იზოლაციის პერიოდში ეკრანების მოხმარება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა, განსაკუთრებით კი ბავშვებში. ეკრანთან დიდხანს დროის გატარება, ბავშვებზე ცუდად აისახება: სძინავთ ცუდად, ხშირად არიან გაღიზიანებული და ა.შ. პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვესაუბრა, რა გავლენას ახდენს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე და გვირჩევს, როგორ დავიცვათ ისინი ეკრანის მავნე ზეგავლენისგან.
პანდემიის პერიოდში ძალიან გაიზარდა ეკრანების მოხმარება ბავშვებში. რაში ხედავთ გამოსავალს?
იზოლაციის პერიოდი ოჯახებისთვის, განსაკუთრებით დედებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მათ ბევრი საპასუხისმგებლო საქმის ერთად შესრულება მოუწიათ. ამიტომ, ამ პერიოდში დედები ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ გაეტარებინათ დრო ბავშვებთან ერთად სახლში და როგორ გაერთოთ იზოლაციაში მყოფი ბავშვები. პანდემიამ ბავშვები მოსწყვიტა ჩვეულ რუტინას და ახლა როდესაც ისინი აღარ დგებიან დილით ადრე, არ მიდიან ბაღში და სკოლაში, მათთვის ჩამოყალიბდა განსაკუთრებული რეჟიმი. ამ პერიოდში ბავშვები იმაზე მეტად გახდნენ ეკრანდამოკიდებულები, ვიდრე ეს აქამდე იყო. მესმის, ძალიან ძნელია მშობლებისთვის შესასრულებლად, როგორ გაართონ უეკრანოდ ბავშვები დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ დღე გავატაროთ ბავშვებთან ერთად შინაარსიანად.
რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე ეკრანის დიდხანს გამოყენება?
მთელი დღის განმავლობაში ბავშვის ეკრანთან ჯდომა, ხშირ შემთხვევაში ბავშვზე ახდენს დიდ ემოციურ გავლენას. ბავშვები თამაშობენ მრავალნაირ ვიდეო-თამაშებს, არიან ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულები, სადაც ხშირად არიან გამარჯვებულები ამ თამაშებში. და როდესაც ისინი რეალურ სამყაროში გამოდიან, ვეღარ იტანენ დამარცხებას, ვერ იტანენ მცირე დისკომფორტს, იმიტომ რომ იქ ისინი ვირტუალურ სამყაროში ყოველთვის გამარჯვებულები არიან. მშობელმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს რას უყურებენ ბავშვები, რომ ბავშვს არ გაუჩნდეს ემოციური დატვირთვა და შიშები. გარდა ამისა, ბავშვები, როდესაც მძაფრ თამაშებში არიან ჩართულნი, იკავებენ შარდს, იკავებენ დეფეკაციის აქტსაც კი, რადგან არ უნდათ მოსწყდნენ თამაშს. დედები მეუბნებიან, რომ ბავშვს გაეპარა შარდი, ან დაეწყო ყაბზობა და ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ ამ ემოციებთან, ემოციურ სტრესთან, რომელმაც დროთა განმავლობაში შეიძლება თავისუფალი რადიკალების დაგროვება გამოიწვიოს სისხლში. სტრესს ყოველთვის ახლავს თავისუფალი რადიკალების დაგროვება სისხლში და შემდგომში უკვე ეს საფუძველი ხდება სხვადასხვა დაავადებების განვითარების, რაც კატეგორიულად არ უნდა დავუშვათ. ასევე, ლექსიკაც ღარიბდება და მეტყველებაც უჭირთ ხოლმე დროთა განმავლობაში, თუ ბავშვი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან.
როგორ უნდა იჯდეს ბავშვი ეკრანთან?
ბავშვი უნდა იჯდეს კომპიუტერთან სკამზე, ისე რომ სკამი იყოს ფიქსირებული. ტერფით მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს და ხერხემლით ეხებოდეს სკამის საყრდენს და აუცილებლად, ბავშვის თვალები 30 სანტიმეტრით იყოს დაშორებული ეკრანიდან. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა აჩენს ბევრ სიმპტომს, განსაკუთრებით კი აუარესებს მხედველობას. ბავშვს უყალიბდება კომპიუტერული სინდრომი, ე.წ აკომოდაციის სპაზმი, და პირველი ჩივილები სწორედ მხედველობასთან დაკავშირებით ჩნდება. აუცილებელია, მშობელმა ყურადღება მიაქციოს როგორ ზის ბავშვი კომპიუტერთან, რადგან ხშირად ისინი სხედან მოღრეცილები, ან წამოწოლილები, ისე რომ მათი ძვლოვანი კარკასი განიცდის ცვლილებებს.
დროის როგორი ლიმიტი შეუძლია დააწესოს მშობელმა ეკრანისთვის?
დღის განმავლობაში, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში რა თქმა უნდა, საერთოდ არ შეიძლება ეკრანის გამოყენება. ორი წლიდან ექვს წლამდე ბავშვს რეგლამენტირებულად, შეგვიძლია გავუნაწილოთ დრო ეკრანისთვის და ერთი საათის განმავლობაში დაჰყოს ეკრანთან. 6 წლიდან 12 წლამდე ორი საათის განმავლობაში და ეს დრო უნდა იყოს განაწილებული. ზედიზედ ჯდომა, განუწყვეტლივ ორი საათის განმავლობაში არ შეიძლება. იზოლაციის პერიოდში შეიძლება მოვახდინოთ სუბლიმაცია სხვა რაღაცაზე – ხატვაზე, კითხვაზე, ძერწვაზე, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელია ავუკრძალოთ კომპიუტერი. ამიტომ, დასაშვებია კომპიუტერთან ურთიერთობა, თუმცა აუცილებლად რეგლამენტირებულად.
ეკრანების ჭარბი მოხმარება ძილზეც ახდენს უარყოფით გავლენას. როგორ მივაჩვიოთ ისინი ძილის ჯანსაღ რუტინას?
ბავშვი დროულად იძინებს, თუ სახლში არის სიჩუმე, სიწყნარე და ოჯახის ყველა წევრი იძინებს. ამიტომ მე დავესესხები ჩემს მეგობარ ენდოკრინოლოგს და ვიტყვი : “აუცილებლად უნდა დავიძინოთ იმავე დღეს, რომელ დღესაც გავიღვიძეთ.” დაძინება უნდა მოხდეს 12 საათამდე, სასურველია ოჯახის ყველა წევრი დაწვეს, ჩავაქროთ შუქი, რადგან სიბნელეში გამომუშავდება ძილის ფერმენტი, ე.წ მელატონინი და ეს ძილს მოგვრის ბავშვს. ბავშვი როდესაც იგრძნობს, რომ ოჯახის ყველა წევრი დაწვა, თვითონ აღარ იფხიზლებს, მშვიდად იქნება და ეს სიმშვიდე მოჰგვრის ძილს. ასევე, დილითაც ბავშვი აუცილებელია ადრე გავაღვიძოთ, რადგან ბავშვებს ახლა აქვთ ონლაინ გაკვეთილები, საბავშვო ბაღის ბავშვებიც შეგვიძლია ავაყენოთ იმავე დროს, რა დროსაც ადრე დგებოდნენ. გავაკეთოთ მათთან ერთად დილის გამამხნევებელი ვარჯიში, ვისაუზმოთ ერთად, მანამდე ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება არ უნდა დაგვავიწყდეს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ხელის სწორად დაბანა. ხშირად ისინი ძალიან ზერელედ იბანენ ხელს. ხელების დაბანა შეგვიძლია ვასწავლოთ ოცწამიანი სიმღერით – დაიბანოს ხელის ზედაპირები, მტევნები, ზედაპირები, თითებშორისი არე, ფრჩხილები, მაჯები.