Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბავშვები დაინტერესებულნი არიან, იცოდნენ ყველაფერი საკუთარი სხეულის და მისი ფუნქციონირების შესახებ. სამყაროს გამოკვლევის ამ პროცესში, მათი პირველი მეგზურები მშობლები არიან, რომლებმაც უპასუხოდ არ უნდა დატოვონ ადრეულ ასაკში გაჩენილი  შეკითხვები. ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე მშობლებს ურჩევს, როგორ ესაუბრონ  ბავშვებს მათთვის საინტერესო თემაზე, რომელიც სექსუალობას უკავშირდება. 

როდის  უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვთან სქესობრივ განათლებაზე ლაპარაკი?

ამის ახსნა იწყება იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვი სვამს კითხვას. სამი ან ოთხი წლის ასაკის ბავშვი იწყებს სამყაროს შესახებ კითხვების დასმას და  ერთ-ერთი კითხვა არის “საიდან ჩნდება ბავშვი?”.  როდესაც ეს შეკითხვა დაისმება, ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკმაყოფილოთ ბავშვის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და არ დავტოვოთ უპასუხოდ. უფროსებმა, რაც  შეიძლება, გასაგებად და მარტივად უნდა ვუპასუხოთ, შეგვიძლია ზღაპრის ფორმა მივცეთ პასუხს. ოთხი წლის ბავშვს შეგვიძლია ძალიან მარტივად ავუხსნათ, ოღონდ არ მოვატყუოთ და  არ დავამახინჯოთ არსებული სინამდვილე. “წერომ მოგიყვანა”, “კომბოსტოში გიპოვეთ”, “ბაზარში გიყიდეთ” – ეს პირდაპირი ტყუილია და რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული ბავშვებს ასე ველაპარაკოთ. 

სექსუალობის თემა ტაბუირებულია ჩვენს საზოგადოებაში და მით უფრო ბავშვებთან მიმართებაში. რა გავლენას მოახდენს ბავშვზე  დახურული თემების არსებობა?

ზოგადად სექსუალობის თემა საზოგადოებაში ტაბუირებულია, როგორც წესი უხერხულობას და სირცხვილს იწვევს. ჩვენც  უფროსები თავს ვარიდებთ ყველანაირად, ან ვარცხვენთ იმას, ვინც ამ თემას განიხილავს, ყურადღება გადაგვაქვს სხვა რაღაცაზე ან საერთოდ გავურბივართ ამ თემას და ამით ვქმნით გარკვეულ პრობლემებს თავიდანვე სექსთან და სხეულის განვითარებასთან მიმართებაში. როდესაც ბავშვი პუბერტატის ასაკს აღწევს, ეს მისთვის პრობლემაა, რადგან ემოციური ტვირთით მიდის რაღაცა გარკვეულ ასაკამდე. და როდესაც ბავშვს ვუხსნით სხეულის ნაწილებს: ხელს და ფეხს, იქ შეგვიძლია პენისი და ვულვაც ვახსენოთ. რაც უფრო მარტივად, სირცხვილის და დიდი ალიაქოთის გარეშე ავუხსნით ამ ყველაფერს, მით უფრო ნაკლებად დაიწყებს ბავშვი ჩაძიებას. ისინი უფრო  გვეკირკიტებიან და გვეძიებიან, როცა გრძნობენ,  ჩვენ რაღაც უხერხულობა გვაქვს ამ თემასთან მიმართებაში. 

სხვადასხვა ასაკში, როგორ გამოიხატება სექსუალობა ბავშვებში?

3-დან 5 წლამდე ბავშვებმა უკვე იციან სხეულის ნაწილს რა ჰქვია, რა ფუნქცია აქვს ფიზიოლოგიურად. ხუთი წლის  მერე ისიც იციან, რომ არის გარკვეული ქმედებები, რომლებიც უნდა გააკეთონ მარტომ (მაგალითად, ტუალეტის ჩვევა), რომ სხეულის გარკვეული ნაწილები მხოლოდ მათ უნდა დაინახონ და სხვამ არა. ამ ასაკის ბავშვების მშობლებისგან ხშირად  ისმის წუხილი, რომ ბავშვი ხელს კიდებს სასქესო ორგანოს. ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენა. მშობლებმა  ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ მსგავსი საქციელი არ გააკეთონ სხვების დასანახად. ამ ასაკში ეს არის მათი ბუნებრივი ინტერესი, აინტერესებთ როგორი აგებულება აქვთ. პრობლემა  მაშინ არის, თუ ეს ინტენსიურად და ხშირად ხდება. ბავშვის მიერ  ხელის მოკიდება ინტიმურ ადგილებში არ არის მასტურბაციის მსგავსი, რომელსაც მოზარდი გადის,  როდესაც პუბერტატი უდგება. ამ ასაკში ეს არის უფრო მგრძნობელობითი ადგილების და არეების კვლევა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა სექსუალობაზე, ეს ბევრისთვის დისკომფორტია, რადგან წარმოიდგენს, რომ პუბერტატის ასაკის ან ზრდასრული ასაკის ადამიანის სექსუალობის მსგავსია. ასე არ არის. ეს არის სხეულის აღმოჩენა, მგრძნობიარე ადგილების აღმოჩენა და ექსპერიმენტირება. მაგრამ, თუკი ხდება ზრდასრული ადამიანის სექსუალობის იმიტაცია, ასეთ შემთხვევაში ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიექცეს.

5-დან 8 წლამდე ბავშვებმა უმეტესად იციან ინფორმაცია, ხვდებიან რომ მათი სხეული იცვლება, თამაშობენ შეყვარებულობანას და ა.შ. ნამდვილი სექსუალობა, როგორც ჩვენს გვესმის, იწყება 11-13 წლის ასაკში და  ესეც  ინდივიდუალურია, რადგან პუბერტატის ასაკი უფრო და უფრო იწევს დაბლა.

რაში დაეხმარება ბავშვებს ეს ინფორმაცია მომავალში?

თუ ჩვენ, უფროსები ჩვენს თავში მოვიშორებთ  სირცხვილის და ტაბუს  განცდას, მივხვდებით, რომ ბავშვებთან ამ თემაზე საუბარი არც ისე რთულია, რადგან ბავშვები ამხელა მნიშვნელობას არ ანიჭებენ ამ საკითხს, თუ  ჩვენ ტაბუ არ დავადეთ. სწორად მიწოდებული ინფორმაცია კი მათ ჰარმონიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. როდესაც ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას სხეულის ფუნქციონირებაზე, ამით მათ ვარიდებთ საეჭვო და გაურკვეველი ინტერპრეტაციით შეთხზულ ამბებს სექსუალობის თემებზე. ჩვენ  უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები საუბრობენ ამ თემაზე და პირველივე კითხვაზე,  არ უნდა გავაცდინოთ შანსი, რომ ჩვენ  მოვუყვეთ, თუ არა და  სხვა მოუყვება, დაზიანებული და დამახინჯებული ფორმით,  რის შედეგადაც  ჩვენ დავკარგავთ ნდობას ბავშვის თვალში და ასეთი  საკითხებით ჩვენთან აღარ მოვა. ხოლო, თუ გვინდა, რომ ბავშვი დავიცვათ, სიტუაცია ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ. როდესაც ბავშვი პუბერტატს მიაღწევს და მისთვის სექსუალობა ურთულესი პრობლემა იქნება, რადგან ვერ გაიაზრებს რატომ იზრდება ასე სწრაფად, რატომ ამოსდის თმა, რატომ ეზრდება მკერდი, ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯებით, იქნებ ავაცილოთ ეს ზედმეტი ემოციური პრობლემები  დამატებით, რადგან ეს ისედაც მრავლად ექნება. 

რა იქნება თქვენი რჩევა მშობლებისთვის?

სანამ ბავშვებს დავუწყებდეთ ამაზე ლაპარაკს, მანამდე ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად ინფორმირებულნი. ჩვენ თავად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ  ამით ბავშვი არ გაირყვნება და  არ გაფუჭდება. სექსუალობაზე კითხვები გარედან არ მოდის, ეს ბუნებრივი პროცესია და გვინდა ეს ჩვენ თუ არა, ბავშვი ამ საკითხით თავისით დაინტერესდება. ამ დროს, ჩვენ თუ გვრცხვენია, გვეშინია და დაურწმუნებლები ვართ, რომ ეს საკითხი სასირცხვილოა, ჩვენს ემოციებს ბავშვს გადავდებთ. ანუ, ეს კითხვები ბავშვებს ისედაც ებადებათ და მე – მშობელი, ვუპასუხებ თუ არ ვუპასუხებ, კითხვები მაინც იქნება და მე ჩემი საუბრით კი არ ვიწვევ ამას, არამედ არსებულ სიტუაციაზე ვაკეთებ რეაქციას. “როგორ ჩნდება ბავშვი?” – სამყაროს მოწყობის ერთ-ერთი კითხვაა და არ უნდა გავურთულოთ ბავშვებს ეგზისტენციური კითხვები და შიშები, საიდან მოვედით და სად მივდივართ.  ისინი ისედაც  თავისით მიაგნებენ ამ შიშებს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5