Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ადამიანის აღსაზრდელად არ არსებობს  დადგენილი მზა რეცეპტი, ფსიქოლოგები  აღნიშნავენ  წარმატების პროგნოზირების რამდენიმე ფაქტორს. ბავშვთა ფსიქიატრი და ნევროლოგი  მედეა ზირაქაშვილი “დედამიცის”ესაუბრება აღზრდის იმ თავისებურებებზე, რომელიც ბავშვებში წარმატებისკენ მიმავალ გზას აიოლებს.

რა მდგომარეობაა წარმატება?

დღესდღეობით წარმატების ძალიან ბევრი განმარტება არსებობს, ზოგადად, ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან ყოველ ადამიანს წარმატება,  თავისებურად, სუბიექტურად ესმის.  ხშირად ვსაუბრობთ წარმატებულ ადამიანებზე, წარმატების ფორმულის გაზიარებას ვთხოვთ მათ,  ერთმანეთისთვის წარმატება გვისურვებია და მართლაც რომ… დავფიქრებულვართ კი  რას ვგულისხმობთ ამ ტერმინში? 

ზოგიერთ წყაროში,  წარმატება თვითკმაყოფილების მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ყოველი დასახული მიზნის მიღწევისას განიცდის. სხვანაირად რომ ვთქვათ,  მიზნებმიღწეული ადამიანის თვითკმაყოფილი ყოფაა. 

წარმატება ერთგვარი დამოკიდებულებაა, განწყობაა. ის საჭიროებს მაქსიმალურ ძალისხმევას ადამიანის მხრიდან. მას საფუძვლად უდევს პიროვნული განვითარების დონე და ცხოვრების მანძილზე მიღებული გამოცდილება.

ხშირად შევხვდებით, რომ იყო წარმატებული ნიშნავს, განახორციელო დასახული გეგმები და მიაღწიო სასურველ მიზნებს. ზოგიერთისთვის, „წარმატებული“, მიზნებმიღწეული ადამიანების სტატუსია, მეტიც,  შესაძლოა წარმატება  განაზოგადო, როგორც სოციალური სტატუსი, რომელიც აღწერს   პატივსაცემ ადამიანს, წარმატებულ პიროვნებას, რომელმაც  შეძლო თვითრეალიზაცია.

ლექსიკონებში აღნიშნული ტერმინი განიხილება, როგორც  „სიმდიდრის, კეთილდღეობის, დიდების მიღწევა“.

ჩემთვის ის არც ერთ შემთხვევაში არ არის დასრულებული მოცემულობა, არამედ უსასრულო მოგზაურობაა, ცხოვრების გზაზე აღმოცენებული მიზნების მისაღწევად და ოცნებების ასასრულებლად…

აღზრდის როგორი სტილი, მშობლის მხრიდან როგორი დამოკიდებულება  განაპირობებს ადამიანის  წარმატებას მომავალში?

ხშირად განმარტავენ, რომ წარმატებული ბავშვი არის ის, ვინც მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა უნარების გასავითარებლად და ფლობს დადებით პიროვნულ თვისებებს. ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები ხდის მას უნიკალურს, ის იყენებს საკუთარ უნარებს, პოზიტიური გამოცდილების მისაღებად. მას სჯერა საკუთარი თავის, აქვს მაღალი თვითშეფასება და  იმედიანად გაჰყურებს მომავალს  თავისი მიზნების მისაღწევად. ხშირად მშობლებს აქვთ სურვილები შვილების მიმართ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თვითონაც ძალიან ბევრ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ, შვილების წარმატებულობის უზრუნველსაყოფად… ძალიან მნიშვნელოვან ლონგიტუდურ და  სანდო  კვლევებზე დაყრდნობით მკვლევრებმა გამოჰყვეს უშუალოდ მშობლების  მახასიათებლებით განპირობებული შვილების წარმატების წინაპირობები.

მშობლები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შვილების მხარდაჭერას და წახალისებას, საკუთარი აღზრდის უნარების მუდმივი სრულყოფის გზით, ყველაზე ხშირად აღწევენ სასურველ შედეგს. წარმატებული ბავშვები წარმატებული ზრდასრულები ხდებიან მაშინ, როდესაც მათი თვითშეფასება მაღალია. როდესაც მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, ისწრაფვიან ცოდნის მიღებისკენ, ახალი უნარ-ჩვევების შეძენისკენ, პიროვნული ზრდისკენ და ბედნიერად გრძნობენ თავს გარემოში, სადაც სიყვარულია. ისინი გამოირჩევიან პოზიტიურობით და აქვთ ურყევი ფასეულობები.

მშობლის სურვილები ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის სურვილებთან. რატომ ხდება ასე, რას ვერ ხვდება მშობელი ამ პროცესში?

ხშირად მშობელი ბავშვისგან ითხოვს იმ შედეგს, რაც ბავშვს უბრალოდ ვერ ხელეწიფება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ბავშვის შესაძლებლობებზე/ რესურსზე –  იმ წინაპირობათა ერთობლიობაზე, რაც ბავშვს აძლევს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას, აქ არ არის საუბარი თეორიულ შესაძლებლობებზე, ან იმ შესაძლებლობებზე, რაც მშობელს შეუძლია წიგნებში ამოიკითხოს განვითარების ნიშანსვეტებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს ბავშვის რეალური შესაძლებლობები და მხოლოდ მათ ჩარჩოებში მოითხოვოს ბავშვისგან მიღწევები.

თუმცა ასევე მეორე უკიდურესობასაც ხშირად ვხვდებით, ნაკლები და არაადეკვატურად დაბალი მოლოდინები ბავშვის მიმართ, რითიც მშობელი უბრალოდ არ აძლევს ბავშვს საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი რესურსი და მცირედითაც კმაყოფილია.

არც მეტი და არც ნაკლები, მოთხოვნები (ალბათ ეს სიტყვაც მკაცრად ჟღერს), უფრო სწორი იქნებოდა მოლოდინები უნდა იყოს რეალური, ბავშვის რესურსის გათვალისწინებით…

ათწლეულების განმავლობაში, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი Carol Dweck – იკვლევდა ბავშვების წარმოდგენებს წარმატებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ : 

მათი ნაწილი ფიქრობს, რომ  ხასიათი, ინტელექტი, და კრეატიულობა სტატიურია, უცვლელია, მემკვიდრულად გადაეცემა და არსებით შეცვლას არ ექვემდებარება. მათთვის წარმატებისკენ სწრაფვა და ნებისმიერი ხერხით წარუმატებლობის თავიდან არიდება ხშირად ერთადერთი თვითმიზანია ცხოვრებაში.

მეორე, ნაწილის აზრით კი,  ახალი გამოწვევები, თუნდაც წარუმატებლობა და მარცხი, განიხილება, როგორც უნარების  განვითარების შესაძლებლობა. დღეს ვერ გაართვა თავი, ხვალ მეტად მოინდომებს და უკეთესად შეძლებს. თუ ის ფიქრობს, რომ მაღალი მოტივაცია საკმარისია შესაძლებლობების გასავითარებლად და ნებისმიერი სირთულე კი – დაძლევადია, მცდელობას არ დააკლებს და თუნდაც მრავალჯერადი მცდელობის შედეგად, მიზანს მიაღწევს და წარმატებაც გარანტირებულია.

რა არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო აღზრდის  პროცესში, რაზეც უნდა გავამახვილოთ მშობლებმა ყურადღება?

  • აუცილებელია მშობელმა ყურადღება მიაქციოს ბავშვის ინტერესებს, რომელი აქტივობები ანიჭებს ბავშვს სიხარულს, რა არის მისთვის სასიამოვნო აქტივობა.  ის  ძალიან მალე დარწმუნდება, რომ  ბავშვს  უყვარს იმის კეთება, რაც მარტივად გამოსდის. როდესაც შესაძლებლობა ემთხვევა მოტივაციას, წარმატებული შედეგი გარანტირებულია, ასე უწყობს ხელს ბავშვს, მზრუნველი, ყურადღებიანი მშობელი ბავშვის წარმატებულ ზრდასრულად ჩამოყალიბებას.
  • წარმატებული ადამიანის აღზრდის გზაზე, მნიშვნელოვანია მშობელმა ბავშვს  ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის უპირობო მიმღებლობა, პირველ რიგში ის იყოს კმაყოფილი თავისი თავით, პატივს სცემდეს საკუთარ პიროვნებას, სჯეროდეს,რომ ყველაფერს დაძლევს და არაფერია მიუღწეველი. მას არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების. უნდა იზრდებოდეს გარემოში, სადაც კი არ განიკითხავენ, არამედ გვერდში უდგანან, ამხნევებენ და შეცდომების გამოსწორებისთვის ალტერნატივებს სთავაზობენ, მის გადაწყვეტილებას კი – ენდობიან.
  • სწავლის სურვილის გარეშე ყოველი დღე უზარმაზარი გამოწვევა იქნებოდა თითოეული ჩვენგანისთვის.   ნებისმიერი ახალი უნარ-ჩვევა დასწავლის საფუძველზე გამომუშავდება. პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული ბავშვი ნებისმიერ სიძნელეს, მარტივ და გადალახვად დაბრკოლებად აღიქვამს, არ უშინდება გამოწვევებს და ეძებს გზებს  პრობლემების გადასაჭრელად.
  • ბავშვები წარმატებისთვის საჭიროებენ სიყვარულს და ზრუნვას და თავადაც უყვართ და ზრუნავენ სხვებზე. სიყვარული ხომ ადამიანის ბაზისური მოთხოვნილებაა. სიყვარულსა და მზრუნველობაში გაზრდილი ბავშვი გარესამყაროს იმედის თვალით უყურებს, არ ეშინია მისი და შესაბამისად უჩნდება კიდეც სურვილი მოირგოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ საქმიანობაში.
  • ცნობილია, წარმატების მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად – თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ბავშვის მხრიდან. ამაზე ზრუნვა იწყება ძალიან პატარა ასაკიდან. შესაბამისად იქამდე, სანამ მშობელი წარმატების ფორმულას სხვადასხვა დამხმარე საშუალებებში დაუწყებს ძებნას, მნიშვნალოვანია არ დაავიწყდეს საკუთარი როლის, ბავშვთან დამოკიდებულების, შვილის უპირობო მიღების და აღზრდის სტილის შესახებ. არ შემიძლია არ მოვიყვანო მაგალითად  Harvard Kennedy School (HKS) -ის პროფესორის რონალდ ფერგუსონის  წიგნი, რომელიც ეფუძნება წარმატებული ადამიანების ცხოვრების ისტორიებს და მათ მშობლებთან ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს,რომლებსაც ის წლების განმავლობაში აგროვებდა.  წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობად წიგნში მოყვანილია „ეფექტური“ მშობლის ტიპაჟი,რომელიც ირგებს  სხვადასხვა როლს შვილის აღზრდის პროცესში. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მშობელმა რამდენიმე სხვადასხვა როლის მორგება უნდა შეძლოს მის ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა, რომ ამ როლებში არაფერი განსაკუთრებულად რთული არ არის, უბრალოდ ჩვენ უნდა გვქონდეს მათი მორგების სურვილი და მოტივაცია და რაც მთავარია დრო.  როდესაც მშობელი ბავშვს ეხმარება ახალი აქტივობების მოსინჯვაში და შესაბამისად  განვითარებაში, იგი შვილს ხელს უწყობს გახდეს უფრო ცნობისმოყვარე და მოტივაციას უმაღლებს ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღებისადმი, ეხმარება პრობლემის გადაჭრის ინდივიდუალური გზების ძიებაში, და ასე “ ადრეულ სწავლებაში მისი  პარტნიორი ხდება“. მეორე როლი ეხება დახმარებას, გარემოს ადეკვატურად მორგება, მისგან საუკეთესოს აღებას და გამოყენების დასწავლას, ე.წ.”ფრენის ინსტრუქტორი” მშობელი. ბავშვმა იცის რა სჭირდება სკოლისგან, რა უნდა აიღოს მაქსიმალურად საკუთარი რესურსების გათვალისწინებით .ასევე „ მშობელი ფიქსატორი“, რომელიც ზუსტად იჭერს და იღებს საკუთარ შვილს უპირობოდ და სჯერა,რომ მის შვილს ყველაფერი გამოუვა, საკმარისია მსუბუქი მხარდაჭერა, არ არის აუცილებელი მაღალი სოციო- ეკონომიკური სტატუსი წარმატებისთვის,როდესაც არსებობს მოტივაცია და მონდომება,  აქვე არ უნდა გამოგვრჩეს“ აღმომჩენი და ფილოსოფოსი“ მშობლების როლებიც, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ზრუნავენ ინტერესების  გაღვივებაზე, ბავშვის ძლიერ მხარეებზე.

დაბოლოს, ბავშვებისთვის საკუთარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის მიცემა, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ბავშვებისთვის სასურველი საქმის კეთების წახალისება – ერთმნიშვნელოვნად წარმატებული ზრდასრულობის წინაპირობაა.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5