რა არის ალოპეციის ანუ გამელოტების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები, ვის შეიძლება განუვითარდეს ალოპეცია, როგორ უნდა იკვებოს ამ დროს ადამიანმა და მშობიარობის შემდგომ თმის ცვენის შემთხვევაში როდის უნდა მიმართოს ქალმა სპეციალისტს – ამ თემებზე გვესაუბრება ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი ნინო მოსაშვილი.
რა განაპირობებს ალოპეციას და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი ძირითადი ფაქტორები?
ჯანმო-ს დღევანდელი კლასიფიკაციით განარჩევენ ნაწიბუროვან და არა ნაწიბუროვან ალოპეციას. ნაწიბუროვანია ალოპეცია, რომელიც მეორადად ვითარდება თავის თმიან არეში არსებული პათოლოგიური პროცესების ფონზე მაგალითად; დამწვრობა, სხივური დერმატიტი ქრონიკული პიოდერმია, წითელი მგლურა, სკლეროდერმია და ა.შ.
არა ნაწიბუროვან ალოპეციას მიეკუთვნება: ანდროგენული თმის ცვენა, დიფუზური თმის ცვენა, და ბუდობრივი თმის ცვენა.
ანდროგენული ალოპეცია ფიზიოლოგიური პროცესია და საფუძვლად გენეტიკური წინასწარგანწყობა უდევს. ვითარდება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში, თუმცა მამაკაცებში გამელოტება გამოხატულია შუბლის ხაზიდან და საფეთქლიდან, მოიცავს თხემის და კეფის არეს, ხოლო ქალებში თმა მთლიანად გამეჩხერებულია. მას საფუძვლად უდევს მამაკაცური ჰორმონის ანდროგენების სიჭარბე, ესტროგენების დაბალი დონე პროგესტერონის მაღალ დონესთან ერთად. ანდროგენული თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს ნებისმიერ ასაკში სქესობრივი მომწიფების შემდეგ.
დიფუზური თმის ცვენა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გამოვლინდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ ენდოკრინული დაავადებები, სტრესები, არასწორი კვება, დიდ როლს თამაშობს დიფუზური თმის ცვენის განვითარებაში.
რას გვეტყვით თმის ბუდობრივ ცვენაზე, რას უკავშირდება ის?
ბუდობრივი ალოპეცია მომრგვალო, მკვეთრი საზღვრების მქონე თმაგაცვენილი კერებია, რომელმაც შეიძლება ისეთი პროგრესული ხასიათი მიიღოს, რომ შედეგად თმის საფარველი სრულად დაიკავოს, როგორც თავის თმიან არეზე, ასევე მთელ სხეულზე. ბუდობრივი ალოპეციის დროს, სუბიექტური ჩივილები არ აღინიშნება, მხოლოდ თვალით არის შესამჩნევი. არსებობს ტოტალური ალოპეციაც, როდესაც თავის თმიან არეზე თმა საერთოდ არ შეინიშნება და უნივერსალური როდესაც თმა არ არის როგორც თავის თმიან არეზე ასევე მთელ სხეულზე. ბუდობრივი ალოპეციის დროს დიდ როლს ასრულებს აუტოიმუნური პროცესები, რაც იწვევს მატრიქსის დაზიანებას და თმის ფორმირების პროცესის რღვევას. არსებობს დაავადებები, რომლებსაც ახასიათებთ ბუდობრივი თმის ცვენის მსგავსი კლინიკური სურათი, ამისათვის საჭიროა, მოხდეს სწორი დიფერენცირება ექიმის მიერ. ხშირია თავის თმიან არეში კანის აქერცვლა, თმის ღერის მტვრევადობა, სიმშრალე, რიგ შემთხვევებში პირიქით ცხიმიანობა მომატებულია, რაც იწვევს თმის ცვენას. იგი უკავშირდება დერმატოფიტულ ინფექციებს, სებორეულ დერმატიტს და ა.შ. დერმატოფიტოზები კანისა და მისი დანამატების სოკოვანი ინფექციებია, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახეობის სოკოებით: Microsporum, Trichophiton და ა.შ. დიაგნოზი ისმება კლინიკურად და მიკროსკოპულად კანის ანაფხეკით. სებორეულ დერმატიტს ახასიათებს ცხიმოვანი ჯირკვლების მომატებული აქტივობა, რაც ჰიპერსებორეას იწვევს. ამ დროს, თმა ცხიმიანია და პრიალებს, იწვევს თმის ცვენას. ბუდობრივი ალოპეციის დროს აუცილებელია, გამოირიცხოს სიფილისი, ეს ვენერიული დაავადებაა, რომელიც გადადის სქესობრივი გზით, რომლის დროსაც ალოპეცია წვრილ კეროვანია, წვერი და თავის თმიანი ნაწილი თითქოს დაჩრჩილულია.
თმის რა რაოდენობით დაკარგვა ითვლება ნორმალურ მოვლენად?
ჩვენი ორთვიანი იზოლაციის და კარანტინის პერიოდში, რომელიც გაზაფხულს დაემთხვა, საგრძნობლად გაიზარდა მომართვიანობა თმის ცვენასთან დაკავშირებით. თავის თმიანი არის მთელ ზედაპირზე თანაბრად და ყოველდღიურად თმის დაკარგვა ფიზიოლოგიური პროცესია. ყოველდღიურად 50-100 ღერი თმის დაკარგვა ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა, თუმცა თუ ციკლი დაირღვა, ვითარდება გამელოტება ანუ ალოპეცია, რაც თმის საფარველის დაკარგვას (ცვენას) ნიშნავს.
ვის შეიძლება განუვითარდეს ალოპეცია და რა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული?
ის შეიძლება განუვითარდეს მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებსაც. თმის ცვენა ადამიანს დისკომფორტს უქმნის, მოქმედებს მის ფსიქოემოციურ განწყობაზე, რიგ შემთხვევებში იწვევს სოციალურ იზოლაციას, რაც მკვეთრად ამძაფრებს დაავადებას. თმის ცვენა განპირობებულია, სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა: ენდოკრინული დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება (ანტიკოაგულანტები, ციტოსტატიკები), სტრესები, მეტაბოლური ცვლილებები (შიმშილი, მკაცრი დიეტები) სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი და ა.შ.
ხშირად თმის ცვენა გამოწვეულია არასწორი მოვლით, ეს შეიძლება იყოს ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება, საღებავების ხშირად გამოყენება, ფენის და თმის უთოს ხშირი მოხმარება, არასწორად შერჩეული შამპუნები, თმის გადაჭიმვა და ა.შ.
თმის ცვენა ხშირად აღენიშნებათ ქალებს მშობიარობის შემდგომ, რას ურჩევდით მათ?
მშობიარობიდან რვა კვირის შემდეგ, თმის ცვენა ინტენსიური ხდება. ამ დროს ჰორმონული ფონი უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ესტროგენების დონე იკლებს, რაც თმის ცვენაზე აისახება, თუმცა ეს პროცესი ფიზიოლოგიური მოვლენაა და არ არის პათოლოგია. თუ თმის ცვენა გრძელდება მშობიარობიდან 6-8 თვის შემდეგ აუცილებელია მივმართოთ ექიმ დერმატოლოგს, რომელიც შეგირჩევთ სწორ პრეპარატს.
გაზაფხულზე თმის ცვენა მატულობს. როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა ამ დროს?
გაზაფხულზე თმის ცვენა უკავშირდება არასრულფასოვან კვებას, ვინაიდან გაზაფხულზე ხილი და ბოსტნეული ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული ვიტამინებით, ვერ ხერხდება ვიტამინების და მინერალების სრულყოფილი მიღება. ვინაიდან თმა ძირითადად შედგება კერატინისგან ანუ ცილისგან საჭიროა ვიკვებოთ იმ პროდუქტებით რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას. აუცილებელია თევზის და ზღვის პროდუქტების მიღება რომელიც გაჯერებულია A ვიტამინით. თუმცა , თმის ცვენა მხოლოდ კვებას და სტრესებს არ უკავშირდება.
როგორ ვუმკურნალოთ ალოპეციას?
თმის ცვენის დროს აუცილებელია მიზეზის დადგენა, რათა მოხდეს მკურნალობის სწორად შერჩევა. ხშირად არასწორად ხდება პრეპარატების მიღება, რომელიც მოქმედებს არა თმის სტრუქტურაზე არამედ ძვალ-სახსროვან სისტემაზე, ეს არის D ვიტამინის და კალციუმის ხშირი მოხმარება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თმა კერატინის შემცველია და არ მიეკუთვნება ძვალ სახსროვან სისტემას. სწორად შერჩეული მედიკამენტები გამოჯანმრთელების საწინდარია.