საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი საქართველოს “ღია” ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით პროექტი “გავიღიმოთ” იწყება.
პროექტის მიზანი საქართველოს სასკოლო განათლებაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ემოციების მართვისა და სოციალური ურთიერთობების საბაზისო ჩვევების სწავლებაა. კოვიდ-პანდემიის ფონზე სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების საჭიროებამ კიდევ უფრო მეტი რელევანტურობა შეიძინა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერებისა და სოციო-ემოციური განვითარებისთვის განკუთვნილი პროგრამის/კურიკულუმის დანერგვა საქართველოს 15 სკოლაში. პროექტის აქტივობები მოიცავს ტრენერების დატრენინგებას ჩეხი კოლეგების მიერ, მასწავლებლების დატრენინგებას ტრენერების მიერ, მასწავლებლების ამ პროგრამის დანერგვას თავიანთ სკოლებში/კლასებში, ამ პროგრამის საქართველოს რეალობაში ეფექტურობის კვლევას, ფსიქო-საგანმანათლებლო რესურსების მომზადებას და სახელმძღვანელოს ადაპტაცია/თარგმნას ქართულ ენაზე.
პროექტი წარმოადგენს სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის წიგნიერების სწავლებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარების გზით, როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. პროგრამა შემუშავდა ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სამუშაო ჯგუფის მიერ. კურიკულუმი ეფუძნება მრავალდისციპლინურ ეფექტიან ინტერვენციებს, რომლებიც ნაჩვენებია, როგორც მოსწავლეების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალება. კურიკულუმი შემუშავდა და მისი პილოტირება განხორციელდა 2017 – 2021 წლებში, ხოლო შემდგომ იგი გადაიხედა დაინტერესებული მხარეების, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და საპილოტე პროგრამაში მონაწილე მასწავლებლების ვრცელი უკუკავშირისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
კურიკულუმი შედგება 20 სტრუქტურირებული გაკვეთილისგან, რომელიც ტარდება ემპირიული, საგანმანათლებლო აქტივობებისა და დისკუსიების ფორმით, სადაც მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეების ორიენტირსა და მისაბაძ მაგალითს. პროგრამა მოიცავს 5 ძირითად თემატურ ბლოკს და 20 გაკვეთილს. პროგრამის მიზანია, რომ სამომავლოდ ინტეგრირდეს საგაკვეთილო ცხრილში. ამ პროგრამის სწავლება არის დამოკიდებული მოსწავლეების აქტიურ ჩართულობაზე და მოსწავლეებს მოამზადებს რეალურ სტრესულ სიტუაციებთან ჯანსაღი გზებით გამკლავებაში.