დაიღალეთ მათემატიკის სახელმძღვანელოთი? შესთავაზეთ ბავშვებს პრაქტიკული მათემატიკა.
ქვემოთ მოყვანილი რჩევები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, დაგეხმარებათ თვითიზოლაციის დროს თქვენს შვილებს ასწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება და, აგრეთვე, „მიაბათ“ ისინი აკადემიურ ცხოვრებას.
2-4 წელი
ზოგიერთ უნარ-ჩვევას ბავშვები დამოუკიდებლად გამოიმუშავებენ, ზოგიერთს კი თქვენი დახმარება დასჭირდება.
სასწრაფო დახმარების ნომრის ცოდნა
ასწავლეთ ბავშვებს ტელეფონზე 112-ის აკრეფა. გაითვალისწინეთ, რომ მათ ასთორმეტი კი არა, ერთი-ერთი-ორი უნდა უთხრათ. ამ ნომრით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
ტანსაცმლის შერჩევა
გააცანით ბავშვს მოცემული დღის ამინდი და დაგეგმილი აქტივობები, რომ მათ მიხედვით ისწავლოს ტანსაცმლის შერჩევა და არა უშავს, თუ კოპლებს კუბოკრულ ქსოვილს შეუხამებს.
მაგიდის გაწყობა
გსურთ მარტივი გზით ასწავლოთ ბავშვებს ციფრები, დათვლა და სიმეტრია? დაიხმარეთ მაგიდის გაწყობაში: დანა-ჩანგლის, თეფშებისა და ჭიქების შესაბამისი კომპლექტების განლაგება სივრცითი და პროცედურული მეხსიერების გასავითარებლად.
5-7 წელი
ამ ასაკში ბავშვებს ძალიან მოსწონთ უფროსების დახმარება საოჯახო საქმეებში და ხშირად, გამოსდით კიდეც. რთულია, მშობელმა განსაზღვროს, როდის დაეხმაროს შვილს და როდის გადადგას ნაბიჯი უკან და აცალოს მას პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა. თუ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, არ ჩაერიოთ და გაოცდებით, როცა დაინახავთ, რასთან შეუძლიათ მათ გამკლავება.
დასუფთავება
ასწავლეთ ბავშვს ნიჟარების დასუფთავება შეძლებისდაგვარად ან მტვერსასრუტით იატაკის დასუფთავება. აგრეთვე შეგიძლიათ ასწავლოთ ნაგვისა და ნარჩენების დახარისხება – რომლის გადამუშავებაა შესაძლებელი და რომლის – არა და ამით წამოიწყოთ საუბრები გარემოზე ზრუნვაზე და მის ნაკლებად დაბინძურებაზე.
სარეცხის მომზადება და დახარისხება
სარეცხის დახარისხება ბავშვებს ასწავლის ნათელი და მუქი ფერების გარჩევას. და – სარეცხ მანქანაში რაიმეს მოთავსებამდე ჯიბეების დაცარიელებაზე რას იტყოდით? იციან, რომ ერთმა წითელმა წინდამ შეიძლება მთელი სარეცხი გაავარდისფროს? ამით ბავშვები ნივთიერებებთან დაკავშირებულ საწყის ცოდნას იძენენ.
ლოგინის გასწორება
სასწავლო წლის პერიოდში ეს აქტივობა მიფუჩეჩებულია ხოლმე, რადგან მთავარი შეიძლება სახლიდან დროულად გასვლა იყოს. მაგრამ ახლა სკოლაში არ გეჩქარებათ და გაქვთ დრო, რომ ასწავლოთ ბავშვს საკუთარი ლოგინის გასწორება.
სამზარეულოს საბაზისო უნარები
სხვადასხვა ინგრედიენტების მორევა, შერევა, შენჯღრევა, ათქვეფა, კვერცხის გატეხვა, ბლენდერის გამოყენება (უფროსის მეთვალყურეობით), სენდვიჩების მომზადება ბავშვების საყვარელი გასართობია.
8-10 წელი
ამ ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ მხოლოდ ერთჯერადად კი არ დაგეხმარონ, ყოველ დღე აიღონ თავის თავზე გარკვეული მოვალეობები შეხსენების გარეშე. მაგალითად, ძაღლის გამოკვება.
ასევე, მათ შეგიძლიათ უკვე ანდოთ ცხელ ქურასთან მუშაობა, თუ დარწმუნებული ხართ, რომ იციან უსაფრთხოების წესები.
სამზარეულოს საშუალო დონის უნარები
ამ ასაკში თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ კვერცხის შეწვა, წყლის ადუღება პასტისთვის და ბლინების გამოცხობა. ასევე, სთხოვეთ მათ მარტივ რეცეპტში ინგრედიენტების გაორმაგება, გასამმაგება და ა.შ. და ამით წილადები ასწავლოთ.
მებაღეობა
მზის რამდენი შუქი სჭირდება მცენარეს გასაზრდელად? რა განსხვავებაა წინა და უკანა ეზოს ნიადაგებს შორის? რომელი ჭიები ანადგურებენ ბოსტნეულს? მებაღეობა ცხოვრებისეული უნარების მეცნიერებასთან დაკავშირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
სამუშაო ხელსაწყოების გამოყენება
ჩაქუჩები, სახრახნისები, ქანჩები – ფიზიკური კოორდინაციის საშუალებებია და ასევე მათემატიკის და ფიზიკის ელემენტებს შეიცავს, მაგალითად: კუთხე, ძალა, იმპულსი ან სიჩქარე.
11+ ასაკი
თინეიჯერებმა უნდა ისწავლონ საკუთარი დროზე, ფულსა და პირად ჰიგიენაზე პასუხისმგებლობის აღება. ისინი უნდა ფოკუსირდნენ უნარებზე, რომლებიც ოდესმე დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის გამოადგებათ, მაგ. საბანკო ანგარიშის დაბალანსება, მარტივი საყოფაცხოვრებო საქმიანობა.
ფულის მართვა
აშკარაა, ეს მათემატიკაა. გარდა იმისა, რომ უნდა ვასწავლოთ, როგორ არ უნდა გადახარჯონ მათი ყოველთიური შემოსავალი, მათ ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა უნარების შესწავლაც დასჭირდებათ.
ეს შეიძლება იყოს საკრედიტო ბარათებისა და სესხის პროცენტის გამოთვლა, ფასებისა და ფასდაკლებების შედარება, დაგროვება/ხარჯვის ბალანსის წარმოება და სხვ.
საყოფაცხოვრებო საქმიანობა
შეუძლია თქვენს თინეიჯერს ნათურის გამოცვლა? გაზის დატენა? ბალახის გაკრეჭა? თუ არა. ახლა კარგი დროა ამ „მარტივი“ და საჭირო ჩვევების ასათვისებლად.
პირადი პასუხისმგებლობის განვითარება
მოზრდილებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ სატელეფონო ზარების განხორციელება, შეხვედრების დანიშვნა, საკვების შეკვეთა და საკუთარი დროის მართვა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეწყვიტეთ მათი კონტროლი ოთახის დალაგებისას, რათა შემდეგ მეგობრებთან ერთად წასვლა შეძლონ; წაახალისეთ რომ შექმნან საკუთარი გრაფიკი შაბათ-კვირისათის, სადაც ორივესთვის მოიძებნება დრო.
საკუთარ ჰიგიენაზე ზრუნვა
თუ თქვენ ისევ აკონტროლებთ თინეიჯერებს, რათა რეგულარულად იბანაონ, გამოიყენონ დეოდორანტი და სათანადოდ იზრუნონ თავიანთ კანზე და ა.შ., დროა განზე გადგეთ და აცალოთ, თვითონ იზრუნონ საკუთარ ჰიგიენაზე. ნება მიეცით, თვითონ შეარჩიონ პროდუქცია, გადაწყვიტონ როდის იბანავებენ, როგორ ვარცხნილობას შეარჩევენ. მსგავსი დამოუკიდებლობის მიცემით ისინი უფრო მოტივირებულები ხდებიან.
წყარო: www.verywellfamily.com