Skip to content Skip to sidebar Skip to footer

იმისათვის, რომ თქვენს პატარას ცხოვრების შესანიშნავი დასაწყისი მისცეთ, არ არის აუცილებელი იყოთ განვითარების ექსპერტი. კვლევები ადასტურებს იმას, რაც ჩვენ ისედაც ვიცით: სიყვარული, ზრუნვა და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება – ეს ისაა, რაც ყველა ბავშვს სჭირდება და სურს. იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი, მიჰყევით ამ მარტივ ნაბიჯებს:

1. აჩვენეთ ბავშვს ულევი სიყვარული და ყურადღება.

მეცნიერული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სიყვარული, ყურადღება და ალერსი ცხოვრების პირველ წლებში პირდაპირ მოქმედებს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ ზრდაზე. ექსპერტები ამბობენ, რომ სიყვარული და შეხება ასევე ეხმარება ჩვილის ტვინის განვითარებას.

როგორ ვაჩვენოთ სიყვარული? ჩავეხუტოთ, შევეხოთ, გავუღიმოთ, წავახალისოთ, მოვუსმინოთ და ვეთამაშოთ პატარას ხშირად.

ასევე მნიშვნელოვანია, სწრაფად ვუპასუხოთ მათ ტირილს, განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში, როცა ექსპერტების აზრით შეუძლებელია ბავშვის „გაფუჭება“. დაუყოვნებლივ დააკმაყოფილეთ თქვენი შვილის ფიზიკური საჭიროებები, როგორიცაა სველი საფენის გამოცვლა ან ტანსაცმლის ერთი ფენის გახდა, თუ ოთახში ძალიან დაცხა.

როდესაც ბავშვი ხვდება, რომ უფროსები მის ცუდად ან კარგად ყოფნას ეხმაურებიან, მას უფრო მეტი ნდობა აქვს სამყაროს მიმართ და მზადაა ძლიერი ემოციური კავშირებისთვის.

2. იზრუნეთ ბავშვზე.

იმისათვის, რომ ბავშვი განვითარდეს და გაიზარდოს, ის ჯანმრთელი უნდა იყოს. ატარეთ პედიატრთან გეგმურ ვიზიტებზე და ჩაუტარეთ გეგმური ვაქცინაცია.

ძილი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვისთვის, ამიტომ დაეხმარეთ მას ეძინოს ასაკის შესაბამისად. თქვენი ბავშვის ტვინის უჯრედები მნიშვნელოვან კავშირებს ამყარებს ძილის დროს, რაც ხელს უწყობს სწავლას, მოძრაობას და აზროვნებას. ეს კავშირები ეხმარება თქვენს პატარას გააცნობიეროს რას ხედავს, ესმის, აგემოვნებს, ეხება და ყნოსავს სამყაროს შესწავლისას.

დედის რძე და მისი შემცვლელი ხელოვნური ნარევი (ფორმულა) უზრუნველყოფს ყველა იმ საკვებ ნივთიერებას, რომელიც თქვენს პატარას სჭირდება პირველი ექვსი თვის განმავლობაში და შეადგენს მისი მენიუს დიდ ნაწილს, სულ მცირე, მის პირველ დაბადების დღემდე. კვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში უფრო  ნაკლებია ალერგიის, ფაღარათის, სასუნთქი გზების პრობლემების, სიმსუქნისა და ყურის ინფექციების შემთხვევები. თუმცა,  თუ თქვენ არ შეგიძლიათ ძუძუთი კვება ან ასე გადაწყვეტთ, ფორმულა სავსებით აკმაყოფილებს ჩვილი ბავშვის საჭიროებებს.

3. ესაუბრეთ თქვენს პატარას.

კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ჩვილებს ხშირად დაველაპარაკებით, ეს მათ დაეხმარება ამეტყველებასა და ენობრივი უნარების განვითარებაში (შეგიძლიათ დაიწყოთ ორსულობის დროსაც კი – ეს შესანიშნავი გზაა ემოციური კავშირის დასაწყებად).

ესაუბრეთ თქვენს პატარას საფენის გამოცვლის, კვების და ბანაობის დროს. ის უკეთ გამოგეხმაურებათ, თუ იცის, რომ სიტყვები მისკენაა მიმართული, ამიტომ შეეცადეთ უყუროთ მას საუბრის დროს. გაუხმოვანეთ, აღუწერეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ. მაგალითად, „აბაზანა მზადაა. ახლა ფრთხილად ჩაგსვამ“.

4. წაუკითხეთ თქვენს პატარას.

მისთვის წიგნების კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი შვილის ლექსიკის ჩამოსაყალიბებლად, მისი ფანტაზიის გასააქტიურებლად და მისი მეტყველებისა და სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად.

5. მიეცით განვითარებისთვის საჭირო სტიმულები.

თქვენს შვილს სჭირდება სხვადასხვა ადამიანების, ადგილების და საგნების გაცნობა, რათა ისწავლოს მათ შესახებ. ყოველი ახალი ურთიერთქმედება მას აძლევს ინფორმაციას სამყაროსა და მასში მისი ადგილის შესახებ. უბრალო ყოველდღიურ საქმიანობებსაც კი შეუძლია თქვენი ბავშვის განვითარების სტიმულირება.

ითამაშეთ ინტერაქციული თამაშები, როგორიცაა ჭიტა. იარეთ ერთად სასეირნოდ და საყიდლებზე და მიეცით საშუალება თქვენს პატარას შეხვდეს ახალ ადამიანებს (გაითვალისწინეთ კორონავირუსული ინფექციის პრევენციის ზომები).

შეარჩიეთ სათამაშოები და საგნები სხვადასხვა ფორმის, ტექსტურის, ფერის, ბგერებისა და წონის მიხედვით.

ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა თამაშის დროს ან უმღერეთ იავნანა ძილის წინ.

შეუქმენით უსაფრთხო სივრცეები სახლში, სადაც მას შეეძლება  ირბინოს, იმოგზაუროს და, გამოიკვლიოს გარემო ისე, რომ არ ესმოდეს “არა” ან “არ შეეხო”.

თუ თქვენს ბავშვს უხარია, როცა ბებიას სახეს ხედავს ვიდეო ჩატში, ნება მიეცით გაავარჯიშოს თავისი საუბრის უნარები ვიდეოზარის საშუალებით.

ჩვილები მალე იღლებიან ზედმეტი სტიმულაციით, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ გადაღლილობის ნიშნებს. ასევე მოარიდეთ ეკრანებს მინიმუმ 18 თვემდე (და ეს მოიცავს ტელევიზორის ფონურ ხმაურსაც).

6. ნება მიეცით, სცადოს.

როდესაც აქტივობა ადვილი არ არის თქვენი ბავშვისთვის, მან უნდა მოიძიოს ახალი გზა დავალების შესასრულებლად. ნუ მიაწვდით თქვენს შვილს სათამაშოებს ან აქტივობებს, რომლებიც მის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ მიეცით მას შესაძლებლობა, შეეჭიდოს რაღაცებს, რათა დაეუფლოს ახალ უნარებს.

7. იზრუნეთ საკუთარ თავზე.

ივარჯიშეთ ყოველდღე (თუნდაც ეს უბრალოდ ბავშვის გასეირნება იყოს), მიირთვით ჯანსაღი საკვები და იძინეთ საკმარისად (სათქმელად მარტივია, არა?).

გაუნაწილეთ მშობლის პასუხისმგებლობა პარტნიორს და სთხოვეთ დახმარება ახლობლებს, თუ ეს გჭირდებათ.

და არ დაგავიწყდეთ გარკვეული დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. იყო მშობელი – განსაკუთრებით ჩართული და აქტიური – დამღლელია და განტვირთვა აუცილებლად გჭირდებათ.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5