Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ძუძუთი კვების გამოცდილება ყოველი დედისთვის განსხვავებულია. თითოეული ბავშვი უნიკალურია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა პირველი შვილი იქნება თქვენთვის თუ გამოცდილი დედა ხართ – ძუძუთი კვება იქნება სწავლის პროცესი.

თუ ძუძუთი კვებას გადაწყვეტთ, მშობიარობიდან მალევე, მაქსიმუმ 1 საათში უნდა ჩაუდოთ ძუძუ თქვენს ახალშობილს, რომელმაც უნდა ისწავლოს, როგორ

  • მოეჭიდოს ძუძუს;
  • წოვოს;
  • ყლაპოს.

თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ

  • პოზაში აჭამოთ ბავშვს;
  • დააკვირდეთ და მიჰყვეთ მისი შიმშილის ნიშნებს;
  • მართოთ თქვენი რძის რაოდენობა და ძუძუს ჯანმრთელობა.

პირველი დღეები და კვირები

რძის ჩადგომა

ბავშვის დაბადებისთანავე (ხანდახან ორსულობაშივე), თქვენი ძუძუ იწყებს სქელი, მოყვითალო ნივთიერების – ხსენის გამოყოფას. ის სავსეა იმ საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომლებიც საჭიროა ახალშობილის იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

თავიდან ხსენის რაოდენობა არ იქნება ბევრი, თუმცა პირველ 2 დღეში მოიმატებს და ის სავსებით აკმაყოფილებს ახალშობილების უმეტესობის საჭიროებებს. ძუძუთი კვების დაწყებისთანავე, თქვენი პატარა დაიწყებს წოვას, რათა აცნობოს თქვენს ორგანიზმს, რომ რძე სჭირდება.

უმეტეს შემთხვევაში, ხსენი მშობიარობიდან მე-3 დღეს გადაიქცევა თხელ, მოთეთრო რძედ, თუმცა პირველი ლაქტაციის დროს, შესაძლებელია უფრო მეტი დრო დაგჭირდეთ. როგორც წესი, რძის ჩადგომის დროს ძუძუ გადაივსება, ხდება მძიმე და ჩვეულებრივზე თბილი. თქვენი პატარა დაიწყებს უფრო ხშირად ჭამას.

რძის გამოჟონვა

როდესაც თქვენი ძუძუ რძით გაივსება, შესაძლებელია ძუძუსთავიდან გადმოვიდეს, იმის მიუხედავად  იმ დროს ბავშვი ჭამს თუ არა. შეგიძლიათ ლიფში ერთჯერადი ან მრავალჯერადი საფენების ჩადება.  თუმცა, დროთა განმავლობაში, თქვენი სხეული მიეჩვევა ძუძუთი კვებას და შესაძლებელია ვერ იგრძნოთ რძის ჩადგომა.

გამაგრება

დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თქვენი მკერდი შეიძლება გახდეს უფრო დიდი, მკვრივი, თბილი და არასასიამოვნო, რადგან თქვენი სხეული ეგუება რძის წარმოებას. როგორც კი თქვენი ძუძუ შეეჩვევა რძით შევსებას და დაცლას, ეს უნდა გაუმჯობესდეს. ხშირი კვება ხელს უწყობს გამაგრების თავიდან აცილებას და დისკომფორტის შემცირებას.

მტკივნეული ძუძუსთავები

ძუძუთი კვების დასაწყისში თქვენი ძუძუსთავები შეიძლება მტკივნეული და მგრძნობიარე გახდეს. განსაკუთრებით, თუ ბავშვი არასწორად ეჭიდება.

ტკივილი ძუძუთი კვების დროს

თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს, ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მტკივნეული. ტკივილი შესაძლებელია სადინარის დახშობასთან, გამაგრებასთან ან სარძევე ჯირკვლის ინფექციასთან იყოს დაკავშირებული.  

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მქონე დედებს შეუძლიათ ძუძუთი კვების გაგრძელება. არსებობს ანტიდეპრესანტები, რომლებიც დაშვებულია ლაქტაციის დროს.

ძუძუთი კვების უკუჩვენებები

ადამიანის რძე წარმოადგენს საუკეთესო საკვებს ახალშობილთა უმეტესობისთვის, ნაადრევად დაბადებული და მოავადე ახალშობილების ჩათვლით. ამასთან, არსებობს იშვიათი გამონაკლისები, როდესაც დედის რძე ან ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. ბავშვისმხრივი უკუჩვენებია:

  • გალაქტოზემია;
  • ფენილკეტონურია (ზოგ შემთხვევაში);

დედისმხრივი უკუჩვენებებია:

  • შიდსი;
  • ადამიანის T-უჯრედული ლიმფოტროპული ვირუსი.
  • ებოლას ვირუსი.

კბილების ამოჭრა/კბენა

თქვენ შეგიძლიათ ძუძუთი კვება გააგრძელოთ მას შემდეგაც, რაც ბავშვს კბილები ამოუვა. რადგან ისინი წოვისთვის ენას იყენებენ და არა კბილებს. თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს, თქვენ ვერ უნდა იგრძნოთ კბილები ძუძუთი კვების დროს. თუმცა, კბილების ამოჭრის დროს შესაძლებელია ბავშვმა გიკბინოთ წოვის დროს.

ძუძუთი კვებაზე უარის თქმა

ზოგჯერ ჩვილები მოულოდნელად წყვეტენ ძუძუთი კვებას.  ეს როგორც წესი, დროებითია და რამდენიმე დღის შემდეგ თქვენი ბავშვი კვლავ ხალისით დაიწყებს წოვას. შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს კბილების ამოჭრა, ავადობა, სტრესი, გარემოს შეცვლა ან ზრდის დღეები. ამ დროს აჭამეთ მშვიდ სივრცეში ან მაშინ, როცა ეძინება ან მოდუნებულია, შესთავაზეთ ბოთლით თქვენი რძე, ხშირად ჩაეხუტეთ და აუცილებლად რეგულარულად გამოიწველეთ რძე, რათა შეინარჩუნოთ რძის საკმარისი რაოდენობა, რადგან პატარა მალევე გადაწყვეტს, დაუბრუნდეს ძუძუს.

ძუძუთი კვების გადაჩვევა

ძუძუთი კვება რეკომენდებულია მინიმუმ 1 წელი და დედისა და შვილის სურვილის გათვალისწინებით შესაძლებელია გაგრძელდეს 2+ წელი.

გაეცანით ჩვენს სტატიას ძუძუთი კვების გადაჩვევასთან დაკავშირებით – https://dedamicis.ge/rogor-gadavachviot-bavshvi-dzudzuti-kvebas/

წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5