Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კლინიკური ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის დოქტორი  მაია მაჭავარიანი  “დედამიცის” – თან საუბრობს დისლექსიის, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევის შესახებ. 

რა ტიპის დარღვევაა დისლექსია და ძნელია თუ არა მისი ამოცნობა? 

დისლექსიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კითხვის დარღვევას, თუმცა  ეს მდგომარეობა მოიცავს  წერის სიძნელეებსაც და ზოგადად ვერბალური, ანუ ენით გაშუალებული, ინფორმაციის გადამუშავების სირთულეებს.    რაც ვლინდება ასოების ამოცნობის, სიტყვების ზუსტი და სწრაფი წაკითხვის, წაკითხულის გააზრების სიძნელეებში. როგორც წესი, ამ მდგომარეობის მქონე ბავშვებს აქვთ კითხვის მცირე გამოცდილება, რადგან წერა-კითხვის და ტექსტთან მუშაობის პროცესი არ სიამოვნებთ და ამის შედეგი კი ის არის, რომ ლექსიკური მარაგი და ზოგადად აკადემიური მოსწრებაც ზარალდება.  ასევე აღსანიშნავია, რომ დისლექსია არის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ  კითხვასთან დაკავშირებულ დასწავლის სიძნელეებს მოიცავს. ანუ დისლექსიის მქონე ბავშვებს არ აქვთ ინტელექტუალური განვითარებს დარღვევა, ეს მდგომარეობა არ არის გამოწვეული რაიმე ნევროლოგიური დაავადებით, სენსორული დეფიციტით ან განათლების ცუდი ხარისხით. 

Რა დამატებით პრობლემებს ქმნის დაგვიანებული დიაგნოსტიკა? 

სამწუხაროდ სკოლამდელ ასაკში და ხშირად 1-2 კლასებშიც დისლექსიის ამოცნობა ვერ ხერხდება, რადგან ამ ასაკში ჯერ კიდევ არ მოეთხოვებათ ბავშვებს ისეთი ტიპის დავალებების შესრულება, სადაც ძალიან თვალშისაცემი იქნება კითხვის სინელე ან წერაში დაშვებული შეცდომები. ამიტომ შესაძლოა, მე-3, მე-4 კლასამდე ეს საკითხი არც კი წამოიჭრას. 

აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება, რამდენად ეხალისება აკადემიური აქტივობები ბავშვს, ხომ არ გახდა ჩაკეტილი, დეპრესიული. ხშირად სკოლაში შესვლის შემდეგ უარესდება ბავშვის ქცევა, რაც ასევე შესაძლოა იყოს მისი მხრიდან მეცადინეობის პროცესიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.  თვითშეფასების დაქვეითება  ,,მე არ გამომივა“, ,,მე ყველაზე ცუდი ვარ კლასში“… მოტივაციის დაკარგვა და სიზარმაცეც ასევე, როგორც წესი აკადემიური აქტივობებისთვის საჭირო უნარების დეფიციტის ნიშანია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაწყებით კლასებში არ არსებობს ზარმაცი ბავშვი.  არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ პრობლემები და მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. 

შეიძლება ითქვას რა იწვევს დისლექსიას?

დისლექსია არის ნეირობიოლოგიური მიზეზების მქონე დარღვევაა.  ამ მიზეზებიდან ნაწილი მემკვიდრეობითია და ხშირად დისლექსიის მქონე ბავშვების ახლო ნათესავებს ასევე აღენიშნებოდათ კითხვის სიძნელეები სასკოლო ასაკში. ეს განპირობებულია იმით, რომ მემკვიდრეობით ხდება გარკვეული ტიპის გენების გადაცემა, რომლებიც გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ ამუშავებს თავის ტვინი ტექსტს და ენით გაშუალებულ ინფორმაციას; ხოლო მიზეზთა დანარჩენი წილი გარემო ფაქტორებთან არის დაკავშირებული. რომ შევაჯამოთ დისლექსიის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • დისლექსიის არსებობა ახლო ნათესაობაში;
  • ორსულობის პერიოდში ინფექციის გადატანა, ასევე ნიკოტინის, ალკოჰოლის და სხვა ნივთიერებების გამოყენება დედის მიერ, რაც ცნობილია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებაზე;
  • დღენაკლულობა ან დაბალი წონა დაბადებისას;
  • თავის ტვინის ანატომიის თავისებურებები, რაც გულისხმობს კითხვაზე პასუხისმგებელი უბნების განსხვავებულ განვითარებას.  

როგორი ტიპის სწავლება მოიაზრება დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის

ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ დახმარება და მხარდაჭერა როგორც სასწავლო გარემოში, ისე ოჯახში. ამის მაგალითი შეიძლება იყოს წერით გამოცდაზე დამატებითი დროის გათვალისწინება, სასწავლო პროცესში აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენება, ლიტერატურის და სხვა დიდტანიანი ტექსტების ნაცვლად აუდიო წიგნების გამოყენება.  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვის  შემთხვევაში კითხვისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესება არ შეიძლება. 

არის თუ არა დაძლევადი ეს პრობლემა? 

პრობლემის დაძლევა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ამ მდგომარეობის დროულად აღმოჩენაზე, ასევე დისლექსიის ტიპზე. დახმარების პროცესი სწორად და ინდივიდუალურად უნდა იყოს დაგეგმილი, აუცილებელია კითხვისათვის და ენით გაშუალებული ინფორმაციის გადამუშავებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე  მუშაობა, ლექსიკური მარაგის გაზრდა და ა.შ ამ პროცესში, როგორც წესი, ჩართულია პროფესიონალთა ჯგუფი, მათ შორის სკოლის ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, სპეცპედაგოგი.

არის თუ არა საქარველოში გავრცელებული დისლექსია ბავშვებში და რა იცის საზოგადოებამ ამ დარღვევაზე? 

დისლექსიის მქონე ადამიანების წილი  გლობალურად 5-10% შეადგენს, ეს მდგომარეობა გვხვდება ყველა სოციალურ ფენაში და ყველა კულტურაში, საქრთველოშიც მათ შორის. დღეს, მედიის და ინტერნეტ რესურსების დახმარებით საზოგადოება შედარებით  მეტად არის ინფორმირებული, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და მშობლების შემთხვევაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. 

როგორ ვლინდება დისლექსია ბავშვებში და რა ხასიათის სპეციფიკური შეცდომები აღინიშნება? 

ძირითადი ნიშნებია ასო-ასო კითხვა, კითხვისას სიტყვების დაბოლოების არასწორად წაკითხვა, კითხვის ნელი ტემპი და წაკითხულის გააზრების სიძნელეები. ასეთ ბავშვებს ხშირად უჭირთ სარკისებრი ასოების გარჩევა, როგორიცაა ძ, ხ, შ, წ, ნ, მ. გარდა ამისა, ხშირია ასოების მარცვალში გაერთიანების სიძნელეები და პირიქით სიტყვების ბგერებად დაშლის სიძნელეები. დისლექსიის მქონე ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ოპერატიული მეხსიერების მოცულობის შევიწროება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას უჭირს მეხსიერებაში 2-3 (ზოგჯერ 1-2) ელემენტზე მეტის შეკავება და გადამუშავება. ასეთ შემთხვევაში 4 სიტყვიანი წინადადების წაკითხვისას ან თავი არ ახსოვს, ან ბოლო. შესაბამისად უჭირს წაკითხულის გააზრებაც. კითხვის გარდა ზარალდება წერის პროცესიც, ასევე ხშირია პრობლემები მათემატიკაში, განსაკუთრებით ამოცანების ამოხსნის მხრივ. 

ასაკამდე შეიძლება არ მივიჩნიოთ შეცდომები დისლექსიის ნიშნებად?

დავიწყებ სასკოლო მზაობით. სკოლაში წასვლის წინ ბავშვს უნდა შეეძლოს ზეპირად მარტივი მოკლე (5 ასოიანი )სიტყვების ბგერებად დაშლა და ასევე რამდენიმე ბგერის გაერთიანება სიტყვაში. მაგ: ხ-ე-ლ-ი  რა გამოვიდა? ხელი!  

პირველ კლასში ბავშვები იწყებენ ანბანის შესწავლას. აქ მნიშვნელოვანია ბავშვმა დააკავშიროს ბგერა ასოსთან. შემდეგ კი ასოების მარცვლებში გაერთიანება, ხოლო მარცვლების სიტყვაში და ამ სიტყვასთან გარკვეული შინაარსის დაკავშირება. როგორც ხედავთ საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მრავალ საფეხურს მოიცავს სანამ მოხდება კითხვის პროცესის ავტომატიზაცია. ავტომატიზაციას სჭირდება გარკვეული დრო და გამოცდილება, ამიტომ პირველ კლასში მარცვალ-მარცვალ, ნელი კითხვა, იმის ფონზე, რომ ბავშვს არ უჭირს წაკითხულის გაგება არ ითვლება პრობლემად. შემდეგ კლასებში ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს და მეორე კლასის ბოლოსთვის კითხვა  თავისუფალი და ზუსტი უნდა გახდეს, სარკისებრი ასოების არევა ძალიან იშვიათი, წერისას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ერთეულ შეცდომებს, რაც მეტად უყურადღებობით არის განპირობებული და არა ასო-ბგერის დაკავშირების პრობლემით. 

თუ მშობელი ეჭვობს, რომ მის შვილს წერა-კითხვის უნარის დარღვევა აქვს, ვის უნდა მიმართოს? 

პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ბავშვის მდგომარეობა და დაისვას სწორი დიაგნოზი. წერა-კითხვის პრობლემა ყოველთვის არ არის გამოწვეული დისლექსიით. სწორედ ამიტომ უნდა შეფასდეს ბავშის უნარების განვითარება, აკადემიური მიღწევა, ინტელექტი. ამ სფეროებს აფასებს ნეიროფსიქოლოგი. შემდეგ სკოლის ჩართვით იწყება ბავშვის დახმარება სასკოლო გარემოში და ოჯახის პირობებში. საჭიროების შემთხვევაში, უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ჩაერთოს მეტყველების თერაპევტი და სკოლის ფსიქოლოგი. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5