აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების თვეა. აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი სალომე სანადირაძე.
როდესაც აუტიზმზე საუბრობენ, ყოველთვის გამოიკვეთება ორი მთავარი კითხვა: რა იწვევს აუტიზმს და თანდაყოლილია თუ არა, შეიძლება თუ არა ჰქონდეს ახალშობილს ? – გვესაუბრეთ ამაზე.
აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ის ნეიროგანვითარების დარღვევას წარმოადგენს, რაც გულისხმობს გარკვეულ ცვლილებს თავის ტვინის განვითარების პროცესში.
აუტიზმზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ნეირობიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორები, მათი ცალკეული თუ ერთობლივი გავლენა განსაზღვრავს, როგორ წარიმართება ბავშვის განვითარება. ამიტომ ცალსახა პასუხის გაცემა ახალშობილებში აუტიზმის შესახებ ამ ეტაპზე შეუძლებელია.
გვესაუბრეთ ვირტუალურ აუტიზმზე. რა საფრთხეს წარმოადგენს ეკრანი ბავშვებისთვის?
ეკრანის ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია ადრეული განვითარების ეტაპზე. ხშირად, ეკრანთან გატარებული დრო ანაცვლებს, ამცირებს ბავშვისა და მშობლის ვერბალური კომუნიკაციის სიხშირესა და ინტენსივობას, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ენისა და მეტყველების განვითარებაზე და ხელს უშლის ბავშვს სოციალური უნარების ათვისებაში. ამ თვალსაზრისით, აუტიზმზე საუბრისას მისი როლი კიდევ უფრო კრიტიკულია, რადგან სწორედ მეტყველების და კომუნიკაციის სფეროებია დარღვეული.
აუტიზმის რა საყურადღებო ნიშნებს გამოყოფდით და რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ჩარევა?
ჯერ კიდევ 1 წლამდე ასაკში და ბევრად უფრო ადრეც ვლინდება გარკვეული ნიშნები, რომლებიც ყველა შემთხვევაში არ მიგვითითებს აუტიზმზე, თუმცა საყურადღებოა და აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. მაგალითად: თუკი ჩვილი არ გვიღიმის, გაურბის თვალით კონტაქტს; არ იჩენს ინტერესს ან არ იმჩნევს ჩვენს გამოჩენას, არ ,,ღუღუნებს’’, არ გვეთამაშება ,,ჭიტას’’; არ აყოლებს თვალს ახლოს მოძრავ ფერად სათამაშოს, არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, არ გამოთქვამს ან წყვეტს ცალკეული მარცვლების გამოცემას.
უფრო მოგვიანებით, 3 წლის ასაკისათვის აუტიზმის ნიშნები მეტწილად გამოვლენილია.
მშობელი უნდა იყოს ყურადღებით მაშინ, თუკი ბავშვი ავლენს გულგრილობას, იშვიათად გვეკონტაქტება, ვერ ახერხებს წარმოსახვით და როლურ თამაშს, არ გვიზიარებს ემოციებს, უჭირს თანატოლებთან ურთიერთობების დამყარება. პრობლემაზე მიგვითითებს საწყის ეტაპზე ენის განვითარების ტიპური მიმდინარეობა, შემდეგ კი წყვეტა. აქვე აღსანიშნია, რომ შეიძლება ბავშვი არ საუბრობდეს ან საუბრობდეს, მაგრამ არ ცდილობდეს კომუნიკაციის დამყარებას; ჰქონდეს აკვიატებული ინტერესის სფერო; ავლენდეს სტერეოტიპულ ქცევას. მაგალითად: ხელის მტევნების განმეორებით მოძრაობებს – რომელსაც უმეტესად თვითსტიმულაციის ფუნქცია აქვს.
უნდა გვახსოვდეს, რომ აუტიზმის სპქეტრის დარღვევის მქონე ბავშვები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტის მიერ მდგომარეობის ადრეული შეფასება, დიაგნოსტირება და ინტერვენცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა; აუცილებელია მუშაობის პროცესში მშობლის აქტიური ჩართულობა.
სწორედ ადრეულ ჩარევაზეა დამოკიდებული ბავშვის სამომავლო სოციალური, ემოციური და აკადემიური კეთილდღეობა.