Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ბონდინგი?

როდესაც ექსპერტები ბონდინგზე საუბრობენ, გულისხმობენ მშობლების ძლიერი მიჯაჭვულობის განვითარებას შვილთან. ეს ის გრძნობაა, რომელიც „გაიძულებთ“ გამოხატოთ მის მიმართ სიყვარული და ალერსი და დაიცვათ ის ყველა სიტუაციაში. 

რა მოხდება, თუ თავიდანვე ვერ ვიგრძნობ ბონდინგს  შვილთან?

ნუ ღელავთ. ზოგჯერ, ბონდინგს დრო სჭირდება. თუ თქვენ ზრუნავთ ბავშვის ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და ეალერსებით მას, ის არ შეწუხდება იმით, თუ პირველივე ნახვაზე არ იგრძნობთ მასთან ემოციურ კავშირს.

ზოგიერთი მამა დანახვის წუთიდან გრძნობს სიახლოვეს შვილთან, ზოგს კი ამისთვის მეტი დრო სჭირდება (ასეა დედების შემთხვევაშიც) და  ეს ნორმალურია. მით უმეტეს დედამისზე ზრუნვასა და უძილობის ფონზე.

როგორ შევუწყო ხელი ბონდინგის განვითარებას?

ბონდინგი დროთა განმავლობაში ძლიერდება ბავშვზე ყოველდღიური ზრუნვის წყალობით. ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები დაგეხმარებათ ამ პროცესში:

  • კანი-კანთან კონტაქტი. ერთმანეთთან შეხება დაგამშვიდებთ თქვენც და ბავშვსაც, ამიტომ ხშირად დაიჭირეთ ხელში და მოეფერეთ.
  • ელაპარაკეთ და უმღერეთ რეგულარულად, ისე, რომ მისი სახე ახლოს იყოს და თვალებში უყურებდეთ.
  • ეთამაშეთ ყოველ დღე. ახალშობილებსაც ისევე სიამოვნებთ თამაში, როგორც დიდ ბავშვებს. თქვენი და თქვენი პარტნიორის თამაშის სტილი განსხვავებული იქნება და ეს ნორმალურია. პატარას ორივესთან თამაში ეყვარება.
  • ატარეთ თქვენი პატარა სლინგით ან „კენგურუთი“ სეირნობისას ან თქვენი ყოველდღიური რუტინის დროს.
  • წაუკითხეთ რეგულარულად. კითხვისას ბავშვი გყავდეთ თქვენთან ახლოს.
  • გაიმეორეთ მისი მოძრაობები, ბგერები და სხვა ხმები. ეს მასთან კომუნიკაციის პირველი ნაბიჯებია.
  • ესაუბრეთ ბავშვს დღის განმავლობაში. პირველ ჯერზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საკუთარ თავს ესაუბრებით, მაგრამ თუ განაგრძობთ, ეს უფრო და უფრო ბუნებრივი გახდება.

როგორ შემიძლია ბონდინგის დამყარება, როდესაც ჩემს პარტნიორს ძუძუთი კვებაზე ჰყავს ბავშვი?

მხოლოდ ის, რომ თქვენი პარტნიორი ძუძუთი კვებავს ბავშვს, არ ნიშნავს რომ თქვენ მშობლობის გარეთ ხართ – თქვენი შვილის მოვლა გუნდური ძალისხმევაა. როდესაც ბავშვი დანაყრებულია, შეგიძლიათ თქვენ ჩაერთოთ – აბუქნაოთ, უმღეროთ, ეთამაშოთ ან უბრალოდ დაიჭიროთ ამოსაქარვებლად.

თქვენ შეგიძლიათ შეენაცვლოთ ხოლმე პარტნიორს კვების დროს და ბოთლით აჭამოთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი ბავშვს. ასე თქვენ და თქვენს პატარას დამატებითი დრო გექნებათ ბონდინგისათვის, პარტნიორს კი – დასვენებისათვის. ეს მშვიდი შუაღამის კვება, როდესაც მხოლოდ თქვენ და თქვენს პატარას გღვიძავთ, შეიძლება მართლაც განსაკუთრებული იყოს.

რა მოხდება, თუ ისევ ვერ ვიგრძნობ შვილთან კავშირს?

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუკი ბავშვთან დისტანცირებულად გრძნობთ თავს და თქვენი მიჯაჭვულობის გრძნობების წახალისების მცდელობები არ „მუშაობს“. შესაძლებელია, განწყობის დარღვევა ერეოდეს ამ პროცესში.  დიდი ხანი არ არის, რაც ექსპერტებმა შენიშნეს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია – მდგომარეობა, რომელიც როგორც წესი ახალბედა დედებს უკავშირდება, შესაძლებელია მამებსაც დაემართოს.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, ახალბედა მამების 10%-ს შესაძლოა განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. სხვა კვლევები გვიჩვენებს, რომ ახალი მამების 4-დან 25 %-მდე შეიძლება განიცდიდეს ამ მდგომარეობას, რომელიც როგორც წესი ჩნდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 3-6 თვის შემდეგ. მიმართეთ სპეციალისტს, თუ  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება:

  • აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა
  • წონის შესამჩნევი კლება ან მატება
  • გადაღლილობა ან ენერგიის დაკარგვა
  • გაღიზიანება
  • დაურწმუნებლობა
  • იმპულსური ან ძალადობრივი ქცევა
  • ძილის პრობლემა ან გადამეტებულად ჭარბი ძილი
  • ძლიერი ღელვის, უსარგებლობის, ბრალეულობის შეგრძნება
  • ფოკუსირების შეუძლებლობა
  • საკუთარი თავისთის ან სხვებისთის ზიანის მიყენების ფიქრები
  • ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება

ნუ იგრძნობთ თავს დარცხვენილად დახმარებისა და მკურნალობის ძიებისას – ეს საუკეთესოა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენთის და თქვენი ოჯახისათვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5