Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი, პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოკონსულტანტი მედეა გელდიაშვილი.

ცნობილია, რომ პოზიტიური მშობლობის სტრატეგიებით მშობელი ბევრ სასიკეთო ცვლილებას იწვევს ბავშვში, როგორ ცვლის პოზიტიური მშობლობა თავად მშობელს? 

პოზიტიური აღზრდა ბავშვს ეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, პიროვნული მახასიათებლებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ვინაიდან ურთიერთობა არის ორმხრივი, პოზიტიური მშობლობის სიკეთე აისახება მშობელზეც. ამისათვის მნიშვნელოვანია მზაობა იმისა, რომ დედას/მამას ჰქონდეს განწყობა უკეთესად შეიმეცნოს სხვადასხვა საკითხი ბავშვის დახმარებითა და მონაწილეობით. მასთან ურთიერთობით გადააფასოს საკუთარი დამოკიდებულებები და გააცნობიეროს ბავშვობის დროინდელი კონცეფციები. ენერგია, რომელსაც გასცემს მშობელი, აუცილებლად უბრუნდება მას. დადებითი ემოციური ენერგია იწვევს უკუკავშირს, რომელიც ასევე პოზიტიური ემოციებით აღავსებს აღმზრდელს. 

ამასთანავე მნიშვნელოვანია,  ბავშვებმა აღიქვან ჩვენი ღიაობა, რომ მზად ვართ, როგორც დავეხმაროთ და ვასწავლოთ, ასევე ვისწავლოთ მათი გამოცდილებებისაგან. კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი, როგორც მშობლის ქცევა, შევძლოთ ვაღიაროთ შეცდომა და ვორიენტირდეთ მის გამოსწორებაზე. 

ადეკვატური ურთიერთობის პროცესი დადებითად მოქმედებს, როგორც ბავშვზე ასევე ზრდასრულზე

პოზიტიური მშობლობა ბავშვს უყალიბებს ღირებულ უნარებს. მაგალითად: ნდობას – თუკი მშობელი ემოციურად ჩართულია ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაში, დროულად პასუხობს ბავშვის საჭიროებებს, რეაგირებს, როგორც პირველად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე (კვება, ძილი, ჰიგიენა), ასევე მეორად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე (ღიმილი, ჩახუტება, სითბო), ბავშვისთვის გარემო აღიქმება, სანდოდ. შემდგომში მას არ უჭირს სამყაროში საკუთარი თავის დამკვიდრება. პოზიტიური აღზრდის სტილის გამოცდილების ადამიანს აქვს ადეკვატური თვითშეფასება, იცნობს საკუთარ უნარებს, რესურსებს, მისთვის წარუმატებელი სიტუაცია ხდება მამოტივირებელი, ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავისადმი. ფლობს ემპათიის უნარს, როგორც პიროვნებას, რომლის მიმართაც მშობელი ყოველთვის ავლენდა თანაგანცდას,  შეუძლია ყოველგვარი მატერიალური ჯილდოს გარეშე ემოციური დახმარება აღმოუჩინოს სხვას, ვისაც ექნება ამის საჭიროება.

მშობელი კი, რომელიც ღიაა შეიმეცნოს სამყარო შვილთან ერთად, ასწავლოს და ასევე ისწავლოს, მუდმივად ორიენტირებული ხდება თვითგანვითარებაზე და პოზიტიურ მშობლობაზე, რომელიც თანხმიერი იქნება ბავშვის ასაკობრივი განვითარებისა და ინტერესების.

როგორ უნდა გავხდეთ პოზიტიური მშობელი

იმისთვის, რომ გავხდეთ პოზიტიური მშობლები:

  • საჭიროა გვქონდეს შესაბამისი მოტივაცია;
  • შეგვეძლოს კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი ქმედებები, მოლოდინები და სურვილები;
  • შეგვეძლოს სამყაროს ბავშვის მზერით დანახვა;
  • არ ვესწრაფოდეთ  იდეალურობას, არამედ ვეცადოთ ვიყოთ საკმარისად კარგები, რაც გულისხმობს, როგორც წარმატებას, ასევე შეცდომებს, ფუნქციურ და დისფუნქციურ უნარებს;
  • რაც მთავარია, ვიზრუნოთ საკუთარ ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე. ბედნიერ მშობელს შეუძლია გააბედნიეროს შვილი.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5