პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნათია მალანია.
რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური საუბარი, მშვიდი და მეგობრული ტონი ბავშვის ემოციური მხარდაჭერისთვის?
ემოციური მხარდაჭერის დროს, მნიშვნელოვანია შევცვალოთ ჩვენი კომუნიკაციის სტილიც, უფრო გამოვიყენოთ პოზიტიური მეტყველება და “არ” ფრაზებისგან შევიკავოთ თავი. თუკი ბავშვი ხშირად ოპოზიციური ქცევით გამოირჩევა და ჩვენ ვეუბნებით მას არ გააკეთოს რაღაცა, შესაძლებელია მან სწორედ იმიტომ გააკეთოს, რომ ჩვენ ავუკრძალეთ. “არ ირბინო“, “არ აძვრე”, “არ გადააგდო” და ა.შ. შესაძლებელია, მას საერთოდაც არ ჰქონოდა იდეაში ამის გაკეთება და აკრძალვის გამო გაუჩნდა აზრი, როგორ გაებრაზებინა და გაენაწყენებინა მშობელი. პოზიტიური მეტყველების გამოყენების დროს მშობელი ამბობს, რა უნდა რომ ბავშვმა გააკეთოს, ნაცვლად იმისა, რა არ უნდა გააკეთოს. მაგ.”არ გადააგდოს” ნაცვლად ამბობს “დადე ადგილზე” და ა.შ. ჩვენ მეტად ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ, არასასურველი ქცევების პრევენციაზე, ვიღონოთ ყველაფერი, რომ ის არ გამოვლინდეს, მაგრამ თუკი მაინც ვერ ავცდით, მნიშვნელოვანია ის სასჯელი, რომელსაც არასასურველი ქცევისთვის იღებს ბავშვი, იყოს იმ დანაშაულის შესაბამისი/თანაფარდი, რომელიც მან განახორციელა და მნიშვნელოვანია იყოს დროული – პასუხი აგოს მაშინვე, იქვე და იმ ადამიანთან, ვისთანაც რაღაც დააშავა. მაგ. თუ წყალი დაღვარა – მოწმინდოს თვითონ, ასეთ დროს ჩვენ არ ვეხმარებით მას. ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც ოჯახში არის ერთი ვიღაც „ბუა“, როგორც წესი მამები, რომლითაც აშინებენ ბავშვებს და მამებიც იძულებულნი არიან იყვნენ მკაცრები. ეს არასწორია, როგორც მამის მიმართ ბავშვის ემოციური დამოკიდებულების თვალსაზრისით, ასევე ქცევის მართვის თვალსაზრისით. თუკი ერთ ადამიანთან ჩადენილი არასასურველი ქცევისთვის სასჯელს მეორე ადამიანი აწესებს, ეს ავტომატურად უკარგავს პირველ ადამიანს გავლენას და ავტორიტეტს ბავშვის თვალში.
მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მას ვენდობით, ჩვენ მას პატივს ვცემთ და ის არის მნიშვნელოვანი ადამიანი. თუ მას მუდმივად დიდების პოზიციიდან ვესაუბრებით, სადაც პატარა მტყუანია და ბევრი რამე არ იცის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გამოუმუშავდეს პროტესტის განცდა და ავტორიტეტისადმი დაუმორჩილებლობის სურვილი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მოუსმენენ, მის სიტყვებს აფასებენ, რჩევებს ჰკითხავენ და ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება თვითშეფასების ფორმირებაზე.
ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ყურადღების მიქცევაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ბავშვი თავს ცუდად გრძნობს და იმდენად გაღიზიანებულია, რომ აზრი არ აქვს მასთან კომუნიკაციას, სჯობს აიღოთ ტაიმ-აუტი და როდესაც მშობელიც და ბავშვიც დამშვიდდებით, შემდეგ განიხილეთ ეს სიტუაცია. რაც უფრო მეტად მივაწვებით ემოციური “აფეთქების” დროს ბავშვს, არა თუ რთულ ქცევას ვერ შევამცირებთ, შესაძლოა, ბავშვს არასწორი მესიჯები გავუგზავნოთ, რომ მისი ემოციური კარგად ყოფნა არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ მისი არ გვესმის და რომ ვერ გავიგებთ, ის რას გრძნობს. როდესაც ბავშვი ავლენს არასასურველ ქცევას, მშობლებიც ბრაზდებიან და ისინიც აფექტურ ქცევას ახორციელებენ, ეს გასაგებია, თუმცა უმჯობესია, რომ ამ სიტუაციაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მშობლის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, რომელსაც ის იყენებს ბავშვთან კომუნიკაციის დროს, მნიშვნელოვანია იყოს მშვიდი და მოზომილი. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ არა მარტო ვესაუბრებით, ვუსმენთ კიდეც მას. სამი წლის ასაკიდან შესაძლებელია ბავშვთან მოლაპარაკების დაწყება და ამ დროისათვის მას უვითარდება კომპრომისის უნარიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მან უნდა დათმოს, შესაძლოა, მშობლები და ბავშვი შეთანხმდნენ გარკვეულ საკითხებზე.
სიტუაციის გამძაფრებისგან თავის შეკავება შეგვიძლია ისეთი მარტივი მეთოდებით, როგორიც არის, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება რამდენიმე ნაბიჯით. მშობლები თავად უნდა იყონ მშვიდად, ბავშვის სიმაღლეზე და მოლაპარაკებებისთვის მზად. სასურველია, გავახმოვანოთ როგორც ბავშვის, ასევე ჩვენი ემოციები და შესაძლო მიზეზები. ვკითხოთ ბავშვს – რა უნდა, რა აწუხებს, რაშია საქმე, რით არის უკმაყოფილო და ა.შ. ამ ინფორმაციის შეჯერების შემდეგ ვკითხოთ ბავშვს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა, თვითონ როგორ ჰგონია, რამ შეიძლება გვიბიძგოს, რომ ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი. შემდეგ შეგვიძლია დავსახოთ სტრატეგია, საფეხურები ამ გეგმის განსახორციელებლად. როგორც წესი ოპოზიციურ ქცევებს ბავშვები მაშინ ავლენენ, როდესაც დირექტიული აღზრდის სტილს ვიყენებთ და მათ არ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ მათი აზრი, სურვილი და იდეები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ჩვენი. მნიშვნელოვანია ბავშვის დღის რუტინა იყოს გაწერილი, და გამოყოფილი იყოს მშობელთან ურთიერთობის დრო, როცა ერთად წაიკითხავენ, ისაუბრებენ, ითამაშებენ ბავშვის მიერ შერჩეული თამაშით. ასეთ დროს მშობლებიც კონცენტრირებული არიან იმ აქტივობაზე და ამ შემთხვევაში ბავშვის, როგორც ემოციური რესურსი, ისე კოგნიტური რესურსი იზრდება და პოზიტიური სოციალური ურთიერთობის გამოცდილება ექმნება.
ყოველი ახალი დღე უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ახალი ფურცელი, რომელზეც იწერება ჩვენი ურთიერთობა თავიდან. ბავშვის გუშინდელმა ცუდმა საქციელმა დღევანდელ დამოკიდებულებაზე არ უნდა იქონიოს გავლენა, არც განწყობაზე და არც მოლოდინზე. ყოველი ახალი დღე არის სუფთა ფურცელი, რომელშიც მაქსიმალურად ბევრი, ფერადი ერთობლივი წუთი უნდა ჩავიწეროთ.