ხვალ, 8 ივნისს, 09:00 საათიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში ის ბავშვებიც ჩაირიცხებიან, რომლებსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge შეავსონ მონაცემები ბავშვის შესახებ. ელექტრონული ფოსტის გარდა ეკრანზე არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა. რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოვა მოსწავლის შესახებ მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. მას მიიღებთ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ის მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.
სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების სანახავად, ეწვიეთ ბმულს https://catalog.emis.ge/main
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან დაიწყება და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები:
- მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
- მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).