გვესაუბრება პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე.
ბავშვების უმრავლესობაში ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ-19, უმეტესწილად მსუბუქი ან პრაქტიკულად უსიმპტომო მიმდინარეობითაც კი გამოირჩევა. მაგრამ ავადობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უმრავლესობა უჩივის სხვადასხვა სიმპტომებს თუ სიმპტომთა კომპლექსს. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ე. წ. პოსტკოვიდური ან გახანგრძლივებული კოვიდის დიაგნოზს.
ზუსტად არავინ იცის, რამდენი ადამიანი უჩივის პოსტკოვიდს. ამერიკის პედიატრიის აკადემიის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 16 –30 წწ პაციენტთა დაახლოებით 52% უჩივის სიმპტომების გახანგრძლივებას კოვიდის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში. დიდი ბრიტანეთის მონაცემებით 2-დან 11 წლამდე პაციენტებიდან საშუალოდ 12.9 და 12-დამ 16 წლამდე პაციენტთა 14.5% დაახლოებით 5 კვირის მანძილზე უგრძელდება ესა თუ ის სიმპტომები.
საინტერესოა ექსპერტთა მოსაზრება, რომ პოსტკოვიდური სიმპტომატიკა აღინიშნება იმ პაციენტებშიც, რომლებიც მწვავე პერიოდში უჩიოდნენ მსუბუქ სიმპტომებს ან საერთოდ არ ჰქონდათ არანაირი ჩივილი. ცალკეულ შემთხვევებში პოსტკოვიდური სიმპტომატიკა ვითარდება, როცა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი საინტერესო დეტალიც, პაციენტს პოსტკოვიდურად შეიძლება აღენიშნებოდეს ისეთი სიმპტომებიც კი, რომლებიც არ ჰქონია მწვავე პერიოდში.
გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომები:
ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, დაღლილობა და ფიზიკური აქტივობის შესუსტება, სუბფებრილიტეტი (ცხელება), სუნთქვის გაძნელება;
აზროვნების კონცენტრაციის შემცირება. ხასიათის ცვლილება;
სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი;
ტაქიკარდია, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში;
ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მაგ. დიარეა, უმადობა.
ყნოსვის, გემოს გაუკუღმართება ან დაკარგვა.
თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია და ა.შ.
გოგონებში მენსტრუალური ციკლის ცვლილებები.
სპეციფიკური სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზეც. უფრო ზუსტად, პაციენტებს, რომლებიც იმყოფებოდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ან ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე, შეიძლება აღენიშნებოდეთ დაღლილობის შეგრძნება და კუნთების სისუსტე.
არ არსებობს რომელიმე სპეციფიკური ტესტი, რომელიც დასვამს ე.წ. პოსტკოვიდის დიაგნოზს. ყველაფერი დამოკიდებულია სიმპტომებზე. თუ სიმპტომები გრძელდება 3 თვე და მეტი აუცილებელია სპეციალისტების ჩართვა და სპეციფიკური კვლევები.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
რესპირატორული სიმპტომები: ვინაიდან კოვიდ 19-ის ძირითადი სამიზნე ფილტვებია, პოსტკოვიდური სიმპტომატიკაც ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის მხრივ ცვლილებებში ვლინდება. მათ შორის ხველა, სუნთქვის გაძნელება დატვირთვისას ან მის გარეშე, ტკივილი გულმკერდის არეში. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი. თუ 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში აღნიშნული სიმპტომები გრძელდება 3 თვე და მეტი, აუცილებელია ჩატარდეს ფილტვების ფუნქციური ტესტი.
კარდიოლოგიური პრობლემები: ყოველი10 პაციენტიდან ერთი მაინც უჩიოდა უმიზეზო ტაქიკარდიას. ტკივილს გულმკერდის არეში. შესწავლილი პაციენტების 6 %-ში დაფიქსირდა მიოკარდიტის შემთხვევები. თუ ტაქიკარდია გრძელდება 3 თვე და მეტი, აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია და შესაბამისად ეკგ.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: 10-დან 19 წლამდე ასაკის ყოველ მე-4 პაციენტს აღენიშნებოდა ყნოსვის და/ან გემოს გაუკუღმართება ან გაქრობა. რაც თავისთავად აისახებოდა მადაზეც და განწყობაზეც. თუ აღნიშნული გრძელდება 3 თვე და მეტი სასურველია სპეციალისტის ჩართულობა.
მენტალური და ემოციური პრობლემები: ხშირია ე.წ. აზროვნების ბინდისებრი მდგომარეობა ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. სასკოლო ასაკის ბავშვებში ეს შეიძლება გამოიხატოს წაკითხულის გააზრების, დასწავლის და დაზეპირების, კონცენტრაციის უნარის მოშლით, ემოციური ლაბილობით. ერთეულ შემთხვევაში მეტყველების დარღვევით. აუცილებელია მშობლის ჩართულობა, ძილის მოწესრიგება, დატვირთვის თანდათანობითი შერჩევა, სრულფასოვანი კვება, ჟანგბადით სარგებლობა, სტრესის შემსუბუქება.
ფიზიკური დაღლილობა: კოვიდის გადატანის შემდგომ ხშირად ფიქსირდება ადვილად დაღლა ჩვეული საქმიანობისას რესპირატორულ ან კარდიოლოგიურ ნიშნებთან ერთად ან მის გარეშე, სისუსტე, თავბრუსხვევა. თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება ერთი თვე და მეტი საჭიროა სპეციალისტის ჩართულობა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
როგორ დავიცვათ თავი? რა თქმა უნდა პირველი რიგის ღონისძიება აცრაა, თუმცა ის არ არის დაშვებული ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა და შესაბამისად სიმპტომების გამოვლენაზე დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში დროული ჩარევა, მუდმივი კომუნიკაცია პედიატრთან და მთავარი აუცილებელია მშობელი იყოს ფხიზლად, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია პოსტკოვიდის არსებობაზე და დროულად მიმართოს სპეციალისტს.