როგორ მკურნალობენ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზს სვამს და მკურნალობას ნიშნავს ფსიქიატრი. ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვის. თუ კბილი აგტკივდებათ, ხომ არ შეგეშინდებათ სიტყვა „სტომატოლოგის“ და მასთან მიხვალთ ამ ტკივილის გასაყუჩებლად? თუ თქვენ მსუბუქად გამოხატული სიმპტომები გაქვთ, თქვენი ექიმი მოგცემთ ლოდინის რეკომენდაციას რეგულარული შემოწმებებით. თუ უფრო მწვავე მდგომარეობა გაქვთ, დანიშნავს ფსიქოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს ან ორივეს ერთად.
საუბრის თერაპია, იგივე ფსიქოთერაპია შეიძლება იყოს ინდივიდუალური (მხოლოდ თქვენ და ფსიქოთერაპევტი) ან ჯგუფური (თქვენნაირი გამოცდილების მქონე ქალებთან ერთად). ოჯახის ან წყვილების თერაპიის დროს თერაპევტი მუშაობს თქვენთან და თქვენს პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან.
ანტიდეპრესანტები არეგულირებენ ტვინის ქიმიური ნივთიერებების ბალანსს, რომლებიც არეგულირებენ თქვენს გუნება-განწყობილებებს. კარგი შედეგისთვის შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე მედიკამენტის ერთად მიღება. თავს უკეთ იგრძნობთ ანტიდეპრესანტების მიღებიდან დაახლოებით 3-4 კვირის შემდეგ.
ანტიდეპრესანტებს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი უმრავლესობა მოკლე დროში ალაგდება. თუ გრძნობთ, რომ წამლებით გამოწვეული დისკომფორტი ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში ან დეპრესია გაგიმწვავდათ, აცნობეთ თქვენს ექიმს.
ზოგიერთ ქალს აქვს ძალიან მძიმე მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც არ ინკურნება თერაპიით და მედიკამენტებით. ამ დროს ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ ელექტროკონვულსიური თერაპია (ეკთ). ამ მეთოდის დროს, მცირე ელექტრული დენები გადის ტვინში, პაციენტი კი იმყოფება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ექსპერტების აზრით, ექლეტრული სტიმულაცია იწვევს ტვინში ქიმიურ ცვლილებებს, რაც ათავისუფლებს მოხსნის დეპრესიის სიმპტომებს.
ანტიდეპრესანტები უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს?
ზოგადად, მიიჩნევა, რომ ანტიდეპრესანტები დაშვებულია ძუძუთი კვების დროს. მართალია, გადადის დედის რძეში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები არის უსაფრთხოდ მიჩნეული და ხშირად ინიშნება დეპრესიის მქონე მეძუძურ დედებში. ასევე დაშვებულია სეროტონინისა და ნორეპინეფრინის შემბოჭველი ინჰიბიტორები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმეტესობა.
რამდენიმე კვლევის მიხედვით, იმ მეძუძურ ბავშვებს, რომელთა დედები იღებენ ანტიდეპრესანტებს, შეიძლება ჰქონდეთ ჭამისა და ძილის პრობლემები, ასევე გაღიზიანებადობა. თუმცა, იმ დედების ბავშვებსაც, რომლებიც არ მკურნალობენ მედიკამენტებით, იგივე სირთულეები შეიძლება ჰქონდეთ. თუ წამლების მიღების შემდეგ, შეამჩნევთ ცვლილებებს თქვენი პატარას ჭამის და ძილის ჩვევებში ან ქცევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, მაგრამ გააგრძელეთ მათი დალევა, სანამ ის არ მოგცემთ შეწყვეტის რეკომენდაციას.
როგორ გავუმკლავდე მშობიარობის შემდეგ დეპრესიას?
პროფესიონალური დახმარების მიღებასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავს დაეხმაროთ შემდეგი მეთოდებით:
გაუფრთხილდით საკუთარ თავს
დარწმუნდით, რომ თქვენი ძირითადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია: შეეცადეთ იძინოთ და ჭამოთ საკმარისად და ყველაფერი გააკეთეთ, რომ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ქონა არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი დედა ხართ ან შვილი არ გიყვართ. მკურნალობის დაწყების შემდეგ ეს შეგრძნებები დროთა განმავლობაში გაქრება.
ნუ მოსთხოვთ ზედმეტს საკუთარ თავს
თუ კლინიკური დეპრესია ან შფოთვა გაქვთ, შესაძლებელია უბრალოდ საწოლიდან ადგომაც და დღისთვის თვალის გასწორებაც საკმაოდ რთული იყოს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ნუ გადაიტვირთებით ბევრი საქმით.
ითხოვეთ დახმარება
იმისთვის, რომ კარგი დედა იყოთ, უნდა ისწავლოთ დახმარების თხოვნა, როცა ეს გჭირდებათ. უთხარით პარტნიორს და ახლობელ ადამიანებს კონკრეტულად რა საქმეებში გჭირდებათ დახმარება, შეიძლება ეს ზოგჯერ ბავშვზე ზრუნვა, ზოგჯერ კი საოჯახო საქმეებში დახმარება იყოს.
გაუზიარეთ თქვენი განცდები
მოუყევით პარტნიორს, რას განიცდით. შეუერთდით დედების ჯგუფებს სოციალურ ქსელებში და დაინახავთ, რომ უამრავი ქალი გრძნობს თავს თქვენნაირად.
გაინებივრეთ თავი
საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვამ შეიძლება უკეთ გაგრძნობინოთ თავი. მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, სანამ ბავშვზე მამა იზრუნებს. წადით საყიდლებზე და შეიძინეთ რამე თქვენი მშობიარობის შემდგომი გარდერობისთვის.
წყარო: https://www.babycenter.com/0_postpartum-depression_227.bc