Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბუნებრივია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის მამა მათ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ  შეიძლება თქვენთვის მტკივნეული იყოს და გაგიჭირდეთ მათზე პასუხის გაცემა, ამ კითხვების იგნორირება არ შეიძლება. თქვენ შეიძლება არ გსურდეთ ბავშვებისთვის მამის არყოფნასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გამხელა და არსებობს გზები, რათა მათ ეს ინფორმაცია ისე მიაწოდოთ, რომ თავი დაცულად იგრძნონ. დაგეგმეთ, რა უნდა ითქვას, როდის და როგორ.

მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რა კითხვებს დასვამს თქვენი შვილი, ასევე წინასწარ მომზადებული პასუხები დაგეხმარებათ, დაუცველად არ იგრძნოთ თავი, როდესაც ბავშვი მამის შესახებ შეგეკითხებათ.

მამის არყოფნასთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული კითხვები

ბავშვები ხშირად სკოლამდელი ასაკის პერიოდში იწყებენ მამის შესახებ კითხვების დასმას და ყველაზე გავრცელებული კითხვებია:

  • ვინ არის მამაჩემი?
  • რატომ არ ცხოვრობს ჩვენთან?
  • დაბრუნდება?
  • როდის შემიძლია გავიცნო?
  • ვენატრები?
  • რატომ ჰყავთ სხვა ბავშვებს მამები და მე არა?

სამწუხაროდ, არ არსებობს ერთი ახსნა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენი ბავშვების ინტერესს. უფრო მეტიც, შეიძლება მათ მრავალჯერ დასვან ერთი და იგივე კითხვები ამასთან დაკავშირებით.

უბრალოდ იყავით ღია და ხელმისაწვდომი. კითხვების დასმის ნება მიეცით თქვენს შვილს და ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, როდესაც თქვენი შვილი ამ პროცესს უმკლავდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ასაკის ბავშვები ეგოცენტრული აზროვნების გამო ფიქრობენ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს და ხშირად მამის არყოფნაში საკუთარ თავს იდანაშაულებენ. შესაბამისად, დარწმუნდით, რომ ისინი ასე არ ფიქრობენ.

განიხილეთ სასაუბრო თემები

შეეცადეთ წინასწარ მოამზადოთ თქვენს შვილთან სასაუბრო თემები იმ დროისათვის, როცა ის კითხვების დასმას დაიწყებს. შეარჩიეთ კონკრეტული სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც ბავშვთან საუბრისას გამოიყენებთ. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მარტივად ახსნათ თუ რატომ არ არის მამა თქვენთან ერთად. თქვენ ასევე თავი უნდა აარიდოთ მის გაკრიტიკებას და რამდენიმე დადებითი კომენტარი გააკეთოთ მასზე.

თუ ეს შესაძლებელია, ახსნის დროს უნდა ახსენეთ მიზეზი, რომელიც თქვენმა ყოფილმა პარტნიორმა გითხრათ წასვლის წინ. მაგალითად,

  • ის მამობისთვის მზად არ იყო.
  • ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვცხოვრობდით.
  • მას დრო სჭირდებოდა საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახსნა-განმარტებები არ ამართლებს მის გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ, ბავშვებისთვის საჭიროა მათი მიწოდება, რადგან მიხვდნენ, რომ მამის არყოფნა მათი ბრალი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გაიგონ, რომ არაფერი გაუკეთებიათ, რაც მამას წასვლას აიძულებდა. ამის ხაზგასმამ შეიძლება ბევრჯერ მოგიწიოთ, სანამ საბოლოოდ დაიჯერებენ. ბევრ ბავშვს სჯერა, რომ ეს მათი ბრალია და არ არიან სიყვარულის ღირსი. შესაბამისად, თქვენ ყველა შესაძლებლობის გამოყენება მოგიწევთ მათ გადასარწმუნებლად.

უთხარით სიმართლე

გაითვალისწინეთ თქვენი შვილების ასაკი, როდესაც გადაწყვეტთ მათთვის სიმართლის თქმას. მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად კმაყოფილდებიან მარტივი პასუხით. უფრო დიდი ბავშვებისთვის კი რეალურად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რატომ არ არის მათთან მამა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გააცნობიერებენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის.

არ უთხრათ შვილებს, რომ მათი მამა გარდაიცვალა, თუ ეს ასე არ არის. საბოლოოდ, სიმართლე გაირკვევა და ისინი გაბრაზდებიან თქვენზე, როცა გაიზრდებიან. შეიძლება მათ არ მოეწონოთ სიმართლე, მაგრამ საბოლოოდ დააფასებენ ამას. მიაწოდეთ ფაქტები ისე, რომ თქვენი პირადი  გრძნობები, შიშები და შფოთვები თავს არ მოახვიოთ ბავშვებს.

აღიარეთ მათი განცდები

როდესაც თქვენი შვილები გაგიზიარებენ განცდებს მამასთან დაკავშირებით, ყურადღებით მოუსმინეთ. ნუ ეცდებით მათ შესწორებას, უბრალოდ, გაუხმოვანეთ თავიანთი ნათქვამი.

უთხარით „მე ვიცი, რომ ძნელია“ და „მე ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ. ზოგჯერ მეც ვბრაზდები“. ეს შესანიშნავი საშუალებაა, შვილებმა იგრძნონ, რომ გესმით მათი გრძნობების. ნუ უგულვებელყოფთ მათ გრძნობებს, ნუ ეტყვით, რომ დაივიწყონ, ან „რაც არის, ეს არის“. მსგავსი რამ ვერ დაეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ ემოციების სიმრავლეს.

თავი აარიდეთ მამის გაკრიტიკებას

როდესაც შვილს მარტო ზრდით, თქვენ გაცნობიერებული გაქვთ, როგორი მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ მის გაკრიტიკებას შვილების თანდასწრებით. და მაინც, თქვენ მოგიწევთ უარყოფით ამბებზე საუბარიც, რადგან თუ თქვენ არ აუხსნით მათთვის საინტერესო ამბებს, ისინი თვითონ ეცდებიან ამოხსნას და შეიძლება მცდარი აზრებით უფრო დიდი დარტყმა მიადგეს მათ თვითშეფასებას, ვიდრე სიმართლით.

არც თუ იშვიათად, ბავშვებს აინტერესებთ, მამასავით „ცუდი“ თუ არიან. ამიტომ მოუყევით მამის რამდენიმე დადებითი თვისების შესახებ.

სიტუაციის შესამსუბუქებლად წინასწარ ჩამოწერეთ რას იტყვით ბავშვების მამასთან დაკავშირებით, ამ გზით თავიდან აიცილებთ თქვენი ბრაზის, შიშის ან სევდის გამჟღავნებით იმ მომენტში. რა თქმა უნდა, თქვენი ეს განცდები სავსებით მისაღებია, მაგრამ არ არის სასურველი ამ ემოციებით შვილების დატვირთვა.

საერთო ჯამში, თქვენ გიწევთ ბეწვის ხიდზე გავლა – ერთის მხრივ იმის ახსნა, თუ რატომ არ არის მამა თქვენთან, მეორეს მხრივ – მათ შორის უფსკრულის გაღრმავებისათვის თავის არიდება. თუკი მომავალში შესაძლებელია ურთიერთობების განახლება, თქვენ არ გენდომებათ იყოთ იმის მიზეზი, რომ ბავშვს არ უნდოდეს თქვენთან არმყოფ მამასთან კავშირის აღდგენა. ასე, რომ, ჩაურთეთ რამდენიმე პოზიტივი მამის შესახებ და პირადული თქვენთვის მოიტოვეთ.

გაუზიარეთ სასიამოვნო  მოგონებები

გაუზიარეთ შვილებს მათ მამასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონებები. მათზე დაყრდნობით ბავშვები წარმოიდგენენ, როგორი პიროვნებაა მათი მამა და როცა გაიზრდებიან, ეს ყველაფერი დაეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორი პიროვნებები არიან თავად.

განსაზღვრეთ მამის ფიგურა მათ ცხოვრებაში

ზოგჯერ ბავშვები განიცდიან, რომ მათი ოჯახი სხვა ოჯახებისგან განსხვავდება. ამ დროს, აუხსენით, რომ თითოეული ოჯახი განსხვავებულია. ზოგიერთი ბავშვი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობს, ზოგიერთი მინდობით აღზრდის პირობებშია, ზოგ ბავშვს ორი მამა ჰყავს და არცერთი დედა. თქვენმა შვილმა უნდა მიიღოს მისი სიტუაცია და არ უნდა გრძნობდეს თავს, თითქოს რაღაც აკლია. ბოლოსდაბოლოს, თქვენ საკმარისზე მეტი სიყვარული გავთ მისთის მისაცემად.

ასევე სასარგებლოა, თუ განუსაზღვრავთ მამის ყველა ფიგურას მათ ახლანდელ ცხოვრებაში. ეს შიძლება იყოს ბაბუა, ბიძა, მეზობელი, ოჯახის მეგობარი, ვისაც სურვილი ექნება დრო გაატაროს თქვენს შვილთან იმ სიცარიელის ამოსავსებად, რომელსაც შესაძლოა ის განიცდიდეს.

დაეხმარეთ ამ ფაქტთან გამკლავებაში

როდესაც ბავშვებს მამა ტოვებს, მათ მუდმივად და განმეორებით უნდა შევახსენოთ, რომ ეს მათი ბრალი არ არის. ამის გამეორებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ვიდრე მიტოვებულობის გრძნობას გაუმკლავდებიან.

სიტუაციასთან გამკლავების ერთი გზა ემოციური მდგრადობის ჩამოყალიბებაა. მაგალითად, წაახალისეთ მადლიერება და პოზიტიური აზროვნება, როდესაც ისინი დიდ დროს უთმობენ მამის არყოფნის ფაქტს. დაეხმარეთ, შეადგინონ სია ყველაფრისა, რისი მადლიერებიც არიან, აგრეთვე იმისა, რის გამოც თავს ბედნიერად გრძნობენ.

შემდგომში, როდესაც ექნებათ ცდუნება, თავი იგრძონ მოწყენილად ან იმედგაცრუებულად მათი მდგომარეობის გამო, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ამ სიას და განაახლონ ის. ან შეუძლიათ წაიკითხონ ეს სია და კონცენტრირდნენ ცხოვრების დიდებულ მომენტებზე.

უარყოფით გრძნობებთან გამკლავების სხვა გზაა მეხსიერების ქილა, როგორც ყველა იმ პოზიტიური მოვლენის სამახსოვრო, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა. ამ ქილის გამოყენება შეიძლება ბავშვის უხასიათობისას იმ ყველაფრის შესახსენებლად, რის გამოც თავი ბედნიერად უნდა იგრძნონ.

დღიურის წარმოება, ლოცვა და მედიტაცია ასევე სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობენ ნეგატიური გრძნობებისგან განტვირთვას. და თუ გრძნობთ, რომ ბავშვს დამატებით სჭირდება დახმარება, ესაუბრეთ თქვენს პედიატრს.

დაბოლოს

გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილთან ყველა ეს საუბარი მამის შესახებ სიყვარულით უნდა იყოს „შეფუთული“. მამის არყოფნის ფაქტს თქვენ ვერ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ შეახსენოთ შვილებს, რომ თქვენ ხართ მათთან, არსად წასვლას აპირებთ და თქვენი სიყვარული სრული და უპირობოა.

წყარო: https://www.verywellfamily.com/how-to-talk-to-children-about-absentee-fathers-2997224

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5