Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნინო ჩეხოშვილი დემენციის და ალცჰაიმერის  სპეციალისტია, ის ოცი წელია ამერიკაში ცხოვრობს. ნინო Long Island Jewish Hospital-ის ცენტრებში მუშაობს, სადაც   უფროსი მედდა და ასევე,  დემენციით დაავადებულ ავადმყოფთა მხარდამჭერი ჯგუფების ხელმძღვანელია. COVID 19-ის პანდემიის დროს, როდესაც ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად ნიუ-იორკში “კრიზის ცენტრი” შეიქმნა,  ნინო მაშინვე ჩაერთო  მუშაობაში. “კრიზის ცენტრის” თანამშრომლები  სახლის პირობებში მყოფი  კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდნენ  პროცესის მონიტორინგში, აძლევდნენ მათ მკურნალობის მიმართულებას და ეხმარებოდნენ ჰოსპიტალიზაციაში. ნინო ამერიკაში მეუღლესთან და რვა წლის დანიელთან  ერთად ცხოვრობს, ორ მაგისტრატურაზე სწავლობს, დისტერტაციის თემაზე მუშაობს და  ნელ-ნელა გამოდის პანდემიური სტრესიდან. ნინოს ვთხოვეთ ჩვენთვის ეამბნა, როგორ მუშაობდნენ პანდემიის დროს ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად და  რა პრობლემებს აწყდებოდნენ COVID19-თან ბრძოლაში. 

როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში პანდემიის დროს და როგორ ეხმარებოდა მათ “კრიზის ცენტრი” ?

“კრიზის ცენტრის” შექმნის მიზანი, ამერიკაში კოვიდ-19-ით დაავადებული ქართველების დახმარება იყო. ნიუ-იორკი იყო ეპიდემიის ეპიცენტრი და იქ  მცხოვრები ქართველი ემიგრანტები უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. გადატვირთული საავადმყოფოების გამო, საჭირო და მნიშვნელოვანი  გახდა სახლში მკურნალობის მენეჯმენტი. ჩვენი “კრიზის ცენტრის” სამედიცინო მიზანიც  სწორედ ეს იყო – მიგვეცა მათთვის სამედიცინო მიმართულება.  ცენტრს  ასევე ჰქონდა მეორე მიმართულება-სოციალური პაკეტი, რომელიც კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ქართველი ემიგრანტების დახმარებას ითვალისწინებდა. პანდემიის გამო, ბევრმა ქართველმა ემიგრანტმა დაკარგა სამსახური, აღმოჩნდნენ იზოლაციაში და ეს ძალიან რთული იყო მათთვის. კრიზის ცენტრის მედდები  მივდიოდით მათთან, მიგვქონდა წამლები და  პროდუქტები. ზოგიერთ ოჯახში აღმოჩნდნენ ბავშვები და ეს ოჯახები იყვნენ უკვე უსამსახუროდ და მათაც ძალიან სჭირდებოდათ დახმარება. 

მოგვიყევით თქვენს პაციენტებზე, ისინი ძირითადად ქართველი ემიგრანტები არიან. როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდა თქვენს შორის უცხო ქვეყანაში?

არ შემიძლია გამოვყო რომელიმე პაციენტი განსაკუთრებით, ჩვენ ყველასთან გვქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა. უცხო ქვეყანაში ისინი დასაყრდენს ჩვენი სახით ხედავდნენ, მათთვის ჩვენ ვიყავით ერთადერთი იმედი და უზომოდ დიდი მადლიერებით იყვნენ ავსებული ჩვენ მიმართ. ყოველ დილით მხვდებოდა მესინჯერში მათი სამადლობელი წერილები და თბილი სიტყვები, რაც კიდევ დიდ ძალას და სტიმულს გაძლევდა, გვებრძოლა მათთვის და სხვებისთვის, ვისაც უჭირდა. ეს არის ჩვენი-მედიკოსების მთავარი დანიშნულება- ბოლო წუთამდე იბრძოდე მათი გადარჩენისთვის და განიცდიდე მათ მდგომარეობას.

რა პრობლემები იჩენდა თავს, ქართველი პაციენტების მკურნალობის პროცესში? 

სანამ პაციენტი ჩვენთან დარეკავდა, რომელიც უკვე  ცუდად იყო, მათ უკვე დალეული ჰქონდათ ბევრი სხვადასხვა ანტიბიოტიკი  ურეცეფტოდ. კოვიდ19-ის პირობებში სამკურნალო წამალი არ გვაქვს, რაც გვაქვს შემოთავაზებული ეს არის კლინიკური ცდისთვის , რომელიც სხვა ურთულესი დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. პაციენტები თვითნებურად სვამდნენ ამ წამლებს, ამას ემატებოდა ადამიანში კოვიდ19-ისგან გამოწვეული პრობლემები და ეს ყველაფერი უნგრევდა მათ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ სისტემას. მათი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან იყო უდიდესი ბრძოლა და წინასწარ,  არასდროს ვიცოდით გავიდოდით თუ არა სამშვიდობო გზაზე. ისინი ამ წამლების შესახებ ისმენდნენ ტელევიზორიდან ან ნაცნობებიდან, კითხულობდნენ ფეისბუქზე  და შემდეგ იღებდნენ ბრმად.   

სულ რამდენიმე კვირაა, რაც ოჯახს დაუბრუნდით. როგორი იყო თქვენი მუშაობის რუტინა კრიზის ცენტრში, როგორ უმკლავდებოდით პანდემიის რთულ  გამოწვევას?

მე ორთვენახევარი სახლში არ ვყოფილვარ, ახლა მივედი. ძალიან გამიჭირდა ფსიქოლოგიურად ეს პერიოდი. მეშინოდა სახლში მისვლის, რადგან სახლში რვა წლის შვილი და მეუღლე მელოდებოდნენ და  ვფიქრობდი არ ვყოფილიყავი ვირუსის უსიმპტომო მატარებელი…  შეიძლება ითქვას,  ჩემს ოჯახს ვიცავდი ჩემი თავისგან. 

პანდემიის პერიოდში მე ამერიკელ პაციენტებთან ვმუშაობდი, შემდეგ შეიქმნა “კრიზის ცენტრი” და უკვე 24 საათის განმავლობაში  ვიყავი ტელეფონთან და მკურნალობაზე ამყავდა პაციენტები, ტელეფონის დატენვას ვერ ვასწრებდი.  COVID19-მა  არა მარტო ფიზიკური გართულებები, ასევე დიდი ფსიქოლოგიური სიძნელეები შეუქმნა ყველას, განსაკუთრებით კი ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც  ვერ უძლებდნენ  ფსიქოლოგიურ წნეხს, რადგან იყვნენ საკუთარი ქვეყნიდან და საყვარელი ადამიანებიდან ძალიან შორს, უცხო ქვეყანაში. ჩვენ მუდმივად ვმეთვალყურეობდით პაციენტებს, რომლებიც გაეწერნენ საავადმყოფოდან ან რომლებიც სახლიდან მკურნალობდნენ. კოვიდ-19 ძალიან მძიმე გართულებებს ტოვებს და იმუნურ სისტემას მთლიანად არყევს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაციენტებს სწორად მიეღოთ სამკურნალო მედიკამენტები, ვასწავლიდით ფილტვების გასაძლიერებელ სუნთქვით  ვარჯიშებს და  ვასწავლიდით, როგორ გამკლავდებოდნენ ამ ვერაგ დაავადებას. ამ პერიოდში ასევე ვსწავლობდი ორ მაგისტრატურაზე და ვესწრებოდი ონლაინლექციებს.   ეს იყო ძალიან დამქანცველი და ემოციურად დამძაბველი პერიოდი ყველასთვის. კრიზის ცენტრში ყველა მუხლმოუდრეკლად და დაუღალავად შრომობდნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ნელ-ნელა ზარები შეწყდა.“კრიზის ცენტრის” ფუნქციონირებიდან სამი თვის თავზე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ გამოწვევას კარგად გავუმკლავდით.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5