Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ქოუჩი და “ქოუჩინგლაბის” დამფუძნებელი ირინა ჭოჭუა.

პროფესიული არჩევანი მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს. როგორ დავეხმაროთ მოზარდს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში და უნდა დავეხმაროთ თუ არა საერთოდ? გვესაუბრეთ მშობლის როლზე ამ საკითხში.

როდესაც ბავშვი იწყებს პროფესიულ არჩევანზე ფიქრს, ამ პროცესში მშობლის როლი არის ძალიან დიდი და ძალიან საფრთხილო. ხშირად გვინახავს ირგვლივ მაგალითები, როდესაც მშობლები თავიანთ შვილებს თავს ახვევენ კონკრეტულ მიმართულებებს ან თავიანთ სურვილებს სხვადასხვა მიზეზების გამო, რაც შემდგომში, მოზარდის პროფესიული არჩევანის ჩამოყალიბების დროს ან უკვე პროფესიის არჩევის შემდეგ, გარკვეულ სირთულეებს იწვევს.

მე ვიტყოდი, რომ მშობლის როლი არის განსაკუთრებული, რადგან ის უნდა იყოს შვილისთვის პროფესიული ძიების პროცესში მხარდამჭერი და არა მიმთითებელი. ამას კი სჭირდება დიალოგი ბავშვთან, მოსმენა, დაკვირვება პროცესებზე, სწორი უკუკავშირი, სწორი კომუნიკაცია და ხშირ შემთხვევაში, დიდი მოთმინების უნარი. რადგანაც, თითოეული ადამიანის განვითარების გზა ინდივიდუალურია, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს ერთგვარი რეცეპტი და ეს გზა მშობელმა და ბავშვმა, ერთად უნდა გაიარონ.

ხშირად მშობლები შვილების მომავალზე აწყობენ საკუთარი იმედების და განწყობების პროექციას, რა დროსაც ბავშვების საუკეთესო ინტერესი ზარალდება. როგორი იქნება სწორი მხარდაჭერა მშობლის მხრიდან?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს დავეხმაროთ აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესის სფერო, საკუთარი ძლიერი და განსავითარებელი მხარეები. ამისთვის უამრავი სხვადასხვა მიდგომა და ინსტრუმენტი არსებობს. მშობელს შეუძლია ამ პროცესში, მეტი თვითშეცნობისთვის, ფსიქოლოგი ჩართოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი შვილთან დიალოგია და ისეთი კითხვების დასმა, თუ როგორ წარმოუდგენია მას საკუთარი მომავალი 5, 10, 20 წლის შემდეგ, როგორ უნდა რომ იცხოვროს და როგორი ადამიანი უნდა, რომ იყოს. ეს კითხვები მისცემს ბიძგს თვითრეფლექსიისთვის, მეტი ჩაღრმავებისთვის საკუთარ თავში, საკუთარ განვითარებაში. ძალიან კარგია, თუკი მშობელი დაეხმარება შვილს სხვადასხვა აქტივობებში სცადოს თავისი შესაძლებლობები. ასევე, ბრწყინვალე შედეგებს იძლევა მენტორთან მუშაობის პრაქტიკა. როდესაც ბავშვს, თავისი ინტერესების შესაბამისად, ჰყავს მენტორი, რომელიც ეხმარება მას პროფესიული უნარების განვითარებაში და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ბუნებრივია, მშობლის როლი ამ შემთხვევაში არის დაეხმაროს ბავშვს მენტორის სწორად შერჩევაში.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, გამოვყოფდი ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს. ჩვენ ვიცით, რომ მშობლები არიან ერთგვარი მაგალითები და როლური მოდელები ბავშვის პიროვნული განვითარების პროცესში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მშობელი თავად არის საკუთარი პროფესიული განვითარებით ბედნიერი და ამით აძლევს შვილს მაგალითს.

რა იქნებოდა ბავშვის წარმატებისთვის საუკეთესო ხელშემწყობი ინსტრუმენტი და  როგორ შეგვიძლია მშობლებს  გავაძლიეროთ ისინი პიროვნულად, იმისათვის, რომ სწორი და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ?

ადამიანის განვითარების პროცესში ერთ-ერთი ფუნდამენტია ფასეულობების სისტემა და მისი ჩამოყალიბება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია მშობელს გააძლიეროს შვილი, აქცენტს გავაკეთებდი სწორედ ამაზე, თუ როგორ ეხმარება ფასეულობების ჩამოყალიბებაში და გააზრებაში. ასევე, რამდენად ეხმარება ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში, როგორიცაა კომუნიკაცია, სტრესმედეგობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, ემოციების გაცნობიერება და მართვა, სწორი თვითშეფასება. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი არსებობს ამისთვის, თუმცა, აუცილებლად გამოვყოფდი მთავარს და მნიშვნელოვანს – ეს არის დიალოგი მშობლის მხრიდან შვილთან, მოსმენა და მაგალითის მიცემა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5