ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც უმეტესად აღინიშნება 25-დან 40 წლამდე ასაკში. მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუა გვესაუბრება ენდომეტრიოზის პრობლემის შესახებ ქალებში, მისი ამოცნობის სიმპტომებზე და მკურნალობის სტრატეგიაზე.
რა არის ენდომეტრიოზი და რა იწვევს მის განვითარებას?
ენდომეტრიოზი წარმოდგება სიტყვა ენდომეტრიუმიდან, რომელიც საშვილოსნოს ამომფენი შიდა შრეა. ენდომეტრიოზის დროს ენდომეტრიუმის მსგავსი უჯრედები გვხვდება საშვილოსნოს გარეთ, ძირითადად მცირე მენჯის ღრუში. უმეტესად აღინიშნება 25-დან 40 წლამდე ქალებში და საკმაოდ მაღალია მისი გავრცელების სიხშირე.
ენდომეტრიუმის ეტიოპათოგენეზის შესახებ მრავალი თეორიაა ცნობილი, თუმცა ვერცერთი მათგანი სრულად ვერ ხსნის დაავადების განვითარების მიზეზებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ეგრეთ წოდებული რეტროგრადული მენსტრუაციის თეორია, როდესაც მენსტრუაციის დროს ენდომეტრიუმის უჯრედები მცირე მენჯის ღრუში აღმოჩნდება და ვრცელდება. ასევე, არსებობს მათი ლიმფური და ჰემატოლოგიური-სისხლით გავრცელების ვარაუდი. მეცნიერთა ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი უჯრედი შესაძლოა ტრანსფორმირდეს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გენეტიკურ თეორიას, გარკვეულ ოჯახებში არსებობს დაავადების წინასწარგანწყობა. ცნობილია ასევე პირდაპირი ტრანსპლანტაციის შემთხვევები, საკეისრო კვეთის შემდეგ ჭრილობის ენდომეტრიოზი.
ენდომეტრიოზს ხშირად უნაყოფობასაც უკავშირებენ. გვესაუბრეთ რა კავშირია ქალის უშვილობასა და ენდომეტრიოზს შორის?
30%-დან 50% ქალებს, რომელსაც დაესვათ ენდომეტრიოზის დიაგნოზი, შესაძლოა აღენიშნებოდეთ უნაყოფობის პრობლემა. ენდომეტრიოზის გავლენა ფერტილობაზე რამდენიმე გზით ხდება: იცვლება მცირე მენჯის ნორმალური ანატომია, აღინიშნება გამოხატული შეხორცებითი პროცესი, იცვლება იმუნური სისტემის ფუნქციონირება, შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰორმონული დისბალანსი, როდესაც დარღვეულია კვერცხუჯრედის მომწიფების ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციის პროცესი.
ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ენდომეტრიოზის კერების გავრცელების, ადგილმდებარეობის და სიღრმის მიხედვით გამოიყენება „ქულათა” სისტემა, რაც განსაზღვრავს დაავადების მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმას. ქულათა სისტემა პირდაპირ კორელაციაშია ორსულობის დადგომის წარმატებასთან. მძიმე ფორმის შემთხვევაში, ხშირია მნიშვნელოვნად გამოხატული შეხორცებით პროცესი, გაუმტარი კვერცხსავალი მილები, დაზიანებულია საკვერცხის ქსოვილის დიდი ნაწილი და ასეთ დროს გამოსავალს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები წარმოადგენს.
როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ამ პათოლოგიაზე და რა არის სიმპტომები?
ენდომეტრიოზის ძირითადი სიმპტომია ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ხშირად უკავშირდება მენსტრუაციის დღეებს. ქალების დიდ უმეტესობას აქვს დისკომფორტი მენსტრუაციის დროს, თუმცა ენდომეტრიოზის შემთხვევაში ტკივილის ინტენსივობა მეტია, ასევე დროსთან ერთად ტკივილის ინტენსივობამ და სიძლიერემ შეიძლება მოიმატოს. ენდომეტრიოზისთვის დამახასიათებელი ხშირი სიმპტომებია: მტკივნეული მენსტრუაცია – დისმენორეა, ამ დროს ასევე შესაძლოა აღინიშნებოდეს წელის ტკივილი. მტკივნეულობა სქესობრივი აქტის დროს – დისპარუნია, ტკივილი მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, რომელიც მეტად მომატებულია მენსტრუაციის დროს. ასევე, მენსტრუაციათა შორის სისხლიანი გამონადენი და უნაყოფობა. ნაკლები სიხშირით გვხვდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, ზოგადი სისუსტე, გულისრევის შეგრძნება მენსტრუაციის დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ ტკივილის ინტენსივობა არ წარმოადგენს დაავადების სიმძიმის და გავრცელების ინდიკატორს. მსუბუქი შემთხვევების დროს შესაძლოა იყოს გამოხატულ ტკივილი და პირიქით.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება შესაძლო იყოს დროის მომცველი, სიმპტომები ხშირად სხვა გინეკოლოგიური პათოლოგების მსგავსია, ამიტომ კლინიკური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მცირე მენჯის ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ მაგნიტო რეზონანსული კვლევა ხანდახან გამოიყენება დიაგნოსტირების საშუალებად, თუმცა საბოლოო დიაგნოსტირება ხდება ლაპარასკოპიული გზით. პირდაპირი ვიზუალიზაცია დაავადების სიმძიმის დადგენისა და მორფოლოგიური კვლევის საშუალებას იძლევა.
როგორ ხდება მკურნალობა და როდის არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?
ენდომეტრიოზის პირდაპირი მკურნალობა არ არსებობს და გადაწყვეტილება მიმართულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტკივილის მართვა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფერტილობის აღდგენა, დაავადების პროგრესირების შეწყვეტა და ენდომეტრიუმის ქსოვილის ზრდის შემცირება. არჩევანი ეფუძნება რისკისა და სარგებლის გათვალისწინებას და მხედველობაშია მისაღები ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პაციენტის ასაკი, რეპროდუქციული გეგმები. მსუბუქი ფორმის შემთხვევაში ან პერიმენოპაუზის დროს შესაძლოა არ დაინიშნოს მკურნალობა. კონსერვატიული მკურნალობის დროს ტკივილის კუპირების მიზნით ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები გამოიყენება. ასევე რიგ შემთხვევებში ინიშნება ჰორმონოთერაპია: კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, პროგესტერონი, საშვილოსნოსშიდა საშუალები, იმპლანტები.
ოპერაციული ჩარევის – ლაპარასკოპიის გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკურ სურათს, რეკომენდებულია მძიმე ენდომეტრიოზის შემთხვევაში, გამოხატული ძლიერი ტკივილის დროს, ან კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობისას, ასევე უნაყოფობის ქირურგიული მკურნალობის მიზნით. დაავადების სირთულისა და ბუნებიდან გამომდინარე მკურნალობის ტაქტიკა წყდება ინდივიდუალურად.