Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ალბათ, ბევრი თქვენგანი ვერც წარმოიდგენდით, რომ თქვენი შვილის ეს საყვარელი სათამაშო, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა, შეგიძლიათ სასწავლო პროცესში ისე გამოიყენოთ, რომ მოსწავლეების მეტი ჩართულობა და ინტერესი გამოიწვიოთ. უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია გვიზიარებს “ფოფითის” სასწავლო პროცესში ჩართვის გზებს.

სილიკონის ამ ფერადი ბურთულებიანი სათამაშოს შექმნის იდეა 1975 წელს წყვილს ტეო და ორა კოსტერებს გაუჩნდათ, რომლებსაც ეკუთვნით ასევე ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი თამაშის “გამოიცანი ვინ?”  Guess Who?  შექმნის იდეა.

თავდაპირველად არავინ დაინტერესებულა ამ სათამაშოს დიდი რაოდენობით პროდუქციაში ჩაშვებით, რადგან საჭირო მასალა – რეზინი, რომლისგანაც ის მზადდება, საკმაოდ ძვირი იყო,  2009 წელს ერთ-ერთი ამერიკული კომპანია დაინტერესდა სათამაშოთი, რეზინის მასალა სილიკონით ჩაანაცვლეს და დაიწყეს მისი მასობრივი გამოშვება. თავიდან ის ლოგიკის გასავითარებელ სათამაშოდ ითვლებოდა რუბიკის კუბის მსგავსად. 2019 წელს დაიწყო მისი მასშტაბური გაყიდვები. როგორც კი „ინფლუენსერებმა“ აიტაცეს და სოციალურ მედიაში გაავრცელეს, მალევე სათამაშოს პოპულარობამ სხვა პლატფორმებზეც გადაინაცვლა. 2020 წელს კი Tik Tok-ზე დაიდო არაფრით გამორჩეული ვიდეო თუ როგორ თამაშობს “ფოფითით” მაიმუნი, ამ უკანასკნელმა მილიონობით ნახვა დააგროვა და სწორედ ამ ვიდეოს დახმარებით დაიწყო სათამაშოს მასობრივი გაყიდვები.

მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი არსებობს მის სარგებლიანობაზე, მე შემოგთავაზებთ ამ სათამაშოს დადებით მხარეებს. სპეციალისტების აზრით, “ფოფითი” არის სათამაშო, რომელიც კარგია ხელის კუნთების სავარჯიშოდ (მოტორიკის გასავითარებლად). ასევე, ის გვეხმარება მოდუნებაში, სტრესის მოხსნაში და რაც მთავარია, მისი საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენებაც შეგვიძლია, რის შედეგადაც იზრდება ინტერესი და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესის მიმართ.

თუ ფოფითს სწორად გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში, ის განავითარებს

  1. წერის შესწავლისთვის საჭირო მოტორიკას;
  2. წიგნიერებას – წინადადების აწყობის უნარსა და მეტყველებას;
  3. მათემატიკურ აზროვნებას – რიცხვების ამოცნობა, მიმატება-გამოკლება;
  4. შემოქმედებითობას;
  5. კვლევის, აღმოჩენის უნარს.

თამაში 1

ეს თამაში დაახლოებით 4-დან 7 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი. თქვენ უნდა გქონდეთ ორი “ფოფითის” სათამაშო 10/10 ზე ანუ რომელსაც ჯამში 100 ამობურცული ნაწილი აქვს, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, უნდა გყავდეთ 1 პარტნიორი, რომლის წინააღმდეგაც ითამაშებთ. გჭირდებათ ორი კამათელი ან ერთი, რომელსაც 12 მხარე ექნება. გაგორების შემდეგ, რა რიცხვსაც მოგვცემს კამათელი, იმ რაოდენობის ამობურცულ ნაწილს/ბურთს უნდა დავაჭიროთ თითი. გამარჯვებული იქნება ის, ვინც პირველი შეძლებს მოაგროვოს 100 ბურთი ანუ ვინც თითს ასჯერ დააჭერს .

თამაში 2

როგორ მივიღოთ 10

ამ თამაშისთვის წინასწარ უნდა ჩააჭიროთ ხელი რამდენიმე ამობურცულ ბურთულაკს ვერტიკალურ მწკრივში ისე, რომ თითოეულ მწკრივში არათანმიმდევრულად იყოს წარმოდგენილი ბურთების სხვადასხვა რიცხვი და არა მიყოლებით 1-დან 10-ის ჩათვლით. შემდეგ უნდა სთხოვოთ მოსწავლეს თითოეულ მწკრივზე დაკვირვებით მარტივი მათემატიკური მაგალითი შექმნა, რაც ჯამში 10-ს მიაღებინებს. მსგავსად შეგიძლიათ მოიფიქროთ გამრავლებაზეც.

ამ სათამაშოს დახმარებით შეგიძლიათ შეასწავლოთ ბავშვს ანბანი, ხმოვნებისა და თანხმოვნების დათვლა, დამარცვლა (როგორც წესი,“ფოფითებზე“  ლათინური ასოებია გამოსახული, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ქართული ანბანის ასოები ამოჭრათ და ზემოდან დააკრათ).

ის ასევე სამეტყველო ბგერების შესწავლისთვის დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. მასზე უნდა გადავიტანოთ ანბანის ასოები თანმიმდევრულად. ერთმა მოსწავლემ უნდა წარმოთქვას წინადადება, “მეორემ კი ფოფითზე” წარმოდგენილ შესაბამის ასოზე ხელის დაჭერით სწრაფად შეადგინოს ეს სიტყვა. ასეთი ტიპის აქტივობა კინესთეტური სწავლებისთვისაა დამახასიათებელი, ეს უკანასკნელი გულისხმობს სწავლების მეთოდს, რომლის დროსაც მოსწავლეები ლექციის მოსმენის ან ყურების ნაცვლად, ასრულებენ ფიზიკურ მოქმედებებს/დავალებებს . სწავლების ეს პროცესი ადამიანს საშუალებას აძლევს ყურადღება გაამახვილოს ორ მოვლენაზე – გონებისა და სხეულის მოქმედებაზე.

სიტყვის დამარცვლა

ერთი მოთამაშე ირჩევს სიტყვას და სათამაშოზე წარმოდგენილ ასოებს სწრაფად აჭერს თითს (აგდებს მათ), სხვა მოთამაშე კი აკვირდება და ცდილობს გამოიცნოს თუ რა სიტყვა ჩაიფიქრეთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი სიტყვა, რომელიც მარტივი შედგენილობისაა, სადაც ასოები არ მეორდება.

თამაში „ჩამოხრჩობანა“

90-იანებში თავისუფალ დროს ხშირად სახლში, ეზოსა თუ საკლასო ოთახებში ვთამაშობდით ე. წ „ჩამოხრჩობანას“, რომელსაც სჭირდებოდა მხოლოდ ფურცელი და კალამი. იდენტური თამაში ახლა ფურცლის გარეშე, „ფოფითის“ დახმარებით შეგიძლიათ. ჩაიფიქრეთ სიტყვა, ოპონენტი დაგისახელებთ სავარაუდო ასოებს, თუ რისგან შეიძლება შედგებოდეს სიტყვა და ეცდება მის გამოცნობას და „ფოფითზე“ თითის დაჭერით დააფიქსირებს შესაბამის ასოებს.

იმედია,  წარმოდგენილ იდეებს შედეგიანად განახორციელებთ და ამით უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდით სასწავლო პროცესს, თანამედროვე ბავშვებს ხომ ასე უყვართ სიახლეები.

გამოყენებული მასალა: https://baladefrench.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5