გაუწყლოვნება ანუ დეჰიდრატაცია ნიშნავს, როდესაც ადამიანი უფრო მეტ წყალს კარგავს, ვიდრე იღებს. ეს ორგანიზმს ხელს უშლის ძირითადი სამუშაოების შესრულებაში. მაგალითად ტემპერატურის შენარჩუნებაში. თქვენ კარგავთ წყალს სუნთქვის დროსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოფლზე, ცრემლებზე და შარდზე.
როგორ მოქმედებს თქვენზე წყლის ნაკლებობა?
მსუბუქი დეჰიდრატაციის დროს შესაძლოა იგრძნოთ დაღლილობა, თავის ტკივილი, გუნება-განწყობილების ან ყურადღების დაქვეითება.
წყურვილი გაუწყლოვნების ნიშანია?
დიახ, მაგრამ არ არის საჭირო პანიკა. ოდნავი გაუწყლოვნების დროს წყურვილის განცდით სხეული განიშნებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ და წყალი დალიოთ. ეს შეიძლება დაგეხმაროთ წყლის დალევის ჩვევის ჩამოყალიბებაში.
ვის ემუქრება დეჰიდრატაცია?
ჩვილები და ბავშვები უფრო ხშირად განიცდიან დეჰიდრატაციას, ვიდრე მოზრდილები, რადგან ისინი უფრო პატარები არიან. ხანდაზმული ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან წყურვილის გრძნობა ასაკთან ერთად უფრო დუნდება. თირკმლის დაავადებამ და ჯანმრთელობის გარკვეულმა მდგომარეობებმაც შეიძლება იმოქმედოს ამაზე. ორსულმა ან მეძუძურმა ქალებმა ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის წყალი უნდა დალიონ.
სიმპტომები მცირეწლოვან ბავშვებში
ჩვილები და პატარა ბავშვები ყოველთვის ვერ გეტყვიან, რა ხდება მათ სხეულში. მშრალი ენა, უცრემლო ტირილი, მშრალი საფენი 3 საათის განმავლობაში და მეტი გაღიზიანება, ვიდრე ჩვეულებრივ – პატარებში გაუწყლოვნების ნიშანია. როდესაც ეს უფრო მწვავე იქნება, მათი პირი მშრალი და წებოვანი გახდება, ხოლო თვალები და ლოყები შეიძლება ჩავარდნილი იყოს. შესაძლოა აუჩქარდეთ პულსი და სუნთქვის სიხშირე.
სიმპტომები უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში
- წყურვილის განცდა;
- პირის სიმშრალე;
- დღეში 4-ზე ნაკლები შარდვა;
- მუქი ფერის მძაფრი სუნის მქონე შარდი;
- სუნთქვის და გულისცემის აჩქარება;
- გადახურება.
საჭიროა დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა?
ამ წესს არ აქვს მეცნიერული საფუძველი. საჭირო რაოდენობის სასმელი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური ხართ, სად ცხოვრობთ და როგორი ჯანმრთელობა გაქვთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ საკმარისად სვამთ, შეამოწმეთ თქვენი შარდის ფერი. ნათელი ან ღია ყვითელი ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. მუქი ნიშნავს, რომ მეტი წყალი უნდა დალიოთ.
რაც შეეხება ელექტროლიტებს?
ისინი მხოლოდ ძირითადი მარილებია, როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი და კალციუმი. მაგრამ ისინი მონაწილეობას იღებენ ნერვების მუშაობიდან ჯანსაღი ძვლის მშენებლობამდე. თქვენი ელექტროლიტების დონე მჭიდროდ არის დაკავშირებული თქვენს ორგანიზმში წყლის რაოდენობასთან. ეს ნიშნავს, რომ თუ ბევრი სითხე დაკარგეთ, იგრძნობთ წყურვილს და ნაკლებად გაგიჩნდებათ მოშარდვის სურვილი, რადგან სხეული ცდილობს ელექტროლიტური ბალანსი აღადგინოს.
როდის არის საჭირო ორალური რეჰიდრატაციის ხსნარი?
მსუბუქი გაუწყლოვნების შემთხვევაში, ბევრი სითხის მიღებით შეიძლება განიკურნოთ. მაგრამ თუ ძლიერი ფაღარათი ან ღებინება გაქვთ, დაგეხმარებათ ორალური რეჰიდრატაციის ხსნარები. ეს უფრო ხშირად ბავშვებს სჭირდებათ. მარილებისა და შაქრების სპეციალური ნაზავია, რაც თქვენს ორგანიზმს ამ დროს სჭირდება. მისი ყიდვა შეგიძლიათ აფთიაქში.
როდის უნდა დარეკოთ ექიმთან?
ძლიერი დეჰიდრატაციის სიმპტომების შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს შესაძლებელია ბავშვებში სწრაფად მოხდეს. ამიტომ უმჯობესია შეამოწმოთ უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ნიშნები მოიცავს:
- ფაღარათი 24 საათზე მეტხანს
- თავბრუსხვევა, დაბნეულობა ან გაბუნდოვანება
- სითხეების შენარჩუნების შეუძლებლობა
- მივარდნილობა
- სწრაფი გულისცემა ან სუნთქვა
- შავი ან სისხლიანი განავალი
როდესაც თქვენს სხეულში წყლის დონე ძალიან დაბალია და ვერ უმკლავდებით გაუწყლოვანებას, მოგიწევთ მკურნალობა საავადმყოფოში. იდეა იგივეა – მიიღოთ სითხე თქვენში და დაუბრუნოთ სხეულს წონასწორობა. ექიმები გაგიკეთებენ გადასხმას, რადგან ასე წყალსა და მარილებს უფრო სწრაფად მიიღებთ, ვიდრე დალევის დროს.
თუ ძალიან ბევრ წყალს ვსვამ?
როდესაც თქვენ სვამთ იმაზე მეტს, ვიდრე თქვენი თირკმლები იტანს, შეიძლება მიხვიდეთ მდგომარეობამდე, რომელსაც ჰიპონატრიემია ეწოდება. ეს მაშინ, როდესაც ნატრიუმის დონე ძალიან იკლებს, რაც იწვევს უჯრედების შეშუპებას.
როგორ მივიღოთ საკმარისი წყალი?
თუ უბრალოდ არ გახსენდებათ საკმარისი წყლის დალევა, მიირთვით ჭამის დროს ან შემდეგ. ან თქვენს ტელეფონში დააყენეთ შეხსენება, რომ ყოველ საათში დალიოთ 1 ჭიქა წყალი, შესაძლოა გამოგადგეთ წყლის ბოთლის თან ტარება. თუ წასუსნავების სურვილი გაქვთ, ჯერ წყალი დალიეთ, რადგან ჩვენი სხეული ზოგჯერ ურევს წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებებს.
წყარო: www.webmd.com