Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყოველწლიურად 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება. დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ბავშვებშიც ვითარდება და ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. მედიაპლატფორმა “დედამ იცის” დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ-ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავასთან.  

როგორ ვითარდება დიაბეტი  და რამდენად გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში?

შაქრიანი დიაბეტი ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მომატებით. არსებობს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ორივე მათგანს აქვს საერთო ნიშან-თვისება – შაქრის დონის მომატება სისხლში, თუმცა,  ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებაა.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ვერ ხდება ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება.   შესაბამისად, ვერ ხდება გლუკოზის გადასვლა სისხლიდან ქსოვილებში და იზრდება შაქრის დონე სისხლში. მიუხედავად იმისა, რომ სისხლში შაქარი მაღალია, ორგანიზმი ვერ მოიხმარს მას ინსულინის გარეშე.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში და ახალგაზრდა ასაკში. იწყება, როგორც წესი, სწრაფად, ხშირ შემთხვევაში ტიპი 1 დიაბეტი ვითარდება მწვავე ვირუსული ინფექციების, სტრესის ან მძიმე ტრავმის შემდეგ.

რაც შეეხება მის გავრცელებას, ეს ფორმა დიაბეტით დაავადებულთა საერთო ოდენობის 5%-ს შეადგენს.

რა განსხვავებაა მოზრდილების დიაბეტსა და ბავშვების დიაბეტის შორის

რაც შეეხება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს, იგი სრულიად სხვა მიზეზით ვითარდება. ის ხშირ შემთხვევაში შეჭიდულია ისეთ გავრცელებულ დაავადებასთან მსოფლიოში, როგორიცაა სიმსუქნე ანუ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებული პაციენტების დაახლოებით 80 %-ს აღენიშნება სიმსუქნე.  ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ინსულინი გამომუშავდება და ზოგ შემთხვევაში ნორმაზე მაღალიც კი არის, თუმცა პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ დაქვეითებულია. ამას ინსულინორეზისტენტობა ეწოდება. ამ დროს კუნთოვანი ქსოვილი, ცხიმოვანი ქსოვილი და ღვიძლი ვერ პასუხობს ინსულინს.

 ის ვითარდება ძირითად შემთხვევაში 40 წლის ზემოთ, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან მოიმატა ბავშვთა ასაკში, რაც დაკავშირებულია არასწორ კვებასთან და სიმსუქნის განვითარებასთან.

რა იწვევს ბავშვებში შაქრიანი დიაბეტს

არსებობს რიგი მიზეზებისა, რატომ შეიძლება მცირეწლოვანი დაავადდეს შაქრიანი დიაბეტით, ესენია: შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედა  ან ორივე მშობელი; მწვავე ვირუსული დაავადებები; ბავშვის წონა დაბადებისას 4,5 კგ-ზე მეტია; ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (ფიპოტენოზი, ცხიმოვნება); დაქვეითებული იმუნიტეტი.

რა ითვლება დიაბეტის მკურნალობის ეფექტურ ხერხად და როგორ ხდება მკურნალობა?

თუ ჩვენს ვსაუბრობთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მკურნალობაზე დღესდღეობით სამკურნალო-სასიცოცხლო ჩვენებას წარმოადგენს ინსულინოთერაპია.

ინსულინი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰორმონს. მისი სრული არარსებობის შემთხვევაში პაციენტები იღუპებიან რამდენიმე დღეში მწვავე კეტოაციდოზისგან. სწორედ ამიტომ, პაციენტები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით საჭიროებენ მთელი ცხოვრების მანძილზე ინსულინის ჩანაცვლებით თერაპიას.

რა სიმპტომებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბავშვს დიაბეტი აქვს

წყურვილის შეგრძნება; წონაში კლება; ხშირი შარდვა (2-3 ლიტრი დღეში); დაღლილობის მომატება, ყურადღების გაფანტვა. ხშირად, მშობლები ვერ ამჩნევენ სიმპტომებს, რაც ქმნის გარკვეულ სირთულეებს. დამახასიათებელი სიმპტომების გარდა, ბავშვებში შეიძლება გამოიკვეთოს სხვა ნიშნებიც, მაგალითად. შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ბავშვებს 2-3-ჯერ მეტი შარდი გამოეყოფათ, ვიდრე ჯანმრთელ ბავშვებს. ასევე, მოავადე ბავშვებს უვლინდებათ კანის დაზიანებები, გამონაყარი კანზე და ა.შ. ჩვილ ბავშვებში შაქრიანი დიაბეტი გამოხატება საკვების მონელების პროცესის დარღევევით (დიარეა, ყაბზობა, პირღებინება), შფოთვა.  ჩამოთვლილი სიმპტომები ვლინდება დიაბეტის საშუალო ან მძიმე ფორმით მიმდინარეობისას. მარტივი ფორმა შეიძლება საერთოდ არ გამოიხატოს ჩივილებით, დაავადების დიაგნოზს კი, სვამენ ანალიზებით, სისხლში შაქრის  განსაზღვრით.

როგორ უნდა იკვებებოდეს დიაბეტით დაავადებული ბავშვი

შაქრიანი დაბეტით მოავადე ბავშვი დღეში 6-ჯერ, ხშირ-ხშირად უნდა იკვებებოდეს. კვების პროდუქტების შემადგენლობა აუცილებლად შეთანხმებული უნდა იყოს მკურნალ ექიმთან.

რაციონში უნდა შევამციროთ ცომეული, კარტოფილის და ფაფების მიღება. ფაფების მიღება შეიძლება დღეში მხოლოდ ერთხელ. პურის დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 100 გრამს. ბოსტნეული, კარტოფილის გარდა, შეიძლება ბავშვმა შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვას, მისი მიღება აუცილებლობას წარმოადგენს და სწორედ ბოსტნეულით და ხილით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ტკბილეული.

მე ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ ბავშვი როდესაც იბადება მას არ უყვარს ესა თუ ის პროდუქტი და დამოკიდებულია მშობელზე თუ როგორ მივაწვდით სხვადასხვა პროდუქტებს და შევაყვარებთ მათ ხილსა და ბოსტნეულს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მხოლოდ დღესასწაულზე ზომიერი რაოდენობით მივაწვდით მათ ტკბილეულს, მათ დამოკიდებულება ტკბილის მიმართ არ ჩამოუყალიბდებათ, ასევე მსგავსი ქცევა დაგვეხმარება აღზრდაშიც.

რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომელთა შვილებსაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ?

პირველ რიგში არ უნდა შეგვეშინდეს და არ დავანახოთ ბავშვს, რომ ჩვენ დაავადებასთან გამკვლავება გვიჭირს ან გვეშინია, ეს არ არის განაჩენი და უნდა ვისწავლოთ დაავადებასთან ერთად ცხოვრება.

დიეტის დაცვა ამსუბუქებს დიაბეტის მიმდინარეობასა და მკურნალობის პროცესს. ამ დროს ბავშვები იზრდებიან, კარგად ვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად.

გვახსოვდეს, რომ  სწორად შერჩეული მკურნალობა-ინსულინოთერაპია და ბავშვის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობის სირთულეს და ეხმარება დიაბეტით მოავადე ბავშვს სრულყოფილ ცხოვრებაში…

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5