავე დღეს უფრო მეტ  ქალს  სურს, რომ მათმა პარტნიორმა მამაკაცმა აქტიური დახმარება გაუწიოს ორსულობასა და  მშობიარობის დროს.

ერთ- ერთი პირველი, ვინც პარტნიორული მშობიარობა დანერგა, იყო ავსტრალია. 1960-იანი წლების დასაწყისამდე პარტნიორები ჩვეულებრივ გარიყულნი იყვნენ მშობიარობის სივრციდან, მათ არ ჰქონდათ თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერის უფლება. მხოლოდ 80-იანი წლებისთვის გახდა ცნობილი, რომ მამაკაცები იქნებიან იქ, როდესაც მათი პარტნიორები იმშობიარებენ. ავსტრალიის თანამედროვე გამოცდილება ისაა, რომ მამაკაცები უნდა  ესწრებოდნენ შვილის დაბადებას.

ვფიქრობ საქართველოშიც ეს ტენდენციაა, ჩემი პაციენტები მთელი ორსულობის და მშობიარობის პროცესში პარტნიორთან ერთად დადიან ვიზიტებზე, ისინი ერთად იგებენ და აანალიზებენ რას უნდა ელოდონ შემდეგ ვადაზე, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ ორსულს და რით შეიძლება მას შეუმსუბუქოს ზოგჯერ არც ისე მარტივი პროცესი.

2000 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, მამაკაცთა დაახლოებით მესამედი დაესწრო ანტენატალურ გაკვეთილებს პარტნიორებთან ერთად.

Წყარო : https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3607858/#B1

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5