Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ბოლო ათწლეულია, საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობათა რიცხვის ყოველწლიური ზრდა შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ საკეისრო კვეთა ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას, ხშირად იგი სამედიცინო ჩვენებების გარეშე ტარდება.

საკეისრო კვეთის არჩევის ძირითად მიზეზად მელოგინეები ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ტკივილისა და შიშის ფაქტორს ასახელებენ. ზოგი მელოგინის აზრით, ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით, საკეისრო კვეთის ოპერაციის შემთხვევაში იზრდება, როგორც მათი, ასევე ნაყოფის უსაფრთხოება და დაცულობა. აღნიშნულს ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ საკეისრო კვეთა წარმოადგენს სრულიად უსაფრთხო პროცედურას. 

2018 წლის მონაცემებით არასაჭირო საკეისრო კვეთების მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი “ლიდერი” ქვეყანაა. აქ ყოველი ათი ქალიდან ოთხი საკეისროს იკეთებს. ეს მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტების შეფასებით საამაყო ან სახარბიელო საერთოდ არ არის. WHO-ს ცნობით, მილიონი ქალი მთელს მსოფლიოში, საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს რისკის ქვეშ აყენებს, როდესაც საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენებების გარეშე იტარებს.

რა არის საკეისრო კვეთა?

საკეისრო კვეთა, ქირურგიული ოპერაციაა. ამ დროს ხდება ბავშვის ამოყვანა მუცლის ღრუდან მუცლისა და საშვილოსნოს გაკვეთის მეშვეობით. ოპერაცია რეკომენდებულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით აუცილებელ შემთხვევებში.

როდის ინიშნება საკეისრო კვეთა?

თქვენს ექიმს შეუძლია დაგეგმოს საკეისრო კვეთის ჩატარება წინასწარ, ბავშვის დაბადების სავარაუდო თარიღამდე. 

რამდენიმე ფაქტორი, რომლის დროსაც შეიძლება დაინიშნოს საკეისრო კვეთა, გახლავთ:

  • ქრონიკული დაავადებები – თუ თქვენ გაქვთ ისეთი ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა გულის დაავადებები, დიაბეტი, არტერიული წნევა ან თირკმლების დაავადება – საკეისრო კვეთა უფრო უსაფრთხო ვარიანტია, ვაგინალური მშობიარობა კი დიდი სტრესია ორგანიზმისთვის.
  • ინფექციები – თუ თქვენ ატარებთ შიდსის ვირუსს ან გაქვთ ჰერპესის აქტიური ინფექცია, საკეისრო კვეთა აუცილებელია, რადგან მშობიარობის დროს ორივე ვირუსი შეიძლება გადაეცეს თქვენს პატარას.
  • ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა – სხვადასხვა თანდაყოლილი დაავადების ან დარღვევების დროს ხშირად ინიშნება საკეისრო კვეთა, რათა ნაყოფს თავიდან ავაცილოთ მშობიარობის დროს დამატებითი სტრესი.
  • დიდი ბავშვი – მდგომარეობის დროს, რომელსაც ეწოდება მაკროსომია, ნაყოფი იმაზე გაცილებით დიდი იზრდება, ვიდრე ჩვეულებრივი ახალშობილი უნდა იყოს. ტერმინი ,,ნაყოფის მაკროსომია’’ გამოიყენება მაშინ, როდესაც ახალშობილი საშუალოზე მნიშვნელოვნად დიდი ზომისაა. მაკროსომიით დაბადებული ბავშვის წონა აღემატება 4 კილოგრამს, მიუხედავად მისი მუცლად ყოფნის ხანგრძლივობისა. მსოფლიოში ბავშვების დაახლოებით 9% იწონის 3.500 გრამზე მეტს. ასეთ დროს რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა. მაკროსომიის დროს ბუნებრივი მშობიარობისას რისკი იზრდება, როდესაც ნაყოფის წონა 4.500 გრამია.
  • თქვენი წონა – თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა ან ძალიან მოიმატეთ მშობიარობამდე და ამავდროულად გაქვთ გესტაციური დიაბეტი, საკეისრო კვეთით თქვენი შვილის დაბადების ალბათობა იზრდება.
  • თქვენი ასაკი – მშობიარის ასაკი არ ითვლება საკეისრო კვეთის ჩვენებად, მაგრამ ამ დროს იზრდება რისკები იმისა, რომ მშობიარობის დროს ოპერაცია დაგჭირდებათ.
  • ბავშვის პოზიცია – თუ თქვენი შვილი არ აპირებს დაბადებას ჩვეულებრივ – თავით წინამდებარეობით პოზიციაში და ეს საფრთხეს უქმნის დედის ან შვილის ჯანმრთელობას, ექიმმა შეიძლება დაგეგმოს საკეისრო კვეთა.
  • ტყუპები – თუ თქვენ ელოდებით ორ ან მეტ ბავშვს, შესაძლოა მშობიარობის დროს დაგჭირდეთ საკეისრო კვეთა.
  • პლაცენტა – თუ პლაცენტა ნაწილობრივ ან მთლიანად ფარავს საშვილოსნოს ყელს, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა.

 სხვა მდგომარეობები

პრეეკლამფსია (ორსულობის დროს სისტემატური მაღალი არტერიული წნევა) და ეკლამფსია (პრეეკლამფსიის იშვიათი სახეობა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, იწვევს კრუნჩხვებს.), თუკი არ ექვემდებარება მკურნალობას, რეკომენდებულია საკეისრო კვეთა.

წინა ორსულობის/ორსულობების დასრულება საკეისრო კვეთით

თუკი თქვენ აქამდეც გაიკეთეთ საკეისრო კვეთა, შესაძლებელია მეორე ორსულობაც საკეისრო კვეთით დასრულდეს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მეორე ორსულობის დროს ქალები ბუნებრივ მშობიარობას არჩევენ. თუ თქვენი ექიმი ამბობს, რომ ოპერაცია აუცილებელია – ან, შეიძლება გახდეს საჭირო, მოითხოვეთ დეტალური ახსნა მიზეზებისა და გაეცანით შესაძლო ალტერნატივებს.

დაუგეგმავი საკეისრო კვეთის მიზეზები

ხშირად საკეისრო კვეთა დაგეგმილი არ არის, მაგრამ მშობიარობის დროს არსებული გართულებების დროს ის სავალდებულო ხდება. განვიხილოთ მსგავსი შემთხვევები:

როდესაც მშობიარობა არ იწყება

თუ თქვენი მშობიარობა არ იწყება, საშვილოსნოს ყელი არ არის გახსნილი მიუხედავად იმისა, რომ ჭინთვები გაქვთ და ეს მდგომარეობა გრძელდება მაქსიმუმ 24 ან 25 საათი – თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ოპერაცია.

ყელის ნაწილობრივ გახსნა

თუ საშვილოსნოს ყელი მშობიარობის დასაწყისში მცირედით გაიხსნა და ყველა შესაბამისი ღონისძიების ჩატარების მიუხედავად მრავალი საათის მანძილზე პროცესი აღარ გრძელდება, ბავშვის თავი კი საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ საშოში გამოვიდეს, შესაძლოა ექიმმა ჩათვალოს, რომ საჭიროა საკეისრო კვეთა.

დედის ან ბავშვის სტრესული მდგომარეობა

თუ ექიმი თვლის, რომ ემოციური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებთ მშობიარობას ან ნაყოფის გულისცემა შენელდა/გახშირდა და იმყოფება სტრესის ქვეშ, მან შესაძლოა გადაწყვიტოს საკეისრო კვეთის ჩატარება.

ჭიპლარის პრობლემები

თუ მშობიარობის დროს ჭიპლარი საშვილოსნოს არხში ჩამოვარდა და გზას უკეტავს ახალშობილს, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს საკეისრო კვეთის ჩატარება.

საშვილოსნოს კედლის რღვევა

საკეისრო კვეთა მშობიარობის დროს ინიშნება, თუკი დაფიქსირდა წინა საკეისრო კვეთის დროს გაკეთებული ნაკერის რღვევა საშვილოსნოს კედელზე.

საკეისრო კვეთის პროცესის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი