Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ლაქტაციის მრჩევლის შორენა ლაღაძის ბლოგი

თუ თქვენ  ახალშობილის ძუძუთი კვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეთ, გილოცავთ და ვწუხვარ. გილოცავთ იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლება თქვენს ახალშობილს გაუკეთოთ და ვწუხვარ იმიტომ, რომ დღეიდან თქვენ შეაბიჯებთ ათასი მითისა და დეზინფორმაციის სამყაროში, გექნებათ უამრავი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ხელს შეგიშლით ძუძუთი კვებაში. მაგრამ, ცნობილია ის ფაქტი, რომ დედები ძლიერები ვართ, დედები თავად ვიღებთ დამოუკიდებელ და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს. ახლა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მეც დაგეხმარებით.

 ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენი ორსულობის ჰორმონები ქრებიან. ეს საშუალებას აძლევს სხვა  ჰორმონებს, გააქტიურდნენ და წარმოქმნან პირველი სითხე მკერდში – ხსენი. ოქროს წვეთები – ხსენი – თქვენი შვილის  პირველი საჭმელი და სასმელია. რადგან ახალშობილის კუჭის მოცულობა 5 მილილიტრია და ხსენიც საკმაოდ ნოყიერი და სქელია, ერთი დღის ბავშვს შეუძლია წოვის ორი სესიით დანაყრება. მაგრამ, სამწუხაროდ მკერდი არ არის გამჭვირვალე ბოთლი, რომელსაც გრამები აწერია, ამიტომ დედები ადვილად ვარდებიან ეჭვებში – ნუთუ ჩემმა შვილმა საკმარისი ჭამა? დიდი წონის რომ დაიბადა, მეტი საჭმელი ხომ არ უნდა?
ამ ორ კითხვას ორი პასუხი აქვს. პირველს – კი და მეორეს – არა.

ინიცირების ეტაპი – პირველი 24 საათი

დაბადებიდან პირველი ხუთი დღე, სანამ თქვენი სხეული ისწავლის რძის საკმარისი რაოდენობით გამომუშავებას, თქვენ ისწავლით მოჭიდებას და თქვენი ბავშვი ისწავლის კვებას, ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვს ხშირად შესთავაზოთ ძუძუ და არ დაანაყროთ პატარა წყლით, ჩაით ან ხელოვნური საკვებით.

თქვენი ახალშობილი პირველი 24 საათის განმავლობაში ჭამს დაახლოებით ერთ ჩაის კოვზ ხსენს, თითო კვებაზე, რაც აბსოლუტურად საკმარისია მისი პაწაწინა კუჭისთვის. მისი კუჭი პირველ დღეს ალუბლის ზომაა და ყოველი კვების დროს მხოლოდ 5 – 7 მლ რძის დატევა შეუძლია. თუ მას შესთავაზებთ ბოთლიდან მეტს, ხელოვნურად გაუზრდით კუჭის ზომას, რაც არც ისე სასარგებლო პროცესია ახალშობილის ჩამოუყალიბებელი ორგანოებისათვის. არ დაუკარგოთ პატარას ხსენი – ეს ფერადი სითხე მას ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა, მისგან მიღებული იმუნიტეტი კი სიცოცხლის ბოლომდე გაყვება. ასევე, არ ინერვიულოთ წონის შესახებ – დაბადების შემდეგ წონის 10%-ის დაკლება ნორმაა.

ხსენის ხშირი წოვა ეუბნება თქვენს სხეულს, რომ რძე მალეა საჭირო, ამიტომ დაბადებიდან მე-3 დღეს თქვენი ახალშობილის კუჭი გაიზრდება და დაახლოებით კაკლის ზომა გახდება. ამ დროს ხსენი რძედ იქცევა. პაწაწინა მუცელს დაბადებიდან მეოთხე დღეს შეუძლია 22–27 მლ რძე დალიოს, თითო კვებაზე. მეტი საკვები მძიმე მოსანელებელია მისთვის, ამიტომ არაფერი დააძალოთ ან დაუმატოთ. კვებეთ ახალშობილი დღეში მინიმუმ 8-10 ჯერ ძუძუთი  და დააკვირით შარდით სველი საფენების რაოდენობას. თუ პატარა 6-7-ჯერ შარდავს, სწორად ეჭიდება ძუძუს, ცლის ბოლომდე ერთი კვების დროს ერთ მკერდს მაინც (ან ორივეს), არ უმატებთ სხვა სითხეს, არ აძლევთ მატყუარას (პირველი 3 კვირა), არ აქვს ენის ლაგამი – ე. ი. ის სრულად ღებულობს მისთვის განკუთვნილ 22 მლ რძეს.

 აქტივაციის ფაზა – მეორე დღიდან 2 კვირამდე

დაბადებიდან ერთი კვირის მერე თქვენი შვილის კუჭი იზრდება დაახლოებით გარგარის ზომამდე და შეუძლია 45 – 60 მლ რძე დაიტიოს. პირველ და მეორე კვირას პატარებს ხშირად აქვთ უწყვეტი კვების ეპიზოდები.

დაახლოებით 2 კვირის ასაკში ჩვილები იბრუნებენ დაბადების წონას.  ამ დროს, თქვენი ბავშვის კუჭი დაახლოებით კვერცხის ზომამდე გაიზარდა და ახლა მას შეუძლია დაიტიოს 80 მლ დედის რძე თითო კვებაზე. 2 კვირიდან მე-3 თვის ჩათვლით დგება ლაქტაციის შენარჩუნების ფაზა – ამ დროს მნიშვნელოვანია ძუძუთი კვებოთ ბავშვი ყოველთვის, როდესაც მას ეს უნდა. ხელოვნური საკვების ჩართვა ბავშვის კვებაში ამ პერიოდში იწვევს დედის რძის გაშრობას.

 შენარჩუნების ფაზა – მე-4 კვირიდან მე-3 თვის ბოლომდე

ამ პერიოდში ბავშვები ბევრს ტირიან კოლიკისა და გაზების, ზრდის დღეების, უწვეტი კვების დღეების, ოვერსტიმულაციის გამო. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მშივრები არიან. საკმარისი რძის მიღება-არმიღების ინდიკატორი ამ ასაკშიც ძუძუს დაცლა, სწორი მოჭიდება და 6 შარდით სველი საფენია. ამ ასაკის ბავშვები 80-150 მლ რძეს სვამენ.

სტაბილური ფაზა – 4 თვიდან 12 თვემდე

ჩვილები იშვიათად არიან მშვიდად და ბევრი მიზეზით წუწუნებენ, მაგრამ 4 თვიდან რძე იმდენად ერგება ბავშვის მოთხოვნებს, წუწუნის მიზეზი შიმშილი შეუძლებელია იყოს. 4 თვიდან 12 თვემდე რძე სტაბილურდება, ის ზუსტად იმდენია და ზუსტად მაშინ დგება, როდესაც ბავშვს სჭირდება, თუმცა რძე შეიძლება პირველივე თვეში დარეგულირდეს და სწორედ მაშინ ჩადგეს, როდესაც ბავშვს სჭირდება. მითია ისიც, რომ თითქოს იმ ბავშვს რომელიც პატარა წონით დაიბადა, ნაკლები საკვები სჭირდება, ხოლო დიდწონიანს – მეტი. ამიტომ, ბავშვს წონის გამო ნუ მისცემთ დამატებით სხვა საკვებს.

თქვენი ბავშვის მენიუში დაახლოებით 6 თვის ასაკში შედის დამატებითი საკვები, რძის რაოდენობა კი თითქმის იგივე რჩება. დედის რძე 1 წლამდე ბავშვის ძირითადი საკვებია, ამიტომ, თქვენ იგივე სიხშირით უნდა გააგრძელოთ პატარასათვის ძუძუს შეთავაზება.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა გრაფიკი აქვს. ზოგიერთი მხოლოდ ხუთი წუთი წოვს ძუძუს და მალევე ითხოვს თავიდან, ზოგს დანაყრებისათვის ნახევარი საათი სჭირდება, ზოგიერთი ბავშვი ძუძუს ორ ან სამ საათში ერთხელ ჭამს, ზოგიერთი – მთელი დღე, უწყვეტად. ასევე, ბავშვის რეჟიმი იცვლება სხვადასხვა განვითარების ეტაპების დროს. ეს არაფერს  ნიშნავს – მიენდეთ თქვენს შვილს და კვებეთ იგი მაშინ, როდესაც ამის სურვილს შეატყობთ. საოჯახო საქმე მოიცდის – პატარა კი მალე გაიზრდება და მასთან ერთად გატარებული არცერთი წუთი აღარ განმეორდება.