ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გამოვლინდეს – ბავშვებში, მოზარდებსა თუ მოზრდილებში. მისი დროული გამოკვლევა პაციენტს აძლევს საშუალებას, წარმატებულად მართოს დაავადება. როგორ ვლინდება ურტიკარია, რა ფაქტორები განაპირობებს მის გამოვლენას ბავშვებში და როგორ ხდება მკურნალობა, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე გვპასუხობს.
რა არის ურტიკარია და როგორ ვლინდება ის?
ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს აღენიშნება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე. ის გვხვდება ბავშვებში, მოზარდებსა თუ მოზრდილებში. ჭინჭრის ციების ამოცნობა ალერგოლოგისთვის ელემენტის ვიზუალური დათვალიერებით სირთულეს არ წამოადგენს, რადგან ამ დროს კანზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს ქავილი. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთეული ელემენტების სახით, ისე რთულ შემთხვევაში შეიძლება მოიცვას მთელი სხეული და მიეცეს გენერალიზებული ხასიათი. ეს გამონაყარი ალერგიის წამლის ზემოქმედებით ან ზოგჯერ მსუბუქ შემთხვევაში თავისითაც შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს გაქრეს, ისე რომ კვალი არ დატოვოს და შემდეგ, ისევ გამოვლინდეს. ჭინჭრის ციება საერთაშორისო კლასფიკაციის მიხედვით შესაძლებელია იყოს მწვავე – როდესაც ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს 6 კვირისა, ხოლო როდესაც ჭინჭრის ციება ექვს კვირაზე მეტხანს გრძელდება მას ქრონიკულს უწოდებენ.
ურტიკარიის მთავარ ნიშანთან – გამონაყართან ერთად, ხომ არ ვლინდება დამატებით კიდევ სხვა სიმპტომებიც?
ურტიკარიის ანუ ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების დაახლოებით 40% -ს ჭინჭრის ციებასთან ერთად აღენიშნება შეშუპება, მას ანგიოედემას, ანუ იგივე კვინკეს შეშუპებას უწოდებენ, როდესაც შეშუპება კანის ზედაპირული შრის გარდა დერმას მოიცავს, ეს ვიზუალურად შეიძლება გამოვლინდეს ტუჩის, ქუთუთოების, სახის, კიდურების შეშუპების სახით.
რა შეიძლება გახდეს მწვავე ურტიკარიის განვითარების გამომწვევი ფაქტორი ბავშვებში?
ბავშვებში მწვავე ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- საკვები: რძე, კვერცხი, ხორბალი, თხილეული, თევზეული, სხვადასხვა ემულგატორებით და დანამატებით მდიდარი საკვები
- მწერის ნაკბენი: განსაკუთრებით ფუტკრის, ბზიკისა და კრაზანით დანესტვრა
- მედიკამენტები: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სხვ.
- ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები
- პარაზიტული ინფექციები: ჭიით ინვაზია და სხვ.
ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზები რას შეიძლება უკავშირდებოდეს?
ქრონიკული ჭინჭრის ციების მიზეზი ზოგადად საკმაოდ რთული საპოვნია, ის მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1% აღენიშნება და პაციენტთა 30%-ში მისი მიზეზი უცნობია. ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციების დროს ექიმმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის თანარსებული მდგომარეობები, როგორიცაა ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები, ავტოიმუნური დაავადებები, ჰელიკობაქტერ პილორისთან ასოცირებული გასტრიტი, სტრესის ზემოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხშირი გამოყენება და ა.შ.
ქრონიკული ჭინჭრის ციების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ფიზიკური ფაქტორებიც, როგორიცაა: მზე, სიცივე, წყალი, ფიზიკური დატვირთვა ა.შ. ასეთი ფორმის ქრონიკულ ჭინჭრის ციებას ინდუციბელურს უწოდებენ. ის ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების დაახლოებით 1/3-ში გვხვდება.
როგორ ხდება მკურნალობა?
ჭინჭრის ციების სწორი მართვისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად პაციენტის სამედიცინო ისტორიის, მისი ჩივილების დეტალური გამოკითხვა, რადგან როგორც ვხედავთ ერთი და იგივე გამონაყარის მიღმა შესაძლებელია ძალიან ბევრი მიზეზი იყოს. ზოგადად, მკურნალობა და მართვა მოიცავს ახალი თაობის ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების, იგივე ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას. მედიკამენტის დოზირებას და ხანგრძლივობას ინდივიდუალურად არჩევს ექიმი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ჭინჭრის ციება ძალიან მსუბუქად იმართება, ზოგ შემთხვევაში უფრო რთული ფორმისაა და ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გარდა საჭიროა სხვა უფრო რთული პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა ჰორმონების ხანმოკლე კურსი, ბიოლოგიური პრეპარატები (ომალიზუმაბი), იმუნოსუპრესანტები და ა.შ.
რას ურჩევდით ჭინჭრის ციების მქონე ადამიანებს?
მწვავე ჭინჭრის ციება ექიმის სწორი დანიშნულებით ხშირად კარგად ემორჩილება მკურნალობას და როგორც წესი საშუალოდ 1-3 კვირაში გადის და პაციენტების გარკვეულ ნაწილს ცხოვრების მანძილზე შესაძლებელია აღარ გაუმეორდეს. შედარებით უფრო რთული სამართავია ქრონიკული ურტიკარიის ფორმები, როდესაც გამონაყარი მოქმედებს პაციენტების ცხოვრების ხარისხზე, იწვევს ძილის დარღვევას, შფოთვას, გაღიზიანებას. მშობლები მინდა დავაწყნარო, რადგან ქრონიკული ჭინჭრის ციების ფორმები უფრო მოზრილთა ასაკში გვხვდება, თუმცა ბავშვებშიც შესაძლებელია აღინიშნოს. ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია ალერგოლოგთან მჭიდრო კავშირში ყოფნა, იმისთვის რომ სწორი დანიშნულებით ბოლომდე იყოს მიღწეული მათ სიმპტომებზე კონტროლი, ხშირ შემთხვევაში ეს გულისხმობს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას. ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების 50-60%-ს 6-12 თვის თავზე დაავადება გასდის. ზოგადად თანამედროვე მსოფლიოში მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, ახალი შესაძლებლობებია, ახალი ეფექტური მედიკამენტებია, რომელიც უხშირესად ძალიან ეფექტურია ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებისთის, ამიტომ ვურჩევ ასეთ პაციენტებს არ მიმართონ თვითმკურნალობას და დროულად მიაკითხონ სპეციალისტს, შესაბამისი რეკომენდაციების და მკურნალობის მისაღებად.