პლატფორმა “დედამ იცის” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის პრევენციაზე. კითხვებს უპასუხებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი
როდესაც ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე ვსაუბრობთ, იბადება მთავარი შეკითხვა – როდის ვიწყებთ ბავშვის ინფორმირებას ამ თემაზე, როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი საკითხის სირთულიდან გამომდინარე ბავშვს ისე, რომ მისთვის გასაგები იყოს?
როდესაც მშობლებს ვხვდებით სხვადასხვა შეხვედრაზე, პირველად ვეკითხებით, როდის იწყება მსგავსი განათლების მიწოდება ბავშვებისთვის და ყველაზე დაბალი ასაკი, რომელსაც გვპასუხობენ, არის 6 წელი და მაშინ ვუბრუნებ კითხვას, როდის ასწავლით ბავშვს, სად არის თავი, სად არის ხელი, თვალი და ა.შ. ბავშვისთვის საკუთარი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უპირველესი საჭიროება მისთვის. ძალიან ხშირად მშობლებისთვის, ოჯახის სხვა წევრებისთვის ძალიან დიდ უხერხულობას წარმოადგენს ბავშვს ასწავლონ გენიტალიების დასახელება. სხვა სპეციალისტებისგან განსხვავებით მშობლებს აქვთ ის ფუფუნება, რომ ბუნებრივ გარემოში ასწავლონ ბავშვებს ეს ყველაფერი. ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ბავშვებმა არ იციან საკუთარი და საპირისპირო სქესის გენიტალიების დასახელება – პენისი, ვაგინა, ის რაც გავრცელებული არის ზოგადად და სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში გამოიყენება. კიდევ ერთი ბარიერი რაც ამ მხრივ წარმოდგენილია არის ის, რომ ბავშვებს ასწავლიან საკუთარი გენიტალიების “მოფერებით” სახელებს, რაც ასევე სირთულეს წარმოადგენს იმ მხრივ, რომ შესაძლოა ბავშვმა საერთოდ ვერ მოახდინოს იდენტიფიცირება, რა მოხდა.
როდესაც მშობელი ბავშვს ეხმარება დაბანაში, ხომ ეუბნება, რომ დაიბანე ხელები, თავზე მოისვი ხელი და ასე ძალიან ბუნებრივ გარემოში, ისე რომ მშობელიც არ დაიძაბოს, შესაძლებელია ბევრი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვს. მშობელს შეიძლება ეგონოს, რომ ბავშვის ინფორმირება ხდება ასე: უნდა დაისვას შვილი და საგანგებოდ აუხსნას ყველაფერი, რაც რა თქმა უნდა, არასწორი შეხედულებაა. ბავშვს ბუნებრივ გარემოში უნდა ვასწავლოთ.
მთავარი ფუნდამენტური ცნებები, რაზეც დგას ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციული მექანიზმები არის პირადი და საჯაროს ცნებების განმარტება და ამის სწავლება ბავშვისთვის. ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ ჩვენი სხეულის ნაწილები იყოფა ორ ნაწილად – პირადად და საჯაროდ. საჯარო ნაწილი არის ის, რისი დანახვაც ყველას შეუძლია და შეხებაც მეტნაკლებად. მაგ. შეუძლიათ შეეხონ ხელზე, თავზე, მხარზე, ან შემთხვევით შეეხოს და ამავდროულად გვაქვს პირადი სხეულის ნაწილები, რომელიც როგორც წესი დაფარული არის საცვლებით და პირადი ნაწილების დანახვა, მასზე შეხება შეუძლია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს და ეს შეიძლება იყოს მშობელი, სხვა მზრუნველი პირი ან ექიმი. ჩვენ თუ ვასწავლით ბავშვს, რომ მისი პირადი ნაწილები არავინ არ უნდა დაინახოს და არავინ არ უნდა შეეხოს, შეიძლება ექიმთან მისვლის მომენტში ეს გააპროტესტოს. აქაც არის გარკვეული ნიუანსები, რა სახით უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ბავშვს. მშობელი ყველაზე კარგად იცნობს საკუთარ შვილს და ყველაზე კარგად შეუძლია ყველაფრის ფორმულირება. პირადი სხეულის ნაწილებია: პენისი, ვაგინა, საჯდომი, მკერდი, ტუჩები. ტუჩები არის გამონაკლისი, რომელიც არ არის დაფარული და ყველას შეუძლია დანახვა, მაგრამ შეხება არის აკრძალული ადამიანებისთვის, რადგან ტუჩები უკავშირდება ძალიან ბევრ სექსუალურ ქცევას, რომლის მსხვერპლიც შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი. ჩვენ ვასწავლით ბავშვს, რომ მისი პირადი სხეულის ნაწილები არავინ არ უნდა დაინახოს და არ შეეხონ მშობლების და ექიმის გარდა, მაგრამ ჩვენ ამას იქამდე ვასწავლით, სანამ მშობელი ჩართულია თვითმოვლის ჩვევებში. თუ ის აღარ ეხმარება ბავშვს ტანსაცმლის ჩაცმაში, აღარ სჭირდება ბავშვს დახმარება შხაპის მიღებაში, მაშინ მშობელიც ხდება აკრძალული ადამიანი, რომელიც არ უნდა შეეხოს აკრძალულ ადგილებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ოჯახის წევრებშიც უნდა არსებობდეს ეს დისტანცია და ექიმსაც მხოლოდ მაშინ შეუძლია ბავშვის სხეულის პირადი ნაწილებს შეეხოს, როდესაც მშობელიც იქ არის და ეს ხდება საავადმყოფოში, რადგან ექიმი შეიძლება იყოს მეზობელიც, რომელიც შესაძლოა სექსუალური მიზნებით უყურებდეს ბავშვს. ამიტომ ეს ექიმიც გარკვეულ კონტექსტში მოიაზრება ადამიანად, რომელსაც არ აქვს უფლება დაინახოს და შეეხოს ბავშვის პირად ნაწილებს. ერთი რამ, რაც ძალიან ხშირად გვხდება თვალში ცუდად და საბედნიეროდ არ არის ხშირი ტენდენცია, არის ის ფაქტი, რომ მშობლები ტუჩებში კოცნიან ბავშვებს. მესმის, რომ ისინი არანაირ შინაარსებს არ დებენ ამაში, მაგრამ რატომ არის მსგავსი ქცევები საშიში? ბავშვი ასეთ ქცევას ვეღარ აღიქვამს როგორც საფრთხედ, ვერ ხვდება თუ მშობლები, დედა, მამა, და, ძმა, ასე გამოვხატავთ სიყვარულს, მაშინ ბავშვისთვის ეს ხდება ნორმა. შესაბამისად, თუ სასიამოვნო ადამიანი მსგავსად გამოხატავს ბავშვის მიმართ სიყვარულს, ბავშვს აღარ ერთვება განგაშის სიგნალი, რომ უნდა წავიდეს და მშობელს უნდა უთხრას, ან უნდა დაიწყოს ყვირილი. ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდანვე პერსონალური საზღვრების გაცნობიერება, რომელიც არსებობს ბავშვთან მიმართებით და რომელიც დაცული უნდა იყოს.
გარდა სხეულის პირადი და საჯარო ნაწილებისა, საპრევენციო მექანიზმად შემოდის ასევე პირადი და საჯარო ქცევები და პირადი და საჯარო ადგილები. პირადი ადგილი არის საპირფარეშო, საძინებელი, სადაც ბავშვს უფლება აქვს იყოს შიშველი და არსებობს ისეთი საჯარო ადგილები, სადაც სხვადასხვა ადამიანები იყრიან თავს და ასეთი არის სახლის ის ნაწილიც, სადაც სტუმარს ვიღებთ. პირადი ქცევები არის ასევე ტუალეტის ქცევები – ჩაცმა, გახდა და ა.შ. მესმის, რომ მშობლები შეიძლება თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ ისედაც ლოგიკურია, მაგრამ როდესაც პატარა ასაკზე ვლაპარაკობთ, ბავშვები ასე მარტივად არ ამყარებენ ამ კავშირებს და მნიშვნელოვანია დავეხმაროთ ამ ქცევების ერთმანეთთან დაკავშირებაში. პირადი ნაწილების გაშიშვლება შესაძლებელია მხოლოდ პირად ადგილებში და ეს არის სახლის საპირფარეშო, სააბაზანო, ბავშვის საძინებელი, ბაღის საპირფარეშო და სკოლის საპირფარეშო. ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვასწავლით ბავშვებს, რომ არავინ არ უნდა შეეხოს და შეხედოს მის პირად ნაწილებს, ასევე ვასწავლით იმასაც, რომ არც თვითონ არ უნდა შეხედოს და არ უნდა შეეხოს შეეხოს სხვის პირად ნაწილებს.