კორონავირუსული პანდემიის დროს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულ ბავშვებს კავასაკის სინდრომი უვითარდებათ. კავასაკის სინდრომი ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებაა, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის არტერიებს. ეს სინდრომი მხოლოდ ბავშვებს ემართებათ და პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია, თუმცა კორონავირუსით დაავადებულ მოზარდებშიც დაფიქსირდა ეს სინდრომი. ცნობილ ინფექციონისტს მაია ბუწაშვილს მივმართეთ რამდენიმე კითხვით, რომელიც კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით მშობლებს აინტერესებთ.
რა არის კავასაკის სინდრომი, რომელზეც ბოლო ხანებში პერიოდულობით ვრცელდება ინფორმაცია?
კავასაკის სინდრომზე ბოლო დროს მართლაც ვრცელდება ინფორმაცია, როგორც კორონავირუსთან ასოცირებულ, რაღაც მისტიურ გართულებაზე, რაც შიშს და პანიკას იწვევს მშობლებში. ბოლო პერიოდში კავასაკის დაავადებას ხშირად ახსენებენ, როგორც ბავშვთა ასაკში კორონავირუსული ინფექციის საშიშ გართულებას. რეალურად, შემთხვევების რაოდენობამ პანდემიის ეპოქაში მოიმატა, თუმცა თავისთავად ეს დაავადება ახალი არ არის.
როგორ მიმდინარეობს ეს დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს?
კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. კორონავირუსთან დაკავშირებულ კავასაკის სინდრომის შემთხვევებში თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ახლა ასაკი უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ იყო კავასაკის სინდრომის დროს, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები გამოვლინდა მოზარდებშიც. კავასაკის სინდრომს ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი და ა.შ. დაავადების დროს ხდება სისხლძარღვების და გულის დაზიანება. დაავადება უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან. ეს არის გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში განვითარებად ქვეყნებში.
რა შეიძლება იყოს ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?
გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ხშირად ინფექციურ დაავადებებთან არის ასოცირებული. ამიტომ, როდესაც რომელიმე ინფექციური დაავადების მაღალი გავრცელებაა, შეიძლება დაფიქსირდეს კავასაკის დაავადების შემთხვევების მატება, მათ შორის ამჟამად, კორონავირუსის პანდემიის დროს.
კორონავირუსის პანდემიის დროს როგორია კავასაკის სინდრომით დაავადების სტატისტიკა ბავშვებში?
ამჟამად აშშ-ში დაფიქსირდა კავასაკის დაავადების 85 შემთხვევა, მათ შორის 73 ნიუ-იორკში, რომელთაგან 3 ბავშვი გარდაიცვალა. უმრავლესობას ქონდა დადებითი ახალი კორონავირუსის PCR ან ანტისხეულები. ბერგამოში (იტალია, ლომბარდია), რომელიც ფაქტიურად COVID-19 ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ მთავარ ბავშვთა კლინიკაში დაფიქსირდა კავასაკის სინდრომის 10 შემთხვევა 2 თვის განმავლობაში (18 თებერვალი-20 აპრილი). მათგან 8-ს ქონდა კორონავირუსის ანტისხეულები.
ტაივანში 2014 წელს ჩატარებული კველევით, რომელმაც შეაჯამა კავასაკის დაავადების მქონე 226 ბავშვის ცხვირ-ხახის ნაცხის PCR შედეგები, გამოვლინდა, რომ 27%-ში იყო რინოვირუსი, 16%-ში ენტეროვირუსი, 16.8%-ში ადენოვირუსი და 7.1%-ში კორონავირუსი (რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ახალი კორონავირუსი). კავასაკის დაავადების შემთხვევები აღწერილი იყო ბავშვებში H1N1 პანდემიის დროსაც.