გიორგი დანელია ერთ-ერთი ცნობილი იუთუბერია საქართველოში. მის იუთუბ ვიდეოებში ხშირად შეხვდებით ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბარს და განხილვებს. მომხმარებლები თვლიან, რომ გიორგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონტენტი აქვს იუთუბზე. მისი მეუღლე თეონა ჩაჩუა – ინსტაგრამზე make up ტუტორიალების მიმართულებით გვთავაზობს კონტენტს. გიორგის და თეონას ცხოვრებაში პატარა გოგონა კირა არსებობს და “დედამიცის” სწორედ ამ ნაწილით დაინტერესდა. როგორ ზრდიან ინფლუენსერი ცოლ-ქმარი შვილს და რა წესები და მიდგომები აქვთ მათ აღზრდის პროცესში, ინტერვიუში წაიკითხავთ.
როგორია კირას მშობლობა?
გიორგი: მე და თეოს ზოგადად ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. ვინაიდან კირა ჩვენი პირველი შვილია, თავიდანვე ვცდილობდით ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში დროის და სხვა რესურსების დაბალანსება გვესწავლა. ალბათ ასეთ დროს ყველა საკუთარი გამოცდილებით სწავლობს და ჩვენც ასე მოგვიწია.
ცოტა ხნის წინ, როდესაც ორ კვირიანი კარანტინი გამოვიარეთ, ბავშვთან ურთიერთობის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან ერთად გაცილებით დიდი დროის გატარება მოგვიწია. ადრე ამის საშუალება არ გვქონდა: სამუშაო დღეებში სახლში პირველი ძიძა მიდიოდა, შემდეგ თეონა და ცოტა გვიან მათ მეც ვუერთდებოდი. თუმცა, უქმეებზე ამ დანაკლისს მაქსიმალურად ვაკომპენსირებდი.
კარანტინის პერიოდში მშობლის მოვალეობები თეოს მსგავსად მეც სრულფასოვნად გავინაწილე, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მამას დროის დიდი დანაკლისი მაქვს – კირას იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენსაც დედა, თუმცა ამის დაკომპენსირებას აღზრდის პროცესში სხვადასხვანაირი ჩართულობით ვცდილობ.
ყოველთვის ინსტინქტურად ვფიქრობდი, რომ ბიჭი მეყოლებოდა და როდესაც კირა დაიბადა, სულ სხვანაირი დამოკიდებულება გამიჩნდა მის მიმართ. ისეთი საყვარელი არსებაა, რომც არ გინდოდეს, აუცილებლად გაიძულებს, კარგი მამა იყო.
თეო: ბავშვის გაჩენის შემდეგ იძულებული ხარ ისწავლო ყველაფერი ის, რაც მისი აღზრდის პროცესში დაგჭირდება. ჩვენ თავიდანვე არ ვიყავით კონცენტრირებული იმაზე, რომ ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ზოგადად სწორად მიიჩნევა.. მაგ: გავრცელებული აზრია, რომ ბავშვს ყოველთვის კუდში უნდა სდიო და ყველაფერი მის მაგივრად გააკეთო – ჩვენ ასე არ ვაკეთებდით. ყოველთვის ვცდილობთ, რომ კირა მაქსიმალურად თავისუფლად იყოს, ისწავლოს და რაღაცების კეთება დამოუკიდებლად სცადოს.
მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 24 საათის განმავლობაში კუდში დევნა და ყველაფრის შეზღუდვა. ამის ნაცვლად გვირჩევნია თვითონ ისწავლოს, თუ საჭიროა შეცდომებიც დაუშვას და შემდეგ თვითონვე გაანალიზოს.
ახლა, როდესაც ბაღში დავიწყეთ სიარული, მივხვდით, რომ ჩვენი მიდგომა გამართლებული იყო. ბაღის პედაგოგები ხშირად გვეკითხებოდნენ თუ რამდენად დამოუკიდებლად შეეძლო ყოფნა, რაიმე სპეციფიკურ მიდგომას ან დახმარებას ხომ არ საჭიროებდა. რადგან დამოუკიდებლობას თავიდანვე შეეჩვია, კირა ამ კუთხით ძალიან უპრობლემო გახდა და ახალ გარემოსთანაც მარტივად ადაპტირდება. ასევე, ვხედავთ, რომ მშობლების მიმართ ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვულობა აქვს, რაც ორივეს ძალიან გვახარებს.
გიორგი თქვენ მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ. შვილის აღზრდის პროცესში ეს გამოცდილება გეხმარებათ თუ არა?
გიორგი: დიახ, მე მრავალშვილიანი ოჯახიდან პირველი შვილი ვარ და ჩემ შემდეგ სახლში კიდევ ექვსი ბავშვი გაიზარდა. მე პირადად ბავშვებზე ზრუნვის დიდი პრაქტიკული გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემს შვილთან ურთიერთობაში ძალიან მეხმარება. კირა ახლა ყველაფრის შეცნობის პროცესშია და ვფიქრობ, რომ ხელი უნდა შევუწყოთ, რათა მაქსიმალურად გაიცნოს სამყარო.
ახლახან კირას ძაღლი აჩუქეს, რადგან ცხოველები ძალიან უყვარს. ძაღლის ყოლის წინააღმდეგები არც ჩვენ ვყოფილვართ, რადგან სანამ მას და-ძმა ეყოლება, გვინდა ერთგული მეგობარი ჰყავდეს.
როგორ ატარებთ კირასთან ერთად დროს?
გიორგი: როცა დრო გვაქვს , მაქსიმალურად ვცდილობთ ქალაქგარეთ გავიდეთ და ის დღეები ბუნებაში გავატაროთ. ამ დროს კირასთან თამაშში მაქსიმალურად ვართ ჩართული: ერთად ვსეირნობთ, ვმღერით, გარემოს ვათვალიერებთ და საინტერესო ვიდეოებსაც ვუყურებთ.
მიმაჩნია, რომ ბავშვისთვის ბუნებასთან თუ მიწასთან ურთიერთობა აუცილებელია და ვცდილობთ ამ პროცესს ხელიმაქსიმალურად შევუწყოთ. გაზრდის პროცესში ძალიან მკაფიოდ მახსოვს ჩემი ურთიერთობა ბუნებასთან – ის რაც ჩემთვის სრულიად ბუნებრივი იყო, ქალაქში გაზრდილი ბავშვისთვის ხშირად ეგზოტიკად მიიჩნეოდა. ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ ბავშვის განვითარებისთვის გარემოს შეცვლა და ახალი ადგილების ჩვენება ძალიან სასარგებლოა.
თეო: კირა გიჟდება სიმღერაზე და როგორც კი სიმღერა ესმის, მაშინვე ცეკვას იწყებს. ხშირად ვთამაშობთ როლურ თამაშობს, რომელიც მას ძალიან უყვარს. კირა უკვე ძალიან გონიერი გოგოა, ყოველთვის აინტერესებს რაღაც ახალი და ახლა საკმაოდ ინტენსიურად ცდილობს, რომ ალაპარაკდეს. ჩვენც ველოდებით თუ როდის შეძლებს გამართული წინადადებების თქმას, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეული სიტყვებით გველაპარაკება და ზოგჯერ საკომუნიკაციოდ სიმღერასაც კი იყენებს.
ეკრანთან დაკავშირებით როგორია თქვენი მიდგომა და თუ გაქვთ გარკვეული ლიმიტები ?
თეო: როგორც ყველა მშობელი, ძალიან ვცდილობდით კირას ეკრანთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეგვეზღუდა. ჩვენც ვცდილობდით მისი თანდასწრებით ტელეფონთან და ლეპტოპთან ნაკლები დრო გაგვეტარებინა. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, როცა ორი კვირა კარანტინში აღმოვჩნდით, ეკრანებთან ურთიერთობამ მაინც მოგვიწია.
მისთვის ვარჩევთ საბავშვო კონტენტს და მაქსიმალურად ვცდილობთ ეკრანთან გატარებული დრო იყოს ლიმიტირებული. ხანდახან არის მომენტი, როცა სხვა ვერაფრით ვერ ერთობა და ითხოვს ეკრანს.
ტელეფონებს არ ვაძლევთ, გვაქვს სპეციალური აიპედი, სადაც ჩაწერილი გვაქვს იუთუბ კიდსი და მისი დახმარებით შეზღუდული დროით უყურებს საინტერესო ვიდეოებს. ამ ვიდეოებში არის თვლის გაკვეთილები, სიმღერები ან ისტორიები ცხოველებზე. უყვარს ასევე “ჟირაფი ჟოზე”, რადგან მათ ძალიან სახალისო ტექსტები და სიმღერები აქვთ. თუმცა აქაც ვცდილობთ ლიმიტი გვქონდეს, რადგან ვხედავთ, რომ დროის გასვლასთან ერთად მოთხოვნები ეზრდება.