Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ყველა სასმელი არ არის სასურველი. სტატიაში წაიკითხავთ, რა და როდის შეგიძლიათ მისცეთ თქვენს პატარას.

დედის რძე

ეს არის ერთადერთი საჭმელიც და სასმელიც, რომელიც სჭირდებათ ბავშვებს დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში. ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 6 თვიდან დამატებითი კვების დაწყების შემდეგაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დედის რძე ბავშვებმა შეიძლება მიიღონ 2 წელი და მეტი.  12 თვის ზემოთ ძუძუთი კვება ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.

ადაპტირებული ხელოვნური ნარევი (ფორმულა)

ჩვილის პირველი ფორმულა, როგორც წესი, დამზადებულია ძროხის რძეზე და წარმოადგენს დედის რძის ერთადერთ ალტერნატივას ბავშვის ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში.

არა ძროხის რძის საფუძველზე დამზადებული ფორმულა

თხის რძეზე დამზადებული ფორმულა დაშვებულია და იწარმოება იგივე სტანდარტებით, როგორიც ძროხის რძეზე დამზადებული. ის არ შეიძლება იმ ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია ძროხის რძის ცილაზე, რადგან მათში ცილის შემცველობა თითქმის ერთნაირია.  სოიას შემცველი ფორმულა კი მხოლოდ პედიატრის რჩევით უნდა მისცეთ ბავშვს.

 „ღამე მშვიდობისა“ რძე

ის არ შეიძლება 6 თვემდე ჩვილებისთვის. ამ ტიპის ფორმულა ისედაც არაა საჭირო და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მისი მიღების შემდეგ ბავშვები უფრო დანაყრებულები არიან ან დიდხანს სძინავთ.

წყალი

მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს არ სჭირდებათ წყალი მანამ, სანამ არ დაიწყებენ მყარ კვებას. ფორმულაზე მყოფ ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ ცოტა რაოდენობით წყლის დამატება ცხელ ამინდში.

6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის არ გამოიყენოთ ონკანის წყალი, არასტერილურობის გამო. ამავე მიზეზით, ბოთლის წყალიც არ გამოდგება ხელოვნური ნარევის მოსამზადებლად. ამიტომ, ფორმულის მოსამზადებლად გამოიყენეთ ანადუღარი, 70°-ზე მეტი ტემპერატურის წყალი. მომზადების შემდეგ დაელოდეთ გაგრილებას.

ძროხის რძე

მცირე რაოდენობით ძროხის რძის გამოყენება შეიძლება საჭმლის მოსამზადებლად 6 თვიდან, მაგრამ არ არის რეკომენდებული დასალევად 12 თვემდე. რადგან ის არ შეიცავს ჩვილისთვის საკმარისი რაოდენობის რკინას.

2 წლამდე ბავშვებმა უნდა მიიღონ მოუხდელი რძე, რადგან მათ სჭირდებათ მასში შემავალი ვიტამინები და მეტი ენერგია. 2 წლიდან შეიძლება ნახევრად მოხდილი რძის ჩართვა თქვენი პატარას მენიუში, თუ ის კარგი მჭამელია და მრავალფეროვნად იკვებება.

მოხდილი და 1%-იანი რძე არ არის სასურველი 5 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან არ შეიცავს საკმარის კალორიებს. დაბალცხიმიანი რძე საჭმლის მოსამზადებლად შეიძლება 1 წლიდან.

არაპასტერიზებული რძე

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის არაპასტერიზებული რძე არ არის სასურველი საკვებით მოწამვლის მაღალი რისკის გამო.

თხის ან ცხვრის რძე

ძროხის რძის მსგავსად, ისინი არ შეიცავენ საკმარისი რაოდენობის რკინას და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა წლამდე ასაკის ბავშვისთვის. თუ ბავშვი უკვე არის წლის, თხის ან ცხვრის პასტერიზებული რძე დასაშვებია.

სოიას რძე და რძის სხვა შემცვლელები

ბავშვებს 1 წლის ზემოთ, შეგიძლიათ მისცეთ დაუმტკბარი, კალციუმით მდიდარი  რძე, როგორიცაა სოიას, შვრიის ან ნუშის რძე, როგორც ჯანსაღი, ბალანსირებული კვების ნაწილი.

ჩვილებს და 5 წლამდე ბავშვებს არ უნდა მისცეთ ბრინჯის სასმელები მათში დარიშხანის დონის გამო.

თუ თქვენს შვილს აქვს რძის აუტანლობა ან ალერგია, პედიატრი გირჩევთ მისთვის შესაფერის რძეს.

ხილის წვენები და “სმუზები”

ხილის წვენი, მაგალითად ფორთოხლის –  არის C ვიტამინის კარგი წყარო. მაგრამ ამავე დროს, ის შეიცავს ბუნებრივ შაქარს და სიმჟავეს, რამაც შეიძლება კარიესი გამოიწვიოს. 12 თვემდე ბავშვებს არ სჭირდებათ წვენები და “სმუზები”. თუ მაინც გადაწყვეტთ მიცემას, გააზავეთ წყლით 1:10 პროპორციით. მათი მიღება კვების დროს (და არა მათ შორის) ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.

5 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია გაუზავებელი წვენები და “სმუზები”, ჭამის დროს და არაუმეტეს 150 მლ.

არომატიზებული რძე, „ხილის“  წვენები და გაზიანი სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და არაა სასურველი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

„ჩვილის“ და მცენარეული სასმელები

ხშირად, ისინი შეიცავენ შაქარს და არ არიან რეკომენდებული ბავშვებისთვის.

ცხელი სასმელები

ყავა და ჩაი არ არის სასურველი ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. შაქრის დამატებამ კი შეიძლება კარიესი გამოიწვიოს.

წყარო: www.nhs.uk

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5