Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეონა ტაბატაძე.

ბავშვის განვითარების პროცესში მშობლები არაერთი რთული სიტუაციის მომსწრე ხდებიან. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის გათვითცნობიერებულობა და მომზადება ბავშვებში გადაუდებელი სიტუაციების შედეგად გამოწვეული ტრავმების სწორი პირველადი დახმარებისთვის?

არსებობს ასეთი გამოთქმა: “საუკეთესო ექიმი პატარასთვის თავად მშობელია” და ეს გამოთქმა ზუსტად შეესაბამება ამ ნიუანსების ცოდნას. ეს ცოდნა მშობელს აძლევს საშუალებას დაიცვას პატარა შორეული გართულებებისგან და ხშირ შემთხვევაში გადაარჩინოს კიდეც მისი სიცოცხლე. როდესაც ვსაუბრობთ ტრავმებზე, რასაც აუცილებლად აწყდება თითოეული მშობელი ცხოვრების მანძილზე, პირველ ადგილას მომართვიანობის სიხშირით გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში არის დამწვრობითი ტრავმები. დამწვრობითი ტრავმები გვხვდება 0 თვიდან, როდესაც დედა შეიძლება იღებდეს ჩაის ფინჯანს ხელში და მოულოდნელად გადაესხას ცხელი ჩაი ბავშვს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მან იცოდეს, როგორ გაუწიოს თავის პატარას სწორი, პირველადი სამედიცინო დახმარება.

რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს?

პირველ რიგში, ამ დროს აუცილებლად უნდა შევუშვიროთ დაზიანებული არე გამდინარე წყალს 5-10 წუთით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ მალამო ან ცხიმი, არ უნდა გავხეთქოთ ბუშტუკი და დამწვრობითი ჭრილობა უნდა დავფაროთ სტერილური ნაჭრით ან ბინტით, ასევე შეგვიძლია გამოვიყენთ ცივი საფენი (სუფთა ქსოვილში მოთავსებული პატარა ყინულები). ცივი საფენის გამოყენება ამცირებს ტკივილს და ეს საფენები შეგვიძლია გამოვიყენოთ 15 წუთის მანძილზე, 10 წუთიანი ინტერვალებით. ასეთ დროს შეიძლება ბავშვს დავალევინოთ წონის შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი.

არსებობს ასევე ქიმიური ნივთიერების გამოწვეული დამწვრობები. რა უნდა იცოდეს მშობელმა ასეთი შემთხვევისთვის?

როდესაც ბავშვის თვალში ხვდება ქიმიური ნივთიერებები, ამ დროს ნაზი ჭავლით, მაგალითად შპრიცით უნდა ვასხუროთ თვალში გამდინარე, სუფთა წყალი ნელ-ნელა და ნახევარი საათის განმავლობაში ვრეცხოთ. თუ ქიმიური ნივთიერება მოხვედრილია ტანსაცმელზე აუცილებლად უნდა გავხადოთ ეს ტანსაცმელი და ის ადგილი აუცილებლად ვრეცხოთ გამდინარე წყლით 15 წუთის განმავლობაში. ქიმიური ნივთიერებით დამწვრობის შემთხვევაში თვალზე გვჭირდება 30 წუთი, კანზე მოხვედრის გასასუფთავებლად კი 15 წუთი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამწვრობით ჭრილობებს აუცილებლად სჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა და მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკო თერაპია. ამიტომ გართულების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლად პირველი დახმარების შემდეგ უნდა მივმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავირიდიოთ ისეთი მეორადი გართულებები, როგორიც არის შოკი და სეფსისი, რაც მკურნალობის გარეშე სამწუხაროდ  დასრულდება ლეტალობით.

Რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა ქიმიური ნივთიერების გადაყლაპვის ან მოწამვლის  დროს?

არასოდეს არ უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, თუ ბავშვი არის უგონო მდგომარეობაში, ან თუ ბავშვმა დალია ძლიერი მჟავა, ან ტუტე ან ნავთობის პროდუქტები, მაგ: ნავთი, ბენზინი, ან მინის საწმენდი. თუ გვაქვს ასეთი შემთხვევა უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს ან დავრეკოთ სასწრაფო დახმარების ცენტრში. რაც მშობლებს უნდა ახსოვდეთ ასეთ სიტუაციებში, ყველაზე მთავარია, პირველადი სამედიცინო დახმარების დაწყებამდე აუცილებლად უნდა დავრეკოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 112.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5