Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თუ თქვენი შვილი პრეტენზიული მჭამელია და ამის გამოსწორებას საჭმლის პოლიციელად გადაქცევით ცდილობთ, შესაძლოა, უფრო გააუარესოთ სიტუაცია. ამას ამტკიცებს  ახალი კვლევა, რომელიც 300-ზე მეტი მშობლისა და ბავშვის წყვილზე 5 წლის განმავლობაში დაკვირდების შედეგია.

ჭამა ერთ-ერთი სფეროა, რომელიც ბავშვებს შეუძლიათ მეტ-ნაკლებად აკონტროლონ. კვლევაში, პრეტენზიული ჭამის მხრივ, უფრო დაბალი შედეგები ჰქონდათ ბავშვებს, რომელთაც მშობლები არ აიძულებდნენ ჭამას და არ ჰქონდათ შეზღუდვები.

მკვლევრებმა სთხოვეს მშობლებს, შეეფასებინათ რამდენად პრეტენზიული მჭამელები იყვნენ მათი შვილები და როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ამას. მათ კითხვარი შეავსეს, როცა ბავშვები იყვნენ 4, 5, 8 და 9 წლის.

ამ კვლევის უნიკალურობა იმაშია, რომ მკვლევრებს ქცევაზე დაკვირვების საშუალება ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰქონდათ. კვლევისას აღმოჩნდა, რომ ამ ხუთი წლის მანძილზე ბავშვებს არ დაუძლევიათ პრეტენზიული კვების ჩვევა. შემდეგ წლებშიც ასე გაგრძელდება თუ არა, შემდგომი კვლევების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხია.

ბავშვები დაყოფილი იყვნენ პრეტენზიულობის დონის მიხედვით, დაბალ, საშუალო და მაღალ კატეგორიებად. მაღალ ჯგუფში მოხვდა მათი 15%, რომლებიც არ ჭამდნენ ბოსტნეულს ან შფოთავდნენ ახალი საკვების გასინჯვის დროს. მათ შეიძლება ჰქონდეთ საჭმელთან დაკავშირებული ცუდი მოგონებები, მოულოდნელი გემოების ან დისკომფორტის გამო.

კვლევის ავტორების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია აღმზრდელებმა მიზნად არ გაიხადონ, რომ ბავშვმა რამე გასინჯოს და ნაცვლად ამისა, იზრუნონ დადებითი შთაბეჭდილებების დაგროვებაზე. „არ მოსთხოვოთ ბავშვებს თეფშის მოსუფთავება ან მაგიდასთან ჯდომა, სანამ საჭმლის განსაზღვრულ რაოდენობას არ შეჭამენ. ასევე, თავი აარიდეთ საჭმლით მოსყიდვას“. ეს რა თქმა უნდა, რთულია. თავში უცებ მოგვდის, ვუთხრათ, რომ „შეჭამე მწვანე მარცვლები და მიიღებ დესერტს“, მაგრამ ამან შეიძლება ამან უფრო უარყოფითი ასოციაცია გაუჩინოს ამ პროდუქტის მიმართ.

კვლევამ ვერ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი განსხვავებები სოციო-ეკონომიკური სტატუსით, მაგრამ პრეტენზიულ ბავშვებს ჰქონდათ სირთულეები საკუთარ ემოციებთან გამკლავებაში. ავტორის აზრით, ზოგიერთი ბავშვი ტემპერამენტით არის ფრთხილი და განიცდის შფოთვას უფრო მეტად, ამიტომ მშობლები ნუ დაიდანაშაულებენ თავს, რადგან ზოგი უბრალოდ პრეტენზიული მჭამელია.

ყველაზე კარგი დრო საჭმლის შესაჩვევად არის 6 თვის ასაკი, როცა ბავშვი იწყებს დამატებითი (მყარი) საკვების მიღებას, შემდეგ კი საჭიროა შევთავაზოთ მრავალფეროვანი საჭმელი.

იმის ნაცვლად, რომ დაძალებით და კოვზის თვითმფრინავად გადაქცევით აჭამოთ, სცადეთ შემდეგი რჩევები:

ნუ დანებდებით ჭამისას. შესთავაზეთ კონკრეტული საჭმელი ბევრჯერ და ყოველთვის სტრესის გარეშე. კვლევების მიხედვით, ბავშვებს სჭირდებათ 12-ჯერ მაინც დაინახონ პროდუქტი ან მონაწილეობა მიიღონ მის მომზადებაში, რომ თქვან, მოსწონთ ის თუ არა.

იყავით საკვებით ტკბობის მისაბაძი მაგალითი. მშობლები, უფროსი და-ძმები, აღმზრდელები მისაბაძი მაგალითები არიან ბავშვებისთვის და თუ ისინი რამდენიმეჯერ დაგინახავენ, რომ კონკრეტულ საჭმელს ჭამთ, უფრო მიიღებენ მას. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებსაც შფოთვა და სიფრთხილე ახასიათებთ.

ჩართეთ ბავშვები საკვების შერჩევისა და მისი მომზადების პროცესში. მაღაზიაში სთხოვეთ შეარჩიოს 1-2 სახეობის ბოსტნეული და, თუ შესაძლებელია, მიეცით საჭმელის მომზადების საშუალება. ამით ისინი იგრძნობენ მეტ კავშირს საკვებთან, იამაყებენ, რომ თავად მოამზადებს და დადებითი ასოციაციები გაუჩნდებათ მის მიმართ.

მიეცით არჩევანის საშუალება. ნუ იტყვით, რომ თქვენმა შვილმა ერთი კონკრეტული ბოსტნეული უნდა ჭამოს. ეს ბავშვს ასწავლის, რომ საკვების მიღება მონოტონურია. მრავალფეროვნება ცხოვრების საკმაზია, თუ შეიძლება ასე ითქვას.

გაახალისეთ საკვების მიღება. საკვების მისაღებად დასხედით ტელევიზორისა და ტელეფონების გარეშე. მოყევით ამბებს, ჰკითხეთ ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ, დაუკარით სახალისო მუსიკა – ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ საკვების მიღება სახალისო აქტივობად ვაქციოთ, რასაც მოუთმენლად მოელიან ბავშვები. ეს ასევე აგრძნობინებს მათ, რომ საკვები „საწვავისთვის“ არის და არა ჩხუბისათვის და საკვების მიღებას იმ სასიამოვნო აქტივობების რიგში აყენებს, რომლებიც ოჯახის ერთიანობას უწყობს ხელს.

ნუ გააკეთებთ განსხვავებულ კერძებს. თუ თქვენს ბავშვი პრეტენზიული ხდება საკვებთან მიმართებაში, ნუ დაიწყებთ საკვების კეთებას ცალკე მისთვის და ცალკე – ოჯახისათვის. გქონდეთ სუფრაზე რაიმე, რისი ჭამაც შეეძლება და არ გაუმახვილოთ ყურადღება.

წყარო: https://edition.cnn.com/health

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5