პედიატრი მაკა ლომიძე “დედამიცისთან” საუბრობს სეზონურ გრიპზე, მისგან თავდაცვის მექანიზმზე – ვაქცინაციაზე და როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს, თუ ბავშვს ვირუსი შეხვდება.
რა სიმპტომები განასხვავებს სეზონურ გრიპს კორონავირუსისგან?
გრიპი და კოვიდ19 ორივე გადამდები რესპირატორული დაავადება, მაგრამ მათ სხვადასვა ვირუსი იწვევს. კოვიდ19-ს ახალი კორონავირუსი (SARS-CoV-2), გრიპს – გრიპის ვირუსები. გრიპის და კოვიდ19-ის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია და მათი დიფერენცირება მხოლოდ სიმპტომებზე დაყრდნობით, ტესტირების გარეშე – ძალიან რთულია, თუმცა შესაძლოა ზოგიერთი მნიშვნელოვანი სხვაობის არსებობაც.
გარდა იმისა, რომ ორივე ინფექციას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა სიმძიმით გამოხატული მსგავსი სიმპტომები, შესაძლოა უსიმპტომო მიმდინარეობაც. მსგავსი სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- მომატებული ტემპერატურა/შემცივნება
- ხველა
- ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
- დაღლილობა
- ყელის ტკივილი
- გამონადენი ცხვირიდან ან ცხვირის გაჭედვა
- კუნთების ან მთელ სხულში ტკივილის შეგრძნება
- თავის ტკივილი
- ზოგჯერ დიარეა (ფაღარათი) და ღებინება ( უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში).
კოვიდ19-ის დროს გრიპისგან განსხვავებით შესაძლოა ყნოსვის და გემოვნების შეგრძნებების ცვლილება ან დაკარგვა.
ორივე ვირუსის შემთხვევაში ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი ან მეტი დღეა საჭირო, მაგრამ ჩვეულებრივ, კოვიდ19-ის დროს სიმპტომების განვითარებას უფრო მეტი დრო სჭირდება გრიპთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, გრიპის შემთხვევაში სიმპტომები ინფიცირებიდან 1-4 დღეში, კოვიდ19-ის დროს კი – 5 ( უხშირესად) – 14 დღეში.
რა გართულებები ახასიათებს სეზონურ გრიპს და ვინ იმყოფება გრიპის მაღალის რისკის ქვეშ?
ხშირად გრიპით დაავადებული ადამიანს გამოჯანმრთელებისათვის რამდენიმე დღე ან 2 კვირაზე მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ზოგთან დაავადება რთულდება და ეს გართულება შესაძლოა, სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს.
ასეთი სახიფათო გართულებაა პნევმონია, რომლის მიზეზიც უშუალოდ გრიპის ვირუსები ან თანდართული ბაქტერიული ინფექცია შეიძლება იყოს. შესაძლო სახიფათო გართულებებს შორისაა გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი), ტვინის ქსოვილის ანთება (ენცეფალიტი), პოლიორგანული უკმარისობა (მაგ: თირკმლის, სასუნთქი სისტემის) და სხვა. შედარებით მსუბუქ გართულებებს შორისაა თავის ქალას წიაღების ან შუა ყურის ანთება.
გრიპით ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ავად. მაგრამ ზოგიერთ ადამინს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გრიპის გართულებების უფრო მაღალი რისკი აქვს. გართულებებისთვის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
- 65 და მეტი ასაკის მოზრდილები.
- რაიმე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები ასაკის მიუხედავად ( მაგ: ასთმა, დიაბეტი, გულის, თირკმლის დაავადებებები).
- ორსულები.
- 5 წლამდე, განსაკუთრებით კი 2 წლამდე ასაკის ბავშები.
ბავშვები რამდენი დღის განმავლობაში არიან გადამდებები უფროსებთან შედარებით?
ითვლება, რომ ჯანმრთელი მოზრდილები გრიპით დაავადების შემთხვევაში გადამდები არიან სიმპტომების გამოვლენამდე უკვე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღე (ყველაზე მეტად გადამდები, სიმპტომების დაწყებიდან პირველი 3-4 დღე არიან, შემდეგ ნაკლებად), მცირე ასაკის ბავშვები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირები, შეიძლება გადამდები იყოს 7 დღეზე მეტხანს.
როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან და შემდგომი გართულებებისგან?
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საუკეთესო საშუალებაა გრიპისაგან (და შესაბამისად შესაძლო გართულებებისაგან) თავის დასაცავად. ვაქცინაცია ეფექტურად ამცირებს გრიპით დაავადების რისკს, გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრის და გრიპით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს.
ცხადია ნებისმიერი რესპირატორული ინფექციების პრევენციისათვის რეკომენდებული ღონისძიებები (ხელების ხშირი დაბანა, საკონტაქტო ზედაპირების დამუშავება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა) ძალაშია გრიპის ვირუსის შემთხვევაშიც.
რა არის ე.წ “გაციება”? გადამდებია თუ არა, როგორც გრიპი? რატომ დამკვიდრდა ეს ტერმინი და რა იგულისხმება ასეთ დროს?
„გაციება“ (common cold) – სურდო, ხველა, გაჭედილი ცხვირი – სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული რესპირატორული გზით გადამდები ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციაა და არა “შეცივების” შედეგი. გამოსაჯანმრთელებლად წამლები საჭირო არ არის.
ბავშვების იმუნიტეტის ასამაღლებლად რა შეგვიძლია რომ მოვიმოქმედოთ?
ბავშვების იმუნური სისტემა ორგანოების, უჯრედების, მოლეკულების რთული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის მქონე ქსელია, რომლიც ჩვენს ორგანიზმში უამრავი პათოლოგიური და სხვა ტიპის ანტიგენების (ჩვენი სხეულისთვის უცხო) შემოჭრის პრევენციას უზრუნველყოფს და ეს ყოველდღიურად ხდება.
იმუნური სისტემა საკმარისად რეზისტენტულია. “იმუნიტეტის გაძლიერება” შეუძლებელია აბებით და მიქსტურებით.
ესეც არ იყოს, არსებობს მიზეზები რატომაც სულაც არ არის სასურველი იმაზე მეტად ძლიერი იმუნური სიტემა, ვიდრე გვაქვს. სხვათა შორის, სწორედ ჰიპერაქტიური იმუნური პასუხია პასუხისმგებელი ალერგიულ მდგომარეობებზე ( მაგ: ასთმა, ეგზემა, აუტოიმუნური დაავადებები..). მოკლედ, იმუნიტეტის გაძლიერება სულაც არ არის კარგი იდეა, მაშინაც კი, ეს რომ შესაძლებელი იყოს.
ავად გახდომა კი სულაც არ ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა “სუსტია”. „სისუსტე“ რომელიც გაციების ან სხვა დაავადების დროს ვლინდება, იმუნური პასუხის შედეგია და სწორედ იმუნური სისტემის დამსახურებაა. გამოჯანმრთელებაა ის ფაქტი, რაც აჩვენებს, რომ სისტემა მშვენივრად მუშაობს. ერთადერთი საშულება იმუნიტეტის გამომუშავებისა ისე, რომ ადამიანი ავად არ გახდეს – ვაქცინაციაა!
ბავშვების გრიპით დაავადების შემთხვევაში, როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეაფასოთ სიმპტომები და აუცილებლად დაუკავშირდეთ ექიმს, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა (> 38 ) აქვს 48სთ და მეტი (გასაკუთრებით საყურადღებოა 3 თვემდე ასაკის ჩვილები) და მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება კიდეც. საყურადღებო სიმპტომებია: გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, ტუჩების სილურჯე, ნეკნთაშორისი არეების ჩადრეკვა ჩასუნთქვისას, გაუწყლოების ნიშნები ( არ მოუშარდავს > 8 სთ, მშრალი პირის ღრუს ლორწოვანი, ტირის ცრემლის გარეშე), კუნთების ძლიერი ტკივილი – ბავშვი ცდილობს არ იაროს, ძილიანობა, ხველა – რომელიც უარესდება.