პლატფორმას „დედამ იცის“ ესაუბრება პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
რა განაპირობებს რაქიტს ბავშვებში?
რაქიტის განმაპირობებელი ფაქტორი საკმაოდ ბევრია. შესაბამისად, რაქიტის კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალია დეფიციტში – კალციუმი (კალციპენიური) თუ ფოსფორი (ფოსფოპენიური).
კალციპენიური განპირობებული შეიძლება იყოს: D ვიტამინის ნაკლებობით, D ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაქმნის პრობლემით, კალციუმის მიღების ნაკლებობით, კალციუმის შეწოვის პრობლემებით.
ფოსფოპენიური განპირობებულია თირკმლის მიერ ფოსფორის კარგვით ან ფოსფორის დეფიციტით.
რა საგულისხმო ნიშნებს გამოყოფდით?
თვალსაჩინო ნიშნები, რომელიც შეიძლება მშობელმაც შეამჩნიოს, არის ყიფლიბანდის დახურვის დაგვიანება, დიდი შუბლი, რბილი ქალის ძვლები. ამ შემთხვევაში პედიატრის კონსულტაცია უპრიანი იქნებოდა.
რა როლს ასრულებს D ვიტამინი ბავშვის ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში?
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინს სხვა ფუნქციებიც აქვს, ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში მისი როლი არის უმნიშვნელოვანესი, რამეთუ იგი იღებს მონაწილეობას კალციუმის შეწოვაში, სისხლში კალციუმისა და ფოსფორის დონის შენარჩუნებაში.
საჭიროა თუ არა D ვიტამინის მიღება ზაფხულში და რატომ?
D ვიტამინის დეფიციტი განვითარებამ და თანამედროვე ცხოვრების წესმა მოიტანა ანუ იმან, რომ მზეზე გასვლა ნაკლებად გვიწევს, მით უმეტეს, ბავშვებს 24 თვემდე. ამის გამოა, რომ ამ ასაკში რეკომენდაცია გაიცემა D ვიტამინის სუპლემენტაციაზე. სხვა მხრივ მიღებულია, რომ შუადღის მზეზე 15 წუთით გასვლა მაშინ, როდესაც კანის დიდი ნაწილი შიშველია და მზეს ეფიცხება, სავსებით საკმარისია დღიური მარაგის შესავსებად. თუ ეს შეუძლებელია, ამ დროსაც, მაგალითად, ზამთარში, როდესაც კანის მცირე ნაწილი ეფიცხება მზეს, შეგვიძლია დავნიშნოთ D ვიტამინი.
რამდენად სახიფათოა დოზების თვითნებური განსაზღვრა?
როგორც წესი უსაფრთხო ზედა დოზები საკმაოდ მაღალია, თუმცა უპრიანია დოზა განსაზღვროს პედიატრმა და არა – პაციენტის მშობელმა თვითონ.