რა დრო სჭირდება საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებას?
საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებას მაქსიმუმ 30 წუთი სჭირდება. აქედან 10 წუთი სჭირდება გაკვეთილი საშვილოსნოდან ახალშობილის ამოყვანას.
რა ხდება საკეისრო კვეთის დროს?
იქნება ეს დაგეგმილი ოპერაცია, თუ ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, ტიპიური საკეისრო თავიდან ბოლომდე მიჰყვება გაწერილ გეგმას. კლინიკების უმეტესობა ცდილობს საკეისრო კვეთა, რაც შეიძლება კეთილგანწყობილ და ოჯახურ გარემოში ჩატარდეს. საკეისრო კვეთის დროს სასურველია ქალის პარტნიორი იყოს ოთახში, ოპერაციის მერე ბავშვი მოთავსდეს დედის მკერდზე, შედგეს ძუძუთი კვება. მზადება და ანესთეზია საკეისრო კვეთა იწყება ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიით .
დაგეგმილი ოპერაციების დროს ხშირად ტარდება სპინალური ანესთეზია, რომლის დროსაც ქალი ფხიზლადაა, მხოლოდ ვერ გრძნობს ოპერაციის დროს ტკივილს წელს ქვემოთ. შემდეგ ხდება მუცლის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით. საოპერაციო ოთახის პერსონალი ჩაგიდგამთ კათეტერს და მოგათავსებთ თქვენ და თქვენს პარტნიორს სტერილურ გარემოში-საოპერაციო ბლოკში.
თქვენი მონაცემებისათვის თვალის დევნება შეგიძლიათ საოპერაციო ბლოკში ეკრანზე. ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ოპერაციის მიმდინარეობას. თუ ეს არ გსურთ, მუცელთან ექთანი დაგიმაგრებთ სპეციალურ შირმას, რომლის წყალობითაც თქვენ ვერ დაინახავთ ჭრილობის გაკეთების პროცესს.
დაუგეგმავი საკეისრო კვეთის დროს ხშირად ტარდება სრული ანუ ეპიდურული ანესთეზია. ამ დროს ქალს ძინავს. ანესთეზიის შემდეგ გაღვიძებულ ქალს შესაძლებელია ჰქონდეს ყელის ტკივილი, პირის სიმშრალე ან სხვა გვერდითი მოვლენები.
ჭრილობა და დაბადება
მას შემდეგ რაც ანესთეზია იმოქმედებს, ექიმი გააკეთებს მცირე ჭრილობას მუცლის ქვედა ნაწილში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ნაწიბური საკმაოდ შეუმჩნეველია და დროთა განმავლობაში ღიავდება. შემდეგ ექიმი გააკეთებს კიდევ ერთ ჭრილობას საშვილოსნოს ქვედა ნაწილში. ჭრილობის გაკეთების დროს არსებობს ორი ვარიანტი:
განივი ჭრილობა – ეს კვეთა გამოყენება ოპერაციების 95 პროცენტში. განივი ჭრილობა კეთდება საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, რადგან აქ კუნთები გაცილებით უფრო თხელია და იწვევს ნაკლებ სისხლდენას.
ვერტიკალური ჭრილობა – ეს კვეთა კეთდება საშვილოსნოს შუა ნაწილში და გამოიყენება როდესაც ბავშვი ზის საშვილოსნოში დაბლა ან სხვა უჩვეულო პოზიციაში. ჭრილობის გაკეთების შემდეგ საშვილოსნოს შიგნით არსებული ამნიონური სითხე გაიწოვება, ამოჰყავთ ბავშვი, ასუფთავებენ მის სასუნთქ გზებს და თქვენ გაიგონებთ თქვენი შვილის პირველ ტირილს.
პირველი შეხვედრა
მას შემდეგ რაც ექიმი გადაჭრის ახალშობილის ჭიპლარს, თქვენ შეხვდებით თქვენს პატარას. ქირურგი ამოიღებს პლაცენტას, შეამოწმებს თქვენს რეპროდუქციულ ორგანოებს, გააკეთებს ნაკერს, რომლის ძაფებიც დროთა განმავლობაში გაიწოვება. ამ პროცედურას შეიძლება დასჭირდეს 30 წუთი ან მეტი.
საკეისრო კვეთის შემდეგ თქვენ დაგინიშნავენ ანტიბიოტიკებს ინფექციის რისკის შესამცირებლად და ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელიც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ბუნებრივად გამოიყოფა ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, საკეისრო კვეთის შემდეგ კი – არა. რეგულარულად შემოწმდება თქვენი არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლდენის რაოდენობა.
თქვენ გექნებათ საკმაოდ ბევრი დრო, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოჭრილი ახალი, პატარა ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ქალების უმრავლესობას შესაძლებლობა აქვს ახალშობილს ძუძუ საოპერაციო მაგიდაზევე მოაწოვოს. თუ ძალიან დაიღალეთ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, შვილთან კონტაქტისთვის პალატაში გატარებული დრო გამოჰყავით. თუ თქვენს პატარას სჭირდება ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსება, არ იდარდოთ. ხშირად ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც საკეისრო კვეთას თან მოსდევს და ძირითადად თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას ემსახურება.
თანამედროვე სტანდარტები
ამჟამად მზარდ მოთხოვნას საკეისრო კვეთებზე ჰოსპიტალების უმრავლესობა ახალი სატანდარტებითა და დახვეწილი ტექნოლოგიებით ხვდება. საოპერაციო ბლოკებში ხმაური მინიმუმამდეა დაყვანილი, ოპერაცია მაქსიმალურად ემსგავსება მშობიარობის პროცესს, დედა უყურებს, როგორ ტარდება ოპერაცია და ამოჰყავთ მისი შვილი. ელექტრონული მოწყობილობები საწოლის უკანაა განთასვებული, რაც საშუალებას აძლევს დედას, იგრძნოს მეტი თავისუფალი სივრცე ირგვლივ, როდესაც ბავშვს მის მკერდზე მოათავსებენ. თანამედროვე საოპერაციო ოთახებში დედას ბავშვს ამოყვანისთანავე აწვდიან და სთხოვენ მოაწოვოს ძუძუ. ჭიპლარს ხშირად მოგვიანებით ჭრიან – ზუსტად ისე, როგორც ეს მშობიარობის დროს ხდება.
საკეისრო კვეთის დაგეგმვამდე აუცილებლად ჰკითხეთ ექიმს, მისდევს თუ არა კლინიკა ოპერაციის ზემოთჩამოთვლილ ახალ სტანდარტებს.
საკეისრო კვეთის რისკები
მიუხედავად იმისა, რომ საკეისრო კვეთა განსაკუთრებულად რთულ შემთხვევებშიც კი ბავშვის დაბადების უსაფრთხო გზად ითვლება, იშვიათად, მაგრამ მაინც მასაც მოჰყვება გართულებები.
პირველადი გართულება შეიძლება იყოს რეაქცია გამოყენებულ მედიკამენტებზე ან ანესთაზიაზე. ოპერაციას შეიძლება მოჰყვეს გართულებები სისხლის დაკარგვის გამო. საკეისრო კვეთა საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ინფექციების გავრცელების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ ქალმა ზედმიწევნით დაიცვას ბავშვის გაჩენის შემდეგ ექიმის მითითებები.
საკეისროს შემდეგ შესაძლოა მოხდეს ფეხში, მენჯის ღრუში მდებარე ორგანოებში ან ფილტვში სისხლის შედედება. დიდია თრობმის საშიშროება. ასევე, სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება დაზიანდეს ნაწლავები ან ნაღვლის ბუშტი და საჭირო გახდეს დამატებითი ოპერაცია.
საკეისრო კვეთის შემდეგ იშვიათად, მაგრამ არის რისკი საშვილოსნოს ყელზე ნახეთქების გაჩენისა. თუ საკეისროს შემდეგ უჩვეულოდ ძლიერ მუცლის ტკივილს, სიცხეს და უჩვეულო ფერისა და რაოდენობის გამონადენს შეამჩნევთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
საკეისრო კვეთას მხოლოდ დედის მხრივ არ აქვს გართულებები. ამ ოპერაციის შემდეგ დაბადებული ბავშვების ფილტვები ხშირად რისკის ქვეშ არის დარჩენილი ამნიონური სითხის გამო. დარჩენილი ამნიონური სითხე იწვევს სუნთქვის აჩქარებას ამ მძიმე სუნთქვას ახალშობილებში. ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთი დღე გრძელდება და მალე გაივლის.
თუ თქვენი საკეისრო კვეთა 39-ე კვირაზე ადრე ჩატარდა ახალშობილს შესაძლოა ფილტვებთან დაკავშირებული უფრო დიდი რისკი ჰქონდეს, ეს ორგანო ხშირად ორსულობის ბოლო კვირებამდე არ არის სრულად მომწიფებული. ასეთ შემთხვევებში ექიმი ყურადღებით აკვირდება ახალშობილს და სასწრაფოდ იღებს შესაბამის ზომებს.
როგორ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს?
როდესაც ოპერაციის შემდგომ იწყებთ ზრუნვას თქვენს შესანიშნავ და მილიონი საჭიროების მქონე შვილზე, აუცილებლად გჭირდებათ ფიზიკური და ემოცური მზაობა იმ დღეებისათვის, რაც წინ გელოდებათ.
ფიზიკური მზაობა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ უფრო მარტივია. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაახლოებით 4-6 დღეს სამშობიარო სახლში ატარებს.
დაიმახსოვრეთ, საკეისრო კვეთის შემდგომ სრული რეაბილიტაცია დიდი რბოლაა და ის ნელი სვლით უნდა მოიგოთ და აუცილებლად ზედმიწევნით შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია, რასაც ექიმი მოგცემთ. ნუ მოგერიდებათ დამატებითი კითხვების დასმაც.
არ ელოდოთ ბევრს
გარდა იმ ტკივილისა, რასაც საკეისროს შემდეგ განიცდით, მოგიწევთ გაუმკლავდეთ ყველა იმ სიმპტომს, რასაც ვაგინალური მშობიარობის შემდეგ განიცდიან – დაღლილობა, ძილის დეფიციტი, საშვილოსნოს შეკუმშვით გამოწვეული ტკივილი, რომელიც საკმაოდ რთულად ასატანია ნაკერების გამო, მშობიარობის შემდგომი სისხლიანი გამონადენი, ჰორმონების მძვინვარება, პერინატალური დეპრესია. მაგრამ არასოდეს მისცეთ თავს უფლება, რომ დანებდეთ ან პანიკაში ჩავარდეთ.
თუ მეძუძური ხართ, განათავსეთ ბავშვი მეძუძურის ბალიშზე, რადგან შესაძლოა ნაკერების ტკივილის გამო გაგიჭირდეთ ძუძუს წოვისათვის შესაფერისი პოზიციის პოვნა.
შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ. დიახ, ახლა თქვენი მთავარი საზრუნავი ახალშობილია, მაგრამ საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ. დაიხმარეთ პარტნიორი, მეგობარი ან ნათესავი ბავშვის მოვლაში. არ დახარჯოთ ენერგია სახლის დალაგებასა თუ საჭმლის მომზადებაში, დაიძინეთ მაშინ, როდესაც თქვენს პატარას სძინავს.
ყოველთვის დაიცავით ჭრილობის ჰიგიენა მის საბოლოო მოშუშებამდე, ატარეთ შესაფერისი ტანსაცმელი, რათა თავიდან აიცილოთ ხახუნი ჭრილობაზე.
თუ გაქვთ ტემპერატურა, ტკივილი ან ჭრილობა გახურებული და წითელია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომელსაც ექიმი გაუწევს რეკომენდაციას. თუ თქვენ მეძუძური ხართ არ იდარდოთ – არსებობს წამლები, რომელთა შეწოვაც დედის რძეში მინიმალურად ხდება და სრულიად უვნებელია.
შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ გაზების დაგროვების გამო, რადგან ანესთეზია ანელებს მეტაბოლიზმის პროცესს ნაწლავებში. შეეცადეთ მიიღოთ ისეთი საკვები და სასმელი, რომელიც აგარიდებთ დისკომფორტს.
იმოძრავეთ რეგულარულად, მაგრამ არ გადაიღალოთ. ორსულობის შემდეგ შეკრულობა კიდევ ერთი თავსატეხია, რომელიც განსაკუთრებული დისკომფორტი იქნება თქვენთვის. ჭამეთ უჯრედისით მდიდარი საკვები, იმოძრავეთ ბევრი და მიიღეთ ბევრი სითხე. ზოგადად, იკვებეთ ჯანსაღად და ეცადეთ მიიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები.
გააკეთეთ კეგელის ვარჯიშები. ეს დაეხმარება თქვენს მენჯისა და საშოს კუნთებს მოდუნებაში და ფორმის შენარჩუნებაში.
იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და დაისვენეთ სათანადოდ. თქვენ წინ საკმაოდ დიდი და არც ისე მარტივი დედობის გზა გელოდებათ.
რა სარგებლობა მოაქვს საკეისრო კვეთას?
საკეისრო კვეთა თქვენი შვილის დაბადების უსაფრთხო გზაა მაშინ, როცა ბუნებრივი მშობიარობა შეუძლებელია ან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
კიდევ ერთი ბონუსი ისაა, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ თქვენი პატარა იდეალური თავის ფორმით დაიბადება მაშინ, როდესაც ბუნებრივი გზით დაბადებული ახალშობილების თავს იდეალურ ფორმამდე მისაახლოვებლად გარკვეული დრო სჭირდებათ. საკეისროს შემდეგ თქვენ არ გექნებათ სისხლჩაქცევები სახეზე, როლებიც ქალებს ჭინთვების შემდეგ უჩნდებათ ხოლმე და ბოლოს, ყველაზე კარგი ამბავი – საკეისრო კვეთა არ მოქმედებს თქვენს ნაყოფიერებაზე. და ბოლოს – დაბადების საუკეთესო გზა არის ის, რომელიც უფრო უსაფრთხოა თქვენი შვილისათვის. საკეისრო კვეთა ბავშვის დაბადების საკმაოდ უსაფრთხო გზაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნებრივი გზით მშობიარობა რისკის შემცველია.